როგორ გავუშვათ თანამშრომლები სამსახურიდან?


თანამშრომლის სამსახურიდან გაშვება ძალიან რთული პროცესია და ყველა მენეჯერს ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან უჭირს, თუმცა ასეთი შემთხვევები მაინც ხდება. ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი ცალსახად დამნაშავეა და იმსახურებს სამსახურიდან გაშვებას. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც უბრალოდ იძულებული ხარ მიიღო მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება და დაემშვიდობო შენი გუნდის წევრს. ყველა შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ გაშვების პროცესი პროფესიონალურად და სამართლიანად გქონდეს შესრულებული.

დღეს მსურს სწორედ ამ თემაზე ვისაუბრო და მოგცეთ რჩევები, თუ როგორ გაუშვათ თანამშრომელი ასეთი საჭიროების შემთხვევაში. პირველ რიგში რაზეც უნდა გაამახვილოთ ყურადღება არის ის, რომ ადამიანი, რომელიც თქვენთან ერთად მუშაობდა, თქვენი მეგობარია, რომელთანაც ცხოვრების გარკვეული პერიოდი გაქვთ გატარებული. შესაბამისად ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს ისე, რომ მაქსიმალურად შემსუბუქებული იყოს მისთვის. არ უნდა დაგავიწყდეთ ისიც, რომ თქვენს გადაწყვეტილებაზე დამოკიდებულია მისი ოჯახი და ბევრი სხვა ადამიანი.

მსურს ხაზი გავუსვა იმას, რომ გაშვების პროცესი თქვენ, როგორც კეთილმა და მზრუნველმა ადამიანმა, უნდა გახადოთ მაქსიმალურად უმტკივნეულო და არგუმენტირებული.

ყველაზე საშინელი მომენტია ის, როდესაც ზოგჯერ ადამიანებს სამსახურიდან უშვებენ ყოველგვარი შეხვედრისა თუ ახსნა-განმარტების გარეშე. აუცილებელია, რომ შეხვდეთ, დეტალურად განუმარტოთ მიზეზი, თუ რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, მხარში დაუდგეთ, დაამოტივიროთ ის ადამიანი ისე, რომ მან აუცილებლად შეძლოს მალევე ახალი სამსახურის პოვნა. კარგი იქნება, თუ ასევე მისცემთ რეკომენდაციის წერილს სხვა სამსახურისთვის და მაქსიმალურად თბილად დაემშვიდობებით.

აღსანიშნავია ისიც, რომ სანამ უშუალოდ ამ გადაწყვეტილებას გააცნობთ მას, კიდევ ერთხელ დაფიქრდით, რამდენად სწორ არჩევანს აკეთებთ? ხშირად არის შემთხვევები, როდესაც ადამიანებს უშვებენ სამსახურიდან მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ ეწყობიან ერთმანეთს, რაც არასწორია და ბუნდოვანი მიზეზების გამო არ ღირს თანამშრომლის გათავისუფლება.

შესაბამისად, ჯერ კარგად დაფიქრდით, რამდენად სწორი გადაწყვეტილება გაქვთ მიღებული და თუ ეს მართლაც აუცილებელია, მოიქეცით ისე, რომ სამსახურიდან გაშვებით დიდი ტკივილი არ მიაყენოთ თქვენს თანამშრომელს.

იყავით ჯერ ადამიანი, შემდეგ კი ხელმძღვანელი, აუხსენით, დაელაპარაკეთ მეგობრულად, გამოხატეთ პატივისცემა და აგრძნობინეთ, რომ ეს დასასრული არ არის და მომავალში ყველაფერი საუკეთესო წინაა! ამით თქვენს იმიჯსაც მაღალ დონეზე წარმოაჩენთ და თანამშრომელსაც გაუმარტივებთ ამ პროცესის გადატანას.

| გააზიარე
მოგწონთ?