როგორ მივმართოთ უფროსს?


პრაქტიკაში გვხვდება დასაქმებულ ადამიანთა სამი კატეგორია: პირველი არის ადამიანი, რომელიც თავის უფროსს ესაუბრება ''თქვენობით'' და ''ბატონობით'', მეორე ტიპის ადამიანები კი საკმაოდ უხეშად, პირდაპირ შენობით და ''ძმაოთი'' მიმართავენ უფროსს და მესამე ტიპი, რომლებიც საუბრობენ ძალიან ჩვეულებრივად, ზედმეტი მეგობრობისა და ოფიციალურობის გარეშე.

ზოგადად მენეჯმენტში არის მარტივი პრინციპი, როდესაც თქვენ ხართ ხელმძღვანელი უნდა დაალაგოთ  ურთიერთობა თქვენს თანამშრომლებთან დაბალანსებულად, ისე, რომ  ''არც მწვადი დაწვათ და არც შამფური'' რაც ნიშნავს შემდეგს: თქვენს თანამშრომლებს უნდა ჰქონდეთ თქვენი იმედი. კი არ ეშინოდეთ, არამედ რიდით და  პატივისცემის მაღალი გრძნობით იყვენენ აღსავსენი თქვენს მიმართ. თუმცა, ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიხატოს მხოლოდ ფორმულირებაში და სიტყვებში.

მე ვიცნობ, ხელმძღვანელებს, რომლებსაც უყვართ როცა მათი დაქვემდებარებულები ''თქვენობით'' ესაუბრებიან და უფრო მეტიც, ''ბატონოთი'' მიმართავენ მათ. წარმოიდგინეთ, რომ ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც არის თქვენი ასაკის ან თქვენზე უმცროსი, ითხოვს ესეთ მიმართვას, ეს თანმშრომლებს ძალიან არ მოსწონთ და არ სიამოვნებთ, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, ბავშვობიდანვე გვასწავლიდნენ, რომ თქვენობით ჩვენზე გაცილებით უფრო დიდი ასაკის ადამიანებისთვის მიგვემართა.

მაგრამ ასევე ვიცნობ ადამიანებს, მათ შორის დიდი ასაკისა და დიდი მაშტაბის ლიდერებს, რომლებიც კატეგორიულად უარყოფენ მათთან ''ბატონოთი'' საუბარს და არავითარ შემთხვევაში არ აძლევენ თავის თანამრომლებს უფლებას, რომ მას ''თქვენობით'' ელაპარაკონ.

ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის თვითონ დამოკიდებულება, რას ფიქრობს ის ადამიანი, რომელიც თქვენს დაქვემდებარებაშია. ასეთ მიდგომისას ის ფიქრობს, რომ თქვენ ხართ ძალიან უშუალო, მეგობრული ადამიანი, გვერდში მდგომი და ბედნიერია, რომ  არ აძლევთ მას უფლებას თქვენობით და ზედმეტი ოფიციალურობით გესაუბროთ. მითუმეტეს ყველა ხელმძღვანელის ფუნქციაა, დაუახლოვდეს თავის თანამშრომლებს და მათ კი არ ეშინოდეთ, არამედ პატივსცემდნენ საკუთარ მენეჯერს, ჰქონდეთ მისი რიდი, თუმცა ამავდროულად არ მოერიდონ დახმარების თხოვნას საჭიროების შემთხვევაში. ეს არის თანამშრომელთა მოტივაციით მართვის წესი.

და ბოლოს, გამოვიყენებ სტატიას და ხაზს გავუსვამ, რომ პირადად ჩემთვის მიუღებელია ''თქვენობით-ბატონობით'' მომართვა და მათ, ვინც ყოველდღიურად მიგზავნით შეტყობინებებს, მირეკავთ თუ უბრალოდ რჩევას მეკითხებით, გთხოვოთ, ნურასოდეს მომმართავთ ამ ფორმით.

| გააზიარე
მოგწონთ?