დააფასეთ ახლობელი ადამიანები


დღევანდელ სტატიაში მინდა ვისაუბრო ადამიანურ ურთიერთობებზე. ყველა ადამიანი ცხოვრების განმავლობაში დგას არჩევანის წინაშე - რა არის მისთვის ყველაზე პრიორიტეტული: სამსახური, ფული, ოჯახი, ჯანმრთელობა თუ სხვა რამ? ეს კითხვა დღეს ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა და მინდა სხვა მხრიდან დაგანახოთ ეს საკითხი.

დღეს ადამიანები თავისი ცხოვრების დიდ დროს უთმობენ კარიერას, ფულის შოვნას, თუმცა რეალურად რომ გავაანალიზოთ სიტუაცია, განა ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენს ცხოვრებაში? ბუნებრივია ამის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია, თუმცა მთავარია რა გვრჩება ბოლოს. თუ ვუშვებთ შეცდომას და შედეგად წარუმატებლობას ვიღებთ, ეს  ხომ მაინც დროებითი და დაძლევადია? ადრე თუ გვიან ადამიანები, რომლებსაც სურთ შეცვალონ ცხოვრება ამას ნამდვილად ახერხებენ, მაგრამ არის მოვლენები და სიტუაციები ცხოვრებაში, რასაც ჩვენ ვერ შევცვლით. მოდით ყველა დავფიქრდეთ და ვაღიაროთ, რომ მატერიალური და კარიერული საკითხები არ არის ყველაზე პრიორიტეტული ჩვენს ცხოვრებაში, შესაბამისად არ არის საჭირო დავხარჯოთ ამდენი ენერგია ამ ყველაფერზე. მითუმეტეს იმ საქმიანობაზე დროის დაკარგვა, რომელიც ვერც ამ მიზნებს გვისრულებს და არც სხვა არაფერს გვაძლევს  საჭიროა?

დაფიქრდით საიდან მოდის ყველაზე მეტი დადებითი ემოციები? ეს არის ურთიერთობები ახლობელ ადამიანებთან. რეალურად კარიერა, ფული და შეძენილი ქონება არაფერია, რადგან ეს არ არის ემოცია. ემოციები კი სწორედ ადამიანებს უკავშირდება და რჩება ცხოვრების ბოლომდე.

ჩემი რჩევაა ბევრი დრო დაუთმოთ არა სამსახურს, კარიერას, ფულს, ოჯახს თუ ჯანმრთელობას შორის არჩევანს, არამედ ემოციების შექმნას. გაატარეთ დრო მეგობრებთან, ახლობლებთან და განსაკუთრებით მშობლებთან. გახსოვდეთ, მოვა დღე, როცა ეს ადამიანები ჩვენთან ერთად აღარ იქნებიან და ძალიან ვინანებთ სოციალურ ქსელებში ყველა დაკარგულ წუთს და ინტერნეტში უაზროდ გატარებულ მომენტებს. კარგად დაფიქრდით, ფეისბუქი, საინფორმაციო გამოშვებების და გადაცემების ყურება, სხვა მსგავსი ტიპის საქმიანობა რა ტიპის ემოციებს ტოვებს? თუ დავუკვირდებით ვნახავთ, რომ არც არაფერს. ამიტომ მოდით ყველამ გავაანალიზოთ ჩვენი ცხოვრება და მივიღოთ გადაწყვეტილება გავატაროთ უფრო მეტი დრო ადამიანებთან და დავაგროვოთ რაც შეიძლება  ბევრი დადებითი ემოციები, რომლებიც სიცოცხლის ბოლომდე რჩებიან ჩვენთან.

| გააზიარე
მოგწონთ?