შეცდომა, რომელიც არ უნდა დაუშვას ცხოვრებაში ბიზნესმენმა


ჩემი გამოცდილებიდან მინდა გავიხსენო ერთი ისტორია კომპანიის ტოპ მენეჯერის შესახებ, რომელმაც მიიღო ბევრი არასწორი გადაწყვეტილება, დაუშვა გარკვეული შეცდომები და მსურს გაგიზიაროთ ეს, რათა თქვენ დაზღვეულები იყოთ მსგავსი სიტუაციებისგან.

 

საქმე ეხებოდა კომპანიას, რომელიც ძველი მმართველობის პერიოდში გაკოტრდა და გადაეცა ახალ მმართველს. ეს ყველაფერი ბევრ დავასთან, სასამართლო განხილვასთან და კონფლიქტურ სიტუაციასთან იყო დაკავშირებული, ხოლო ის ადამიანი, რომელიც დაითხოვეს, არ აღიარებდა თავის შეცდომებს.

 

რეალურად, შეცდომების არ აღიარება ძალიან ცუდია, რამაც შეიძლება უარეს შედეგებამდე მიგვიყვანოს. შეცდომების აღიარება პოზიტიურ ჭრილში უნდა მოხდეს, ისე, რომ ამ ყველაფემა ერთგვარი მოტივაცია გაუჩინოს ადამიანს.

 

მმართველმა, რომელზეც დღეს ვსაუბრობ, დააარსა სხვა კომპანია, ძველი კომპანიის ერთგვარი კონკურენტი, თუმცა აქაც დაუშვა ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარკეტინგული შეცდომა, რომლის შესახებაც სახელმძღვანელოებშიც კი გვაფრთხილებენ. მან დაიწყო ფასების ომი, რის შედეგადაც იმდენად შეუმცირდა მარჟა, რომ ფინანსური პრობლემების წინაშე დადგა და მოუწია დამატებითი სახსრების მოზიდვა საკუთარი ფინანსების ხარჯზე. ამ შემთხვევაშიც კი, ის პრინციპულად არ ცვლიდა სტრატეგიას და სურდა ძველი კომპანიის გაკოტრება, თუმცა ამით ზიანი თავის ახლანდელ კომპანიას მიაყენა.

 

აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რამდენად სწორად დავსახავთ ჩვენს სტრატეგიას. კომპანიის მართვისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ საფასო ომს არ მოაქვს კარგი შედეგი, მეტიც, ის შეიძლება დამღუპველიც კი აღმოჩნდეს კომპანიისთვის. პრინციპულობა ძალიან კარგია, თუმცა ყოველთვის  არსებობს ზღვარი.

 

ამ დამფუძნებელმა ზედმეტი პრინციპულობით კიდევ ერთხელ გააკოტრა უკვე ახალი კომპანია და ისევ თავიდან ჰქონდა ყველაფერი დასაწყები.

 

შესაბამისად, გაითვალისწინეთ ეს გამოცდილება, არასდროს ჩაერთოთ საფასო ომში, ხოლო როდესაც რაიმე ისე არ წავა, როგორც გეგმავდით, ნუ იქნებით იმდენად პრინციპულები, რომ ამით ხელი შეუშალოთ უკეთეს გადაწყვეტილებებს და დაღუპოთ თქვენი კომპანია.

 


დავით კენჭაძე

| გააზიარე
მოგწონთ?