რატომ უნდა დავეხმაროთ სხვებს?!


ალბათ ძალიან ბევრ ჩვენგანს უფიქრია იმაზე, თუ რა გვინდა სხვა ადამიანებთან მიმართებაში. ჩემი დაკვირვებით, ადამიანთა უმეტესობას სურვილი აქვს გააკეთოს რაიმე კარგი სხვებისთვის, რადგან ეს დიდი სიამოვნების მომტანია მისთვის. ზოგჯერ თუნდაც ჩვენმა პატარა სიკეთემაც შეიძლება ძალიან გააბედნიეროს სხვა. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც უბრალოდ არ ფიქრობენ სხვებზე. მათ არ აინტერესებთ რას გრძნობენ დანარჩენები, რა უხარიათ ან რის გამო წუხან. ისინი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ და ვერაფერს ამჩნევენ თავის გარშემო. უფრო მეტიც, არიან ისეთებიც, ვისაც სხვების წვალებაც კი სიამოვნებთ. არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა იმისა, თუ რამდენად ბევრია ასეთი პიროვნების რიცხვი თუმცა ეს მთავარი არაა. მნიშვნელოვანია ის, თუ როგორი გვინდა ვიყოთ ჩვენ.

აუცილებელია ყველამ განსაზღვროთ, რომელი ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორიის წევრები გსურთ, რომ იყოთ, თუმცა თუ თქვენ მზრუნველი ადამიანების კატეგორიას აირჩევთ, მაშინ მინდა საინტერესო იდეა შემოგთავაზოთ, რაც ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში დაგეხმარებათ.

მოდით, დაისახეთ პატარა მიზანი. დაისახეთ დღეში თუნდაც ერთი ადამიანის გაბედნიერება. ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, თუ რას ვგულისხმობ ბედნიერებაში. აქ არ არის საუბარი ისეთ საქმეებზე, რომლებიც დიდ ენერგიას და ფულად სახსრებს საჭიროებს, არამედ იმ წვრილმანებზე, რომლის დახმარებითაც ადამიანებს თავს განსხვავებულად აგრძნობინებთ. უბრალოდ გაახარეთ დღეში მინიმუმ ერთი ადამიანი, გააკეთეთ ეს ყოველგვარი ანგარებისა და მოლოდინების გარეშე. ხოლო  მას შემდეგ, რაც შეეჩვევით და ეს თქვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცევა, ეცადეთ მათი რაოდენობა გაზარდოთ.

რა შეიძლება გავაკეთოთ ადამიანთა სხვადასხვა კატეგორიებისთვის? ზოგიერთს აბედნიერებს პატარა საჩუქარი, ზოგს თბილი სიტყვა, გვერდში დგომა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ თქვენ ნამდვილად გქონდეთ ამის სურვილი და მიზნად დაისახოთ სხვების მიმართ ყურადღების გამოჩენა, დანარჩენს კი ძალიან მარტივად მოახერხებთ. შესაბამისად არც ცხოვრება დაგრჩებათ ვალში და სანაცვლოდ ბევრ პოზიტივს მიიღებთ. 

გაითვალისწინეთ ეს რჩევა და დამიჯერეთ, რომ ამ ყველაფრის დახმარებით თქვენ გახდებით პიროვნულად ბევრად უკეთესი, დაიმსახურებთ უფრო მეტ პატივისცემას და მოიპოვებთ დიდ სიყვარულს სხვა ადამიანებისგან.

| გააზიარე
მოგწონთ?