საუკეთესო ადგილი ინვესტირებისთვის


ყოველდღიურად, ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე ურთიერთობა მაქვს ძალიან ბევრ ადამიანთან. ვაკვირდები მათ ქცევებს, ოცნებებს, მიზნებს და დასკვნა, რომელიც შემიძლია ამ ყველაფრის შედეგად გამოვიტანო შემდეგია: მათი უმრავლესობა ოცნებობს საკუთარ ბიზნესზე, ისინი თანახმა არიან, რომ საკმაოდ დიდი თანხა ჩადონ ინვესტიციის სახით ბიზნესში, რაც შემდეგში ფულს მოუტანს მათ. განსაკუთრებით ეს ამბიცია ქართველებისთვისაა დამახასიათებელი, რომელთა ცხოვრებისეულ მიზნად საკუთარი ბიზნესის შექმნა იქცა.

მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამ ადამიანების უმრავლესობას ჰქგონიათ, რომ როგორც კი შექმნიან ბიზნესს, რომელიც დაიწყებს ფულის მოტანას, მათ აღარ მოუწევთ არაფრის კეთება და თანხას მხოლოდ დასვენებაში, მოგზაურობასა და გართობაში დახარჯავენ. არადა ბიზნესის სახეობათა 95%-ის შემთხვევაში ადამიანთა ჩართულობა და ეფექტური მენეჯმენტი აუცილებელია.

ხაზს ვუსვამ, რომ როდესაც საკუთარ ბიზნესში გადადიხართ გაცილებით მეტი შრომა, მონდომება და  პასუხისმგებლობაა საჭირო, რაც მარტივი ნამდვილად არ არის. თუმცა იცით რომელია ყველაზე მარტივი ბიზნესი?

ამ კითხვის პასუხი ყველამ ვიცით, თუმცა სათანადო ყურადღებას არავინ ვაქცევთ. მათ შორის საქართველოში ბიზნესის ეს მიმართულება არც ისე აქტუალურია. არადა პასუხი მარტივია - ეს ხომ საკუთარი თავია... ეს სფეროა, სადაც ყველანაირი ინვესტიცია გამართლებულია. უცხოეთში ადამიანები საკმაოდ დიდ ფულს დებენ საკუთარი თავის განვითარებაში. ისინი დადიან სემინარებზე, ესწრებიან სხვადასხვა ღონისძიებებს და აქვთ საინტერესო მასტერკლასები. ამ ყველაფერს კი აკეთებენ იმისათვის, რომ განვითარდნენ და გახდნენ უფრო მაღალი დონის პროფესონალები.

რეალურად თუ დავუკვირდებით საკუთარ თავს უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ ვართ ერთკაციანი კომპანიის მენეჯერები და ეს ჩვეულებრივი ბიზნესია. ჩვენ ვაკეთებთ გარკვეული თანხის ინვესტიციას საკუთარ თავში და ველოდებით ამ ინვესტიციაზე უკუგებას, რომელიც აუცილებლად დაბრუნდება. რაც ყველაზე მთავარია ეს არის ბიზნესი სახელად „მე“ყველაზე ხშირ შემთხვევაში ის მომგებიანი ბიზნესია, რადგან თითოეული ჩადებული დოლარი ან ლარი მინიმუმ ათმაგად გვიბრუნდება შემდეგი წლების განმავლობაში.

ასე რომ დაიწყეთ საკუთარ თავში ინვესტიციის ჩადება დღესვე და გახადეთ ბიზნესი სახელად „თქვენი სახელი და გვარი“ ყველაზე წარმატებული. დარწმუნებული ვარ კიდევ ერთხელ აღიარებთ, რომ მუდმივი სწავლა და განვითარება ის ჩვევაა, რომელიც მუშაობს 100%-ით, სწორედ ამიტომ დროა ამ ყველაფრის პრაქტიკაში დანერგვა ამ მომენტიდანვე დაიწყოთ.

| გააზიარე
მოგწონთ?