როგორ დავნერგოთ ქოუჩინგის სისტემები?


ზოგადად მსოფლიოშიც და საქართველოშიც, აქამდე თანამშრომლების პერიოდული გადამზადება და სწავლება ხდებოდა ერთი და იგივე ტრენინგების მეშვეობით წელიწადში ან ექვს თვეში ერთხელ. სამწუხაროდ, ამ მიდგომას ძალიან მოკლევადიანი შედეგები აქვს, რადგან ასეთი გზით მიღებული ინფორმაცია არ არის საფუძვლიანი, დიდი ხნის განმავლობაში არ ამახსოვრდებათ თანამშრომლებს და როგორც წესი, ვერ იყენებენ პრაქტიკაში.

თანამედროვე ბიზნესში აღარ იყენებენ ტრენინგების მეთოდოლოგიას, არამედ იყენებენ ქოუჩინგის სისტემას. დღეს უკვე ხშირ შემთხვევაში ხელმძღვანელი აღარ მოიხსენიება როგორც მენეჯერი და მას ქოუჩს უწოდებენ. რეალურად ეს არც არის გასაკვირი, რადგან როდესაც შენ ხარ ხელმძღვანელი, შენ უნდა იყო პასუხისმგებელი თანამშრომლების განვითარებაზე და უნდა ზრუნავდე მათ კარიერულ წინსვლაზე.

ქოუჩინგის სისტემის მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ის არის მუდმივი პროცესი. ამ დროს ხელმძღვანელმა და თანამშრომელმა უნდა დაისახონ მიზნები, თუ რას უნდა მიაღწიონ უნარ-ჩვევების განვითარების თვალსაზრისით გარკვეული პერიოდის შემდეგ და მინიმუმ ყოველკვირეულად ქოუჩმა მისცეს გარკვეული რჩევები დაქვემდებარებულს, თუ როგორ გააუმჯობესოს ესა თუ ის მაჩვენებელი.

ასევე არსებობს სხვა  მოდელებიც, როდესაც სხვა თანამშრომელი და  არა უშუალოდ ხელმძღვანელი არის ხოლმე ქოუჩი, ის არის პასუხისმგებელი შესაბამისი კადრის აღზრდაზე და მისი წლიური შეფასება გარკვეულწილად დაკავშირებულია აღსაზრდელის ეფექტიანობასთან და შედეგებთან. ქოუჩი და მისი აღსაზრდელი თანამშრომელი ადგენენ განვითარების გეგმას, თუ რას უნდა მიაღწიოს მან და ამისათვის რა უნდა გაკეთდეს ორივე მხარის მიერ.

მთავარი იდეა არის ის, რომ თანამშრომლების აღზრდა-განვითარება შესაძლებელია და ეს უნდა იყოს მუდმივი პროცესი. შესაბამისად, ყველას უნდა ჰყავდეს თავისი ქოუჩი, რომელიც უშუალოდ მის განვითარებაზე იზრუნებს.

თუ ამას კარგად გააანალიზებთ და დანერგავთ მსგავს სისტემას, თქვენი კომპანია გაიზრდება, წინ წავა და უკეთეს შედეგებსაც მიიღებთ, რადგან ასეთ შემთხვევებში ტოპ მენეჯერის იდეოლოგიის ჩამოტანა ხდება კონკრეტულ თანამშრომლებთან, რომლებიც მუშაობენ და ყოველდღიური ურთიერთობა აქვთ კლიენტებთან და ავტომატურად ეს იდეოლოგია დაიყვანება ნებისმიერ რგოლზე.

ყველაფრის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, რომ ქოუჩინგ სისტემის დანერგვით კომპანიის მოგების გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას სისტემატიური ხასიათი ექნება და ტოპ მენეჯმენტის მხრიდანაც იქნება დიდი ჩართულობა, სხვა შემთხვევაში ვერაფერი ვერ შეიცვლება კომპანიაში.

| გააზიარე
მოგწონთ?