კორპორატიული კულტურა ზრდის კომპანიის მოგებას


ყველა კომპანიას უნდა ჰქონდეს თავისი ღირებულებები, თავისი კორპორატიული კულტურა, თავისი კრედო. სხვადასხვა ორგანიზაციაში სხვადასხვა მენეჯერი ამ ყველაფერს ზემოთ ჩამოთვლილ სახელებს უწოდებს, თუმცა საქმე არა სახელებში, არამედ ზოგადად მათ შინაარსშია.

პირადად მე, აქტიურად ვიყენებ კორპორატიულ კულტურას, სადაც გაერთიანებულია ყველა დეტალი, რომელიც ეხება გუნდის სულისკვეთებას.

სიმართლე გითხრათ, ორგანიზაციების 90-95% მსგავსი არაფერი აქვთ. თუმცა არც მხოლოდ ფიზიკური არსებობაა ამ მხრივ გადამწყვეტი. საუბარი მაქვს იმ ორგანიზაციებზე, რომლებსაც კორპორატიული კულტურა აქვთ  მოცემული დოკუმენტის სახით და ეს ყველაფერი არ აქვს გათავისებული მის არც ერთ წევრს.

რა შეიძლება იყოს კორპორატიულ კულტურიაში გაერთიანებული? ეს არის ერთგვარი კონსტიტუცია, თამაშის წესები, გარემოს აღწერილობა, როგორ უნდა იმუშაოს თოთოეულმა გუნდის წევრმა. ხოლო როდესაც კორპორატიული კულტურა მხოლოდ ფურცელზეა დაწერილი ან ვებ-გვერდზეა განთავსებული მხოლოდ იმიჯისთვის და სხვისთვის წარმოსადგენად, სინამდვილეში კი არავის არ აქვს კარგად გააზრებული, ის მთელ თავის აზრს კარგავს.

ჩნდება კითხვა, როგორ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი გუნდი კორპორატიული კულტურის ქვეშ? მნიშვნელოვანია, რომ გუნდს ხშირად ვესაუბროთ მის შესახებ. ის ერთგვარი იდეოლოგიაა, რომელიც ყველამ უნდა გაითავისოს.

მაგალითად, ჩვენი საკონსულტაციო ჯგუფის კორპორატიული კულტურა მოიცავს სამოცზე მეტ პუნქტს, სადაც სხვადასხვა საკითხებია აღწერილი და მის გარშემო გვაქვს საკმაოდ აქტიური კომუნიკაცია. ხშირად ვახსენებთ საუბრებში, მიმოწერაში და ყველა იცავს იმ წესებს, რაც ჩადებულია მასში.

კორპორატიული კულტურა ეს არის იდეოლოგია, რომლის უარყოფის უფლება არ აქვს არავის, მათ შორის არც დამფუძნებელს. ეს არის პრიციპები, რომლებიც, პირველ რიგში, ხელმძღვანელობამ უნდა გაითავისოს კარგად, რადგან სხვა შემთხვევაში თანამშრომლები არ ირწმუნებენ მის შინაარსს.

რატომ კორპორატიული კულტურა? პასუხი მარტივია, მასში არის მოცემული იმ ნებისმიერ კითხვაზე პასუხი, რომელიც შეიძლება გაუჩნდეს თანამშრომელს.

როგორ დავნერგოთ კორპორატიული კულტურა? პირველ რიგში საჭიროა გუნდის შეკრება, ამ თემის განხილვა და ძირითადი სახელმძღვანელო წესების ჩამოყალიბება, კომპანიის მენეჯმენტის მიერ ამ პრინციპების პრეზენტაცია, კომუნიკაცია თანამშრომლებთან, თითოეული პუნქტის გაშიფვრა და ერთგვარი პირობების მიღება მათ დაცვასთან დაკავშირებით.

ხოლო მას შემდეგ, რაც ყველა კარგად გაიაზრებს კორპორატიულ კულტურას, საჭიროა მისი პერიოდული შეხსენება.

კორპორატიული კულტურა ლიდერობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც ზრდის თანამშრომლების მოტივაციას, უზრუნველყოფს მათ თანაბარუფლებიანობას, კლიენტებისადმი მოპყრობის წესებს.

შესაბამისად, გირჩევთ რაც შეიძლება მალე ჩამოაყალიბოთ თქვენი კომპანიის კორპორატიული კულტურა, იზრუნოთ მისი თოთოეული პუნქტის გათავისებაზე თანამშრომლების მიერ და ეს ყველაფერი საკმაოდ კარგ შედეგებს მოუტანს თქვენს კომპანიას.

| გააზიარე
მოგწონთ?