დავით კენჭაძის ინტერვიუ გაზეთ "ბანკები და ფინანსებში"


,,თუ ყოველ დღე 1 საათს კარგავთ სიგარეტის მოწევაში, მაშინ გადაამრავლეთ წელიწადში რამდენ დროს კარგავთ” 

ინტერვიუ ცნობილ ბიზნეს-ტრენერ და კონსულტანტ დავით კენჭაძესათან

თანამედროვე ბიზნესსამყაროში ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ცნებები, როგორებიცაა ლიდერობა, მენეჯმენტი, ეფექტური მართვა, თანამშრომლებთან კომუნიკაცია, მოტივაცია, ამ თემებზე არცთუ ისე ხშირად შევხვდებით საინტერესო ლიტერატურას, საიდანაც სწორ რჩევა-დარიგებებს მივიღებთ. ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენს ცნობილი ბიზნეს-ტრენერი და კონსულტანტი დავით კენჭაძე, რომლის მიერ დაფუძნებულ შემეცნებით ვებ-პორტალზე ყველა აღნიშნულ თემაზე ვიპოვით კვალიფიციურ პასუხებს. დავით კენჭაძე ,,ბანკები და ფინანსებს” ესაუბრება:

- რა არის მთავარი იმისათვის, რომ ადამიანი ლიდერად ჩამოყალიბდეს, მისი აღზრდა თუ მისი ბუნება და ინდივიდუალიზმი, რომელიც თავისთავად არის ან არ არის მიმართული ლიდერობისკენ?

- ძალიან საინტერესო და აქტუალური შეკითხვაა. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ლიდერად წარმოუდგენელია ჩამოყალიბდე და ლიდერად უნდა დაიბადო. სამწუხაროდ, მსგავსი რამის მტკიცება ძალიან რთულია და ალბათ არასწორი, იმიტომ, რომ რამდენი ადამიანიც არსებობს, იმდენი მიდგომა და დამოკიდებულება შეიძლება არსებობდეს ამ თემის ირგვლივ. აქედან გამომდინარე, ძალიან რთულია ერთმნიშვნელოვნად თქვა, რომ რომელიმე ადამიანი ან დაბადებულია ლიდერად, ან გაიზრდება ლიდერად, ანუ საკმაოდ საკამათო თემაა და ვერავინ ვერასდროს შეძლებს იმის დამტკიცებას თეორიულ დონეზეც კი, რომ მაინც და მაინც ერთ-ერთი საკითხი არის ის, რომელიც მუშაობს 100 პროცენტით. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ აღზრდაზეც ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული, იმიტომ, რომ შესაძლებელია ადამიანის ბუნებაში არსებული, რაღაც ლიდერული უნარჩვევები არასწორი აღზრდის შედეგად მოკლა. შესაბამისად ეს საკმაოდ ფართო თემაა, რომელზეც შეიძლება ვერასდროს შევთანხმდეთ.

- თქვენი აზრით, რა თვისებები უნდა ახასიათებდეს კარგ მენეჯერს და რა ძირითად შეცდომებს გამოყოფდით, რასაც მენეჯერები უშვებენ საქმიანობის განხორციელების დროს?

- რამოდენიმე მათგანზე გავამახვილებ ყურადღებას, მაგალითად მენეჯერები ნაკლებად აქცევენ ყურადღებას მათ დაქვემდებარებაში მყოფი კადრების ზრდას, მათ ქოუჩინგს და არ უთმობენ შესაბამის დროს თანამშრომლებთან კომუნიკაციას, იმას თუ როგორები უნდა იყვნენ, რას უნდა მიაღწიონ, როგორ უნდა გააკეთონ ესა თუ ის საქმე და შედეგად გამოდის რა? რომ უფროსი მუშაობს თავისთვის და დაქვემდებარებული მუდმივად ერთ პოზიციაზეა, ის არ იზრდება და მის მოტივირებასაც არავინ ახდენს. ამ შემთხვევაში ხდება კადრის დეგრადირება, მაშინ, როდესაც კარგი ხელმძღვანელი უნდა ფიქრობდეს იმას, რომ მის გუნდს შეუძლია აბსოლუტურად ყველაფრის გაკეთება და უნდა მუშაობდეს გუნდის გაძლიერებაზე და გუნდის შეკვრაზე, იმიტომ, რომ სულაც არ არის აუცილებელი ადამიანი, რომელიმე კონკრეტული საქმის მაღალი დონის პროფესიონალი იყოს იმისთვის, რომ კარგი ლიდერი გახდეს. თუნდაც მაგალითად ავიღოთ რომელიმე მინისტრი, არ არის აუცილებელი მინისტრი იყოს კარგი მცოდნე იმ სამინისტროს მიმართულებების,რომელსაც ხელმძღვანელობს. სულაც არ არის აუცილებელი, რომ კახი კალაძე იყოს ენერგეტიკოსი პროფესიით, მთავარია იყოს კარგი მენეჯერი და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იყოს კარგი ლიდერი, იმიტომ, რომ კარგ ლიდერს ჰყავს კარგი თანამშრომლები გარშემო, რომლებსაც შეუძლიათ კარგი საქმეების გაკეთება.

კიდევ ერთი გავრცელებული შეცდომა მენეჯერების მხრიდან არის მიდგომა თანამშრომლების მიმართ. არსებობს მენეჯერების კატეგორია, რომლებიც თვლიან, რომ თანამშრომელი უნდა ამუშაო სტრესში და შიშის ქვეშ, უნდა ეშინოდეთ რაღაცის არ გაკეთების იმიტომ, რომ თუ შეცდომას დაუშვებენ, ძალიან მკაცრად დაისჯებიან, ამისათვის მიიღებენ ჯარიმას ან საბოლოოდ გაუშვებენ სამსახურიდან.

არსებობს მენეჯერების მეორე კატეგორია, რომლებიც თვლიან, რომ პირიქით მსგავსი რამ არის დაუშვებელი და ამ შემთხვევაში, შენ მთელი გუნდი უნდა მართო მოტივაციის საშუალებით. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ლიდერები ძალიან ბევრ დროს უთმობენ თავიანთი თანამშრომლების მოტივირებას იმისთვის, რომ ისინი იყვნენ უფრო მეტად ,,მოქოქილები" საერთო მიზნის მისაღწევად. შიში და მოფერება არის ორი რამ, რაც შეიძლება შევადაროთ ერთმანეთს მმართველობით პროცესში. სამწუხაროდ ბევრი ადამიანი არსებობს, რომლებიც ფიქრობენ რომ შიშით მართვა არის ძალიან კარგი საშუალება. მე პირადად გამომიცდია ეს ჩემს თავზე და გეტყვით, რომ ძალიან საშინელებაა, მითუმეტეს როდესაც ხდება მოტივაციაზე ორიენტირებული ლიდერის ჩანაცვლება სტრესზე ორიენტირებული ლიდერით.

- თუ სტრესზე მომუშავე ლიდერი თავის დაქვემდებარებაში მყოფს ეუბნება, რომ თუ შენ ამას არ გააკეთებ, თვის ბოლოს ხელფასი ჩამოგეჭრება, მსგავსი მიდგომა როგორ მოქმედებს, იზრდება თუ არა შრომის ნაყოფიერება, როდესაც მთავარი მოტივაცია ხელფასია?

- ამას, ასე ვთქვათ, ინდივიდუალური გადაწყვეტა აქვს, რადგან ზუსტად ვერ იტყვი, თუ რომელი წესი არის სწორი. აშკარად სწორია წესი, რომ ორიენტირებული უნდა იყო მოტივაციაზე, თუმცა, თუ შეაშინებ თანამშრომელს და ეტყვი, რომ თვის ბოლოს ხელფასს დაუქვითავ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თანამშრომელი უკეთესად იმუშავებს, თუმცა, შეიძლება გარკვეულ კატეგორიაზე გაჭრას ამ წესმა. როდესაც ადამიანები მუშაობენ სტრესში, ისინი ფიქრობენ, გააკეთონ ის საქმე, რაც აქვთ დავალებული და არ ფიქრობენ იმის იქით მომავალზე, არ ფიქრობენ ამის გარეთ რა ხდება. მაშინ, როდესაც ადამიანები, რომლებიც არიან მოტივირებული და მონდომებულები, ფიქრობენ ბევრ რამეზე, აქვთ ახალი იდეები თუ რა უნდა გააკეთოს კომპანიამ, ეს იქნება ახალი პროდუქტი, სერვისი თუ ნებისმიერი რამ, რაც დაეხმარება მას, წავიდეს წინ და კიდევ ახალ წარმატებას მიაღწიოს. ეს არის ძირითადი განსხვავება.

რაც შეეხება მამოტივირებელ ფაქტორებს, მაგალითად ერთ საინტერესო კვლევას მოვიყვან, რომელიც აშშ-ში ჩატარდა, რის მიხედვითაც მოხდა კომპანიის ტოპ მენეჯმენტის და თანამშრომლების შედარება, თუ რომელი მამოტივირებელი ფაქტორები იყო უფრო მნიშვნელოვანი. გააკეთეს 10 პუნქტიანი ჩამონათვალი და თითოეულს, მენეჯმენტის გუნდს და თანამშრომლების გუნდს სთხოვეს მოენიშნათ ეს პუნქტები პრიორიტეტების მიხედვით. საინტერესო იყო ის, რომ შედეგად ძალიან განსხვავებული პასუხები მიიღეს, მაგალითად, მენეჯმენტმა ჩათვალა, რომ ხელფასი იყო #1, მაშინ, როდესაც თანამშრომლებმა ხელფასი ჩათვალეს #3 პრიორიტეტად, პირველ და მეორე ადგილას კი გაიყვანეს კომპანიაში ზრდის და განვითარების საშუალება და კოლექტივი, შიდა გარემო, რომელიც ტრიალებს ამ კომპანიაში. შესაბამისად, ბევრ თანამშრომელზე მოქმედებს ძალიან კარგად ეს ორი ფაქტორი, ამიტომ, თუ კომპანიას არ აქვს საშუალება, რომ გაზარდოს ხელფასი, მინიმუმ ამ ორი მიმართულებით უნდა დაიწყოს განვითარება, იმისთვის, რომ თანამშრომელი იყოს ბედნიერი, რადგან როდესაც თანამშრომელი გყავს ბედნიერი, ამ თანამშრომელს შეუძლია უამრავი სასარგებლო და მომგებიანი საქმის გაკეთება.

- ალბათ დამეთანხმებით, რომ წარმატებისკენ მიმავალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა არის დროის ეფექტურად მართვა, რას ურჩევდით მათ, ვისაც ამ მიმართულებით პრობლემები აქვთ, როგორ ვმართოთ დრო ეფექტურად?

- გადაწყვეტილება არის ძალიან მარტივი. არ არის დიდი დრო საჭირო, რომ შეცვალოთ ყველაფერი. დაახლოებით რამოდენიმე წამია საჭირო, რომ ისწავლოთ დროის მართვა. უბრალოდ უნდა თქვათ, რომ მე ამიერიდან შევცვლი ჩემს მიდგომებს, ვისწავლი დროის მართვას და გამოვიყენებ დროის მართვის მეთოდებს. ადამიანის ცხოვრება რეალურად იცვლება სურვილებიდან გამომდინარე, ანუ უნდა გინდოდეს რაღაცის კეთება, რაც არ გინდა, ბუნებრივია, იმას ვერ შეასრულებ. ადამიანმა საკმარისია რაიმე დაისახოს და ის აუცილებლად შეძლებს მას, მითუმეტეს უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ვინმეს შეუძლია ამის გაკეთება, ე.ი ამის გაკეთება შეგიძლიათ თქვენც.

პირველი რაც უნდა გააკეთოთ არის გადაწყვეტილების მიღება, მეორე ყველაფრის სწავლა. არსებობენ წარმატებული ადამიანები, რომლებმაც გამოცადეს საკუთარ თავზე ეს ყველაფერი და მილიონობით ადამიანს ასწავლეს, თუ როგორ უნდა მართონ დრო სწორად. პირველი ეს არის დაგეგმვა, უნდა დაგეგმოთ მომავალი სამუშაო დღე წინასწარ, ისწავლეთ პრიორიტეტების გაკეთება, რადგან არ არის სწორი, როდესაც ადამიანი აკეთებს დილიდან პატარა საქმეს და უფრო მნიშვნელოვან საქმეებს უკან წევს. მნიშვნელოვანია ცდუნების დაძლევა, რომ რთული საქმის გაკეთება არ მოხდეს მოგვიანებით და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა, დააკვირდით დღის განმავლობაში, რამდენ დროს კარგავთ არაეფექტურად, შემდეგ აიღეთ ეს დრო, დათვალეთ, გადაამრავლეთ რამდენიმე წელზე და მიხვდებით, რომ შეიძლება 10 წელიწადში 2 წელს სრულიად არაეფექტურად იყენებთ. მიხვდებით, რომ ეს ძალიან დიდი დროა და აბსოლუტურად სხვანაირად დაიწყებთ ფიქრს. როდესაც მიხვდებით, რომ რაღაცის შეცვლაა საჭირო, უნდა დააკვირდეთ იმ პატარა დეტალებს, რომელსაც კარგავთ არაეფექტურად. მაგალითად სიგარეტის მოწევა, საშუალო მწეველი დაახლოებით ერთ კოლოფამდე მაინც ეწევა და თუ ჩავთვლით, რომ თითო სიგარეტის მოწევას თავის გასვლით, მოკიდებით და ჩაქრობით სჭირდება 5 წუთი, 20 ღერის მოწევას დასჭირდება 100 წუთი, დავადისკონტიროთ და გამოდის 1 საათი. თუ ყოველ დღე ჩვენ 1 საათს ვკარგავთ სიგარეტის მოწევაში, მაშინ გადაამრავლეთ წელიწადში რამდენ დროს კარგავთ.

თუმცა, თუ ამ ცუდ ჩვევებს ვერ ანებებთ თავს, ის მაინც უნდა მოახერხოთ, რომ ამ ცუდი ჩვევების პარალელურად, რაღაც საქმის კეთება უნდა ისწავლოთ. მაგალითად, სამსახურში ყოფნისას სიგარეტის მოსაწევად გასულმა შესაძლოა გაიყოლო მობილური ტელეფონი და დაუკავშირდე მას, ვისთანაც გაქვს საქმე და არ გადადო ეს. თუნდაც, როდესაც გაქვთ დასარეკი და ჯერ რეკავთ, შემდეგ კი მიდიხართ ავტომობილით, შესაძლოა ეს ორი საქმე ერთდროულად გააკეთოთ, რა თქმა უნდა, საჭესთან ყურსასმენებით უნდა ვისაუბროთ.

- რას იტყვით ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიაზე, ეს გახლავთ გაყიდვების მენეჯერი, თუ გადავავლებთ თვალს სხვადასხვა დასაქმების საიტებს, ყველაზე მეტი ვაკანსია არის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, რას ურჩევდით იმ ადამიანებს, ვინც ამ სფეროში მოღვაწეობენ, რა არის მთავარი და მნიშვნელოვანი?

- გაყიდვები არის ყველაზე მოთხოვნადი, მაგრამ ჩემი აზრით, ყველაზე ნაკლებად დაფასებული პროფესია. სამწუხაროდ, ძალიან ბევრ კომპანიაში არასწორად უდგებიან ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროფესიას, რადგან ეს არის ის პროფესია, რომელსაც შემოაქვს ფული კომპანიაში და შესაბამისად, ის სტრუქტურა, რომელსაც შემოაქვს ფული, წესით უნდა იყოს ძალიან დაფასებული, როგორც ანაზღაურების და საბონუსო სისტემის თვალსაზრისით, ისე სხვა მიდგომებიდან გამომდინარე. რაც შეეხება არჩევის დროს, წესი ძალიან მარტივია, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი თვისება, რომელიც უნდა ჰქონდეს გაყიდვების მენეჯერს, ეს არის ენთუზიაზმი. თუ რაიმე არ იცის, შესაძლოა ისწავლოს ან სხვა ადამიანებმა ასწავლონ. მაგრამ თუ ენთუზიაზმი არ არის, მაშინ წვრთნაც ვეღარ უშველის.

ერთ-ერთი უნივერსალური თვისება არის, იყო ე.წ. ,,swan", რაც იშიფრება როგორც შრომისმოყვარე, ამბიციური და უბრალოდ კარგი პიროვნება ურთიერთობისთვის.

- თქვენი აზრით, არის თუ არა ფული ყველაზე მთავარი მამოტივირებელი ძალა ადამიანებისთვის?

- ყველაზე მთავარი ალბათ არ არის, მაგრამ გააჩნია ვისთვის. არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელთათვისაც ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ მას. თუმცა, თუ შევხედავთ იმას, თუ რა უნდა ზოგადად ადამიანს, ალბათ მათ უმეტესობას უნდა იცხოვრონ თავისუფლად. ამ შემთხვევაში თავისუფლად ცხოვრებაში მე ვგულისხმობ იმას, რომ გააკეთო ის, რაც შენ გინდა, როცა გინდა და ვისთან ერთადაც გინდა. ამ ყველაფრისთვის კი გჭირდება 3 რაღაც: ფული, ჯანმრთელობა და პირადი ურთიერთობები. სწორედ აქედან მოდის რეალური ბედნიერება.

http://bfm.ge/index.php?newsid=8646#.VJic788cY

| გააზიარე
მოგწონთ?