კომპანიის მოგების ზრდა დროის ეფექტურად მართვის საშუალებით


დღეს მე მოგცმეთ კიდევ ერთ რჩევას, თუ როგორ არის შესაძლებელი კომპანიის მოგების გაზრდა.

ზოგადად, ნებისმიერი კომპანიის უმთავრეს მიზანს მომგებიანობის ზრდა წარმოადგენს, შესაბამისად, ყველა თანამშრომელი, იქნება ეს ტოპ მენეჯერი თუ უშუალოდ შემსრულებელი, ამ მიზანზეა ორიენტირებული და ყოველთვის ფიქრობს, თუ რა შეიძლება დამატებით გაკეთდეს ამ მიზნის მიღწევისთვის.

დღევანდელი რჩევა ეხება დროის მართვას კომპანიაში. აქ არ არის საუბარი კლასიკური დროის მართვის რჩევების შესახებ, რომლებიც ადამიანებზეა გათვლილი. საქმე ეხება ბიზნესში დროის მართვას.

ყოველდღიურ საქმიანობაში შეიძლება მოხდეს შემთხვევები, როდესაც დაგეგმილი გაქვთ შეხვედრა, თუმცა კლიენტი დაგირეკავათ და მის გადადებას გთხოვთ . ამ დროს საშუალო მენეჯერები დათანხმდებიან და არ ექნებათ არანაირი პრობლემა სხვა დღეს შეხვედრაზე, ხოლო როდესაც მათ ჰკითხავთ, დაკარგეს თუ არა შემოსავლები, გაუკვირდებათ და გეტყვიან, რომ როცა შედგება შეხვედრა მაშინ შეთანხმდებიან ყველაფერზე და ეს არანაირ განსხვავებას არ გამოიწვევს. 

რას ამბობენ ამ დროს წარმატებული ადამიანები? ისინი ჩათვლიან, რომ მათ იზარალეს შეხვედრის გადადების გამო, რადგან დაკარგეს ერთი დღე და იმ გადაწყვეტილებას, რომელიც კლიენტთან დათქმულ თარიღში შეიძლება მიეღოთ, უბრალოდ ვეღარ დააბრუნებენ. მათთვის თუნდაც ერთი დღით დაგვიანებული კონტრაქტი, უკვე მიუღებელი შემოსავლებია, რადგან ეს ყველაფერი  გაცილებით ადრე უნდა ჰქონოდათ.

თანამედროვე ბიზნესში დროს არა მხოლოდ მართვის თვალსაზრისით, არამედ მოგების ჭრილშიც უყურებენ. თუ რაიმეს გაკეთება, პირობითად, ორშაბათს შეგიძლია და ეს ვერ მოახერხე, ნიშნავს, რომ იზარალე, რადგან სამშაბათს უკვე სხვა საქმის გაკეთება შეგეძლო და ფაქტიურად ერთი დღე დაკარგე.

იმის მიუხედავად, რომ ხშირად ჩემი რჩევები, იქნება ეს ვიდეოს, სტატიისა თუ აუდიოს სახით, ძირითადად ეხება შედეგების მნიშვნელობას, გაითვალისწინეთ, რომ დროის სწორად გამოყენებაც აუცილებელია. იყავით დროზე ფოკუსირებული. რა თქმა უნდა, შედეგების დადება მნიშვნელოვანია, თუმცა ეს უნდა მოხდეს შესაბამის დროში, რადგან ერთი დღით დაგვიანებული შედეგები აღარ არის ის, რაც უნდა ყოფილიყო წინა დღეს.

აქედან გამომდინარე, იფიქრეთ დროის გონივრულ გამოყენებაზე და ეს ყველაფერი თქვენი კომპანიის ჭრილში განიხილეთ. ეცადეთ, რომ დანერგოთ დროის მაქსიმალურად კარგად მართვის მეთოდები და  შედეგად თქვენი კომპანია გახდება გაცილებით ეფექტური და ოპერატიული, რაც საბოლოო ჯამში, თქვენი კომპანიის მოგების ზრდაზე აისახება.

| გააზიარე
მოგწონთ?