გაითვალისწინე 4 რჩევა - გახდი პროფესიონალი (ნაწილი #1)


ვაგრძელებთ წინა სტატიას, რომელიც შეეხებოდა პროფესიის არჩევას. მის დასასრულს ვთქვით, რომ შემდეგი სტატია, საკმაოდ ბევრი მსურველის თხოვნით,

შეეხებოდა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს - „რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ შერჩეულ სფეროში ჩამოვყალიბდეთ პროფესიონალად“.

მსგავს თემაზე დაახლოებით 1 წლის წინ ვწერდი, მაგრამ  დღევანდელ პოსტში შევეცდები მოგაწოდოთ  უფრო კონკრეტული და პრაქტიკული რეკომენდაციები.

კარგია თუ თქვენ უკვე შეარჩიეთ თქვენთვის მიმზიდველი პროფესია. ხოლო იმისათვის რომ გახდეთ წარმატებული თქვენს საქმეში, აუცილებელია შემდეგი წესების მიხედვით მოქმედება:

1.შეარჩიეთ იდეალი - მიუხედავად თქვენი პროფესიისა, თქვენ აუცილებლად უნდა გყავდეთ მისაბაძი ერთი პიროვნება მაინც,  რომლისგანაც ისწავლით რაც შეიძლება მეტს. ასეთი იდეალი შეიძლება იყოს რამდენიმე განსხვავებული ადამიანი, რომელთაც აქვთ თქვენთვის საჭირო სხვადასხვა თვისებები. პირადად მე,  მისაბაძი 10-მდე  იდეალი მყავს. ნიშანდობლივი ფაქტია, რომ როცა სხვა ადამიანისგან მაგალითის აღებას ცდილობ,  დროთა განმავლობაში ეს პროცესი ავტომატურ ხასიათს იღებს და  როგორც ადამიანი სისტემატიურად  ვითარდები საჭირო მიმართულებით. როდესაც არ იცით რა მოიმოქმედოთ, უბრალოდ ჰკითხეთ თქვენს თავს, თუ როგორ მოიქცეოდა თქვენი იდეალი ამ სიტუაციაში. ამ წესის გამოყენება ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეუძლია, განსხვავება მხოლოდ მასშტაბებშია და შესაბამისად არ აქვს მნიშვნელობა  შემდუღებელი იქნებით, მარკეტოლოგი, იურისტი, მებაღე თუ სხვა ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელი.

2.გააანალიზეთ მიღებული გამოცდილება - ესეც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თვისებაა იმისათვის, რომ გახდეთ პროფესიონალი, ვინაიდან  გამოცდილება წარმატების ფორმულის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია, თუმცა აუცილებელია მისი გარკვეული მართვა და ორგანიზება. რეკომენდაცია მდგომარეობს შემდეგში -  საჭიროა მიღებული გამოცდილების ანალიზის საფუძველზე  დადებითი და უარყოფითი თვისებების გამიჯვნა და რაც მთავარია ამ ყველაფრის ისე შესწავლა, რომ მომავალში თქვენმა გონებამ, მსგავს სიტუაციაში მოხვედრისას, იმოქმედოს ავტომატურად, ინტუიციურად. ალბათ დამეთანხმებით, რომ ყველას სურს ჰქონდეს კარგი ინტუიცია და როგორც აღვნიშნე შესაძლებელია ინტუიციის გამომუშავების დაჩქარება,  ამისათვის კი საჭიროა მიღებული გამოცდილების გაანალიზება. ამ რეკომენდაციის გათვალისწინებით, თქვენ 50%-ით უფრო სწრაფად მიიღებთ გამოცდილებას და გაცილებით სწრაფად აიმაღლებთ პროფესიონალიზმს.

გაითვალისწინე 4 რჩევა - გახდი პროფესიონალი (ნაწილი #2)

| გააზიარე
მოგწონთ?