მოგების ზრდა მომავლის სწორად ხედვის საშუალებით


დღევანდელ სტატიაში მინდა ვისაუბრო, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს გარკვეული მოვლენების წინასწარ განჭვრეტას. იმ შემთხვევაში, თუ ამ ყველაფერს პრაქტიკაში გამოიყენებთ, გააკეთებთ ტრენდების ანალიზს და დაინახავთ ბევრ საინტერესო ინფორმაციას.

 

ზოგადად ლიდერები იყოფიან საშუალო და ტოპ ლიდერებად, რომელთა შორის ძირითადი განსხვავება არის ის, რომ საშუალო ლიდერები აკვირდებიან მომხმარებლებს, კონკურენტებს, მაგრამ ყოველთვის დღევანდელ დღეზე აკეთებენ აქცენტს და არ ფიქრობენ მომავალზე. სინამდვილეში, კომპანიის მოგების გაზრდისთვის აუცილებელია ლიდერები ორიენტირებულნი იყვნენ მომავალზე, რადგან ხშირად რთულია რადიკალური ცვლილებებით და დიდი ნახტომებით მოგების გაზრდა, ხოლო თუ მომავლის სწორად დანახვას შეძლებენ, ამ მიზანს უფრო მარტივად მიაღწევენ.

 

რა სიტუაციაა ბაზარზე? ბაზარზე არის გარკვეული ტრენდები, შესაბამისად ის თვითონ მიგვანიშნებს, თუ რა მიმართულებით განვითარდება მოვლენები, რა მოთხოვნილებები გაუჩნდებათ მომხმარებლებს. სიტუაციის მსგავსი ცვლილების მაგალითია Apple-ს მიერ ბაზარზე აიფონების გამოტანა, რის შემდეგაც სხვადასხვა კონკურენტმა კომპანიებმა დაიწყეს ახალ მიმართულებებზე მუშაობა, სმარტფონების რაოდენობის გაზრდა და ახალი ფუნქციური მახასიათებლების დამატება. დღეს კი აშკარად ჩანს ტრენდი, რომლის მიხედვითაც მობილურებს ექნებათ ყველა ის ფუნქცია, რომ  შეძლებენ კომპიუტერების ჩანაცვლებას.

 

მსგავსი ტრენდები ბაზარზე ძალიან ხშირია,  მთავარია ის, რომ ლიდერმა შეძლოს ამ ყველაფრის კარგად დანახვა, ბაზარზე მიმდინარე ცვლილებების ანალიზი და პროგნოზირება. ხოლო ის, ვინც მოახერხებს ამას და გააანალიზებს მომხმარებლების ახალ და განსხვავებულ მოთხოვნილებებს, გახდება გამარჯვებული და მისი კომპანია მოიპოვებს კონკურენტულ უპირატესობას, რაც საბოლოოდ, მთლიანი კომპანიის მოგების ზრდაზე აისახება.

 

მე მოგცემთ ორ მნიშვნელოვან რჩევას, თუ რა მიმართულებით ჯობია დააკვირდეთ ტრენდებს:

1.კლიენტები - დააკვირდით რა სურთ კლიენტებს, რა არის ის, რისი შეცვლაც მათ უნდათ? ასევე რა არის ის, რაც ადრე მოსწონდათ, მაგრამ ახლა აღარ აინტერესებთ? რის მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებას გახდნენ თქვენი კლიენტები? შეხედეთ ამ ყველაფერს წლების ჭრილში და თქვენ დაინახავთ ტრენდს და მიხვდებით,  რა ენდომებათ მათ მომავალში.

2.მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება არის თანამშრომლები, მათი მოთხოვნები იცვლება დროის განმავლობაში და ასევე იცვლება მოთხოვნილებები შემოსავლების მიმართ. ის, რაც ამოტივირებდათ მათ რამდენიმე წლის წინ, აღარ ამოტივირებთ დღეს. გააანალიზეთ ეს ყველაფერი, რათა დაინახოთ რა ამოტივირებს თანამშრომლებს ყველაზე მეტად იმისათვის, რომ შემდეგ ამ ყველაფერზე შესაბამისად ფოკუსირდეთ.

 

 

| გააზიარე
მოგწონთ?