წინასწარ განსაზღვრეთ თქვენი კონკურენტების სვლები


წარმატებული კომპანიები ყოველთვის ზრუნავენ კონკურენტების პერიოდულ კვლევაზე, თუმცა სამწუხაროდ ქართული კომპანიების უმეტესობაში არ ხდება კონკურენტების დეტალური შესწავლა. როგორც წესი, საქართველოში სხვადასხვა სფეროებში მოღვაწე მენეჯერებმა უკეთეს შემთხვევაში კონკურენტების პირობები მხოლოდ ზედაპირულად იციან.


კონკურენტების კვლევა უნდა განხორციელდეს გარკვეული პერიოდულობით, კონკრეტული საჭიროების არსებობის შემთხვევაში. თუმცა წარმატებისათვის მნიშვნელოვანია, რომ წინასწარ შეგეძლოთ კონკურენტების ქცევის განსაზღვრა. კონკურენტების კვლევის დროს უნდა მოხდეს მათი დეტალური შესწავლა, მათ შორის პროდუქციის ფასების, უშუალოდ პროდუქციის მახასიათებლების, მარკეტინგული აქტივობის, დამატებითი შეთავაზებების და ა.შ. ყველაზე მცირე ინფორმაციაც კი კონკურენტების შესახებ, შესაძლებელია დაგეხმაროთ გამარჯვების მოპოვებაში. გახსოვდეთ, წარმატება დეტალებშია. რა თქმა უნდა, თუ ოპერაციების, ან კონკურენტების ფინანსების შესახებ მოიპოვებთ დამატებით ინფორმაციას ძალიან კარგი იქნება, თუმცა ამის განხორცილება მისტიური მომხმარებლის საშუალებით შეუძლებელია, ამისათვის საჭიროა ალტერნატიული ხერხების გამოყენება.

ბიზნესში მუშაობს იგივე პრინციპი რაც ჭადრაკში. ვისაც უყვარს ჭადრაკის თამაში დამეთანხმება, რომ წარმატების მისაღწევად, როგორც შენი, ისე შენი კონკურენტების სვლები წინასწარ უნდა განსაზღვრო. ზუსტად ანალოგიურად არის ბიზნესშიც. მნიშვნელოვანია, რომ წინასწარ შეგეძლოთ კონკურენტების სვლების პროგნოზის გაკეთება. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც კარგად შეისწავლით კონკურენტების შიდა პროცესებს, მათ ქცევას, კომპანიის მენეჯმენტის ხედვას და სტრატეგიას. კიდევ ერთი კარგი მეთოდი — დააყენეთ თქვენი თავი კონკურენტის ადგილას, დაფიქრდით რას მოიმოქმედებდით ამ კონკრეტულ შემთხვევაში.

დამეთანხმებით, რომ კონკურენცია ეხმარება ქვეყნის ეკონომიკის და უშუალოდ ბაზრის განვითარებას. ჩვენ მომავალში კიდევ გვექნება საუბარი კონკურენციის შესახებ, თუმცა ამ ეტაპზე, მინდა გითხრათ მნიშვნელოვანი წესის შესახებ. მარკეტინგულ პრაქტიკაში არსებობს ე.წ დაუწერელი კანონი, რომლის მიხედვითაც დაუშვებელია საფასო კონკურენცია კომპანიებს შორის იმიტომ, რომ ასეთი ბრძოლა შეიძლება გახდეს დამღუპველი ამ ომში მონაწილე ორივე მხარისათვის და თუ ისინი ბაზრის ლიდერები არიან, მაშინ ეს შეიძლება დამღუპველი იყოს მთლიანად დარგისათვის.


 

| გააზიარე
მოგწონთ?