არასდროს არ არის გვიან შეცვალო პროფესია


სამწუხაროდ, დღესდღეობით საქართველოში დასაქმება #1 პრობლემაა. მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ ამ ყველაფრის მიზეზი. ჩემი სუბიექტური აზრით, ასეთი სიტუაციის მიზეზად  ცალსახად  ბიზნესის ან სახელმწიფოს მიჩნევა არ არის მართებული იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში  პრობლემას კანდიდატის დაბალი პროფესიონალიზმი ქმნის. საშუალო დონის პროფესიონალების სამსახურში აყვანა პირადად ჩემთვისაც საკმაოდ დიდ თავისტკივილს წარმოადგენს, რაც როგორც ზემოთ ვახსენეთ ასეთი კადრების დეფიციტითაა გამოწვეული. განსაკუთრებით დიდ პრობლემას წარმოადგენს კვალიფიციური კადრის მონახვა აიტის და გაყიდვების მიმართულებით, რადგან ამ ორ სფეროში შეხვდებით მხოლოდ პროფესიონალებს ან მხოლოდ დამწყებებს, საშუალო ფენა კი თითქმის არ არსებობს.


რა არის ამ ყველაფრის მიზეზი? ამის მიზეზებია: განათლება, გამოცდილება და დასასაქმებელის პიროვნული თვისებები (პირველ რიგში მონდომება). სამწუხაროდ, ვიცნობ ბევრ ადამიანს, რომელიც უბრალოდ ელოდება იმ მომენტს, როდესაც ბედი გაუღიმებს და შესთავაზებენ მუშაობის დაწყებას მაღალანაზღაურებად სამსახურში, ხაზს გავუსვამ სიტყვა მაღალანაზღაურებადს, ვინაიდან  უმუშევრების უმეტესობას ფიქრიც კი არ სურს იმაზე, რომ შეიძლება საწყის ეტაპზე მაინც მოუხდეს დაბალი ხელფასის სანაცვლოდ მუშაობა და როგორც წესი საბოლოოდ,  უმუშევრობა და უბედობა შემოთავაზებულ დაბალ ხელფასს ბრალდება. ასეთი ადამიანების თითქმის 100% უშვებს ტოტალურ შეცდომას, რამეთუ ისინი არ ფიქრობენ მომავალზე, არ ითვალისწინებენ იმას, რომ თუ დღეს არ გახდნენ პროფესიონალები და დაუყონებლივ არ დაიწყეს ამაზე ზრუნვა, 5-10 წელიწადში ასაკის მომატებასთან ერთად გაიზრდება მათი პრობლემებიც და მუშაობის დაწყება ყოველდღიურად უფრო რთული გახდება.

ასეთი ადამიანების უმეტესობა ცდილობს მუშაობის საკუთარი პროფესიით დაწყებას, მიუხედავად იმისა, რომ ადრინდელი  საგანმანათლებლო სისტემის სისუსტის გამო, საკმაოდ დაბალი დონის  განათლება აქვთ მიღებული, რომელიც ყველაფერთან ერთად მოძველდა და ვეღარ აკმაყოფილებს დღევანდელ მოთხოვნებს. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქვეყანაში ფიზიკურად აღარ არის ბევრი ადრინდელი პროფესიის საჭიროება და თუ არის, მაშინ მოთხოვნებიც მაღალი და თანამედროვეა.

რა უნდა მოიმოქმედოს ასეთმა ადამიანმა? ჩემი რჩევაა გამოიყენოს მეთოდი - „აზროვნება ნულოვანი ზღვრიდან“, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანი შემდეგი სახის შეკითხვას უსვამს საკუთარ თავს: „მე რომ მცოდნოდა პროფესიის არჩევისას იმდენი, რამდენიც ვიცი ახლა, რა პროფესიას ავირჩევდი?“ ასეთ დროს გაითვალისწინეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნიუანსი: პირველი არის ის, რომ აუცილებლად უნდა მოგწონდეთ არჩეული პროფესია, მეორე - ამ პროფესიით სამსახურის დაწყება არ უნდა იყოს წარმოუდგენლად რთული და მესამე - შემოსავალი საწყის ეტაპზე უნდა იყოს თქვენთვის მისაღები.

მას შემდეგ რაც თქვენ გეცოდინებათ თუ რა გინდათ, მარტივად შეძლებთ მოქმედების დაწყებას, ანუ გააკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ გახდეთ პროფესიონალი თქვენს სფეროში. უფრო დეტალურად ამ საკითხებს შემდეგ სტატიაში განვიხილავთ.

| გააზიარე
მოგწონთ?