რისგან უნდა შედგებოდეს კომპანიის ბიზნეს გეგმა?


სიმართლე გითხრათ, საკმაოდ ბევრი შემთხვევა გვქონია ქართულ კომპანიებთან ურთიერთობის დროს, როდესაც ვეკითხებით, რა მიზნები გაქვთ, რას გსურთ რომ მიაღწიოთ. შეიძლება გარკვეულ შემთხვევებში დამალო ეს საკითხი და არ გსურდეს მისი გაზიარება, თუმცა საბოლოო ჯამში იმ დასკვნასთან მივდივართ, რომ ძირითადად მათ არ აქვთ მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზნები. ბოლოს კი იკვეთება ისიც, რომ ისინი არა მხოლოდ მიზნების გარეშე არიან, ბიზნეს გეგმაც კი არ აქვთ შედგენილი, არც ფინანსური გათვლები აქვთ და ისე მართავენ ბიზნესს. წარმოიდგინეთ, რამდენად ეფექტიანი იქნებოდა მათთვის, რომ ეს ყველაფერი კარგად ჰქონდეთ განსაზღვრული.

 

დღეს მსურს მოგიყვეთ იმ 9 ძირითადი თავის შესახებ, რასაც ბიზნეს გეგმა უნდა შეიცავდეს.

1. ბიზნეს გეგმა იწყება ზოგადი მონახაზისგან. ეს არის შესავალი, მისია, სურვილები, რაზეც იქნება ბიზნეს გეგმაში საუბარი.

2. მეორე მკვეთრად განსაზღვრული მიზნებია, რომელიც იქნება დროში გაზომვადი.

3. მესამეა ბაზრის ანალიზი, რა ხდება ბაზარზე, რაზეა მოთხოვნა, რა სურთ მომხმარებლებს, რა შეიძლება დასჭირდეთ მათ, რას სთავაზობენ კონკურენტები, რა არის მათი უპირატესობა, როგორ არის ბაზარი განაწილებული და ა.შ.

4. პროდუქცია, რა ვაწარმოოთ, რა სჭირდებათ მომხმარებლებს, რა მახასიათებელი უნდა ჰქონდეს პროდუქტს, რა შედეგს უნდა იძლეოდეს მოხმარების შედეგად და ა.შ.

5. მეხუთე ეს არის მარკეტინგი, რაც პროდუქტს და მომხმარებელს შორის არსებულ დეტალებზეა პასუხისმგებელი, მათ შორის როგორი შეფუთვა, ინსტრუქცია უნდა ჰქონდეს პროდუქტს, როგორ უნდა მიაწოდო ის მომხმარებლებს, როგორ უნდა მართო ციფრული მედია, სატელევიზიო, რადიო განთავსება, პიარი, ბრენდინგი და ა.შ.

6. მეექვსე ტექნოლოგიებია. რა თქმა უნდა, პროდუქტსაც გააჩნია და ყველასთან მიმართებაში არ არის აუცილებელი ტექნოლოგიებზე საუბარი, თუმცა თუ ეს არის მაღალტექნოლოგიური წარმოების პროდუქტი, იქ აუცილებელია მოვიყვანოთ გარკვეული მაგალითები, თუ რა როგორ უნდა გაკეთდეს, რომ მივიღოთ საბოლოო პროდუქტი.

7. მეშვიდე ეს ორგანიზაციული სტრუქტურაა, რომელიც გულისხმობს ვინ იქნება კომპანიის მენეჯმენტში, რამდენი თანამშრომელი იქნება საჭირო, რა KPI-ს უნდა მიაღწიონ და ა.შ.

8. მერვე თავი ფინანსებს უნდა დაეთმოს, სადაც შედის ბიუჯეტი, ქეშ-ფლოუ, მოგება-ზარალის უწყისი, ბალანსი და ყველანაირი ფინანსური გათვლა, რაც ბიზნეს გეგმასთან არის დაკავშირებული.

9. ბოლო საკითხი საკუთრება, სამართლებრივი ფორმა და წილების გადანაწილებაა.

როდესაც თქვენ დაიწყებთ ბიზნეს გეგმაზე მუშაობას, მიუხედავად იმისა, ეს არის Startup- თუ უკვე არსებული ბიზნესი, გირჩევთ გამოიყენოთ ეს ყველაფერი და გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ თქვენი შედეგები აუცილებლად გაიზრდება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ დაიწყეთ ამ ყველაფრის წინასწარ დაგეგმვა.

| გააზიარე
მოგწონთ?