კომპანიის მოგების ზრდა კორპორატიული კულტურის შექმნის საფუძველზე


დღეს მინდა ვისაუბრო ერთ ძალიან საინტერესო საკითხზე, რომელსაც შეუძლია მკვეთრად გააუმჯობესოს ურთიერთობები თქვენს კომპანიაში, გაზარდოს თქვენი თანამშრომლების მოტივაცია და ეს ყველაფერი აისახოს თქვენი კომპანიის მოგების ზრდაზე.

კომპანიები, რომლებიც ნერგავენ წესს, რომელზეც დღეს მექნება საუბარი, იღებენ გაცილებით მეტ მოგებას და უფრო სწრაფად ვითარდებიან თავიანთ კონკურენტებთან შედარებით. საკითხი ეხება კორპორატიულ კულტურას.

სამწუხაროდ, კომპანიების აბსოლუტურ უმრავლესობას არ გააჩნია კორპორატიული კულტურა. კორპორატიული კულტურა ეს არის ერთგვარი წესების, პრინციპების ერთობლიობა, რომლებიც გულისხმობს, თუ როგორ უნდა იმუშაონ კომპანიის გუნდის წევრებმა, როგორი ურთიერთობები უნდა ჩამოყალიბდეს თანამშრომლებს შორის, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ მათ კლიენტებისადმი და ა.შ. შესაბამისად, ამ ყველაფრის წინასწარ გაწერა და გარკვეული ფორმატის მიცემა აუცილებელია კომპანიის წარმატებისთვის.

იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას არ აქვს ჩამოყალიბებული კორპორატიული კულტურა, ხშირია კონფლიქტები თანამშრომლებს შორის, გაურკვევლობები შესასრულებელ სამუშაოსთან დაკავშირებით, რთულდება გადაწყვეტილებების მიღება, რადგან არ არსებობს დადგენილი პრინციპები, რომლის მიხედვითაც იხელმძღვანელებენ გუნდის წევრები. ასევე, შეიძლება ორგანიზაცია განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებდეს კლიენტებზე, რაც აუცილებლად უნდა ასახოს ორგანიზაციულ კულტურაში, რათა თანამშრომლებმა კარგად გაითავისონ ეს და არ დაუშვან შეცდომები მათთან ურთიერთობისას.

კორპორატიული კულტურა ის აუცილებელი კომპონენტია, რომელიც ყველა ორგანიზაციას სჭირდება. ამას ამტკიცებს ის ფაქტიც, რომ წარმატებული კომპანიების ტოპ 500-ეულს  საკუთარი კორპორატიული კულტურა აქვს. შესაბამისად,  რაც უფრო მალე დანერგავენ მცირე და საშუალო კომპანიები მას, მით უფრო სწრაფად ავლენ განვითარების შემდგომ საფეხურზე, რადგან ჩამოყალიბებული ექნებათ ყველა ის პრინციპი თუ თამაშის წესი, რაზეც აუცილებლად უნდა იყოს შეთანხმებული ყველა თანამშრომელი. კორპორატიული კულტურა უნდა გახდეს ერთგვარი კონსტიტუცია, რომელსაც ვერ უარყოფს ვერავინ იმის მიუხედავად, თუ რა პოზიცია უკავია მას კომპანიაში.

ძალიან საამაყოა პირადად ჩემთვის ის ფაქტი, რომ ჩვენს გუნდს საკმაოდ ძლიერი კორპორატიული კულტურა აქვს, რომელიც 60-ზე მეტი პუნქტისგან შედგება. შესაბამისად, თქვენც შეგიძლიათ დაიწყოთ თქვენი კომპანიის შესაფერისი პრინციპების და წესების ჩამოყალიბება და ეს ყველაფერი ასახოთ კორპორატიულ კულტურაში, რაც საშუალებას მოგცემთ დაამყაროთ წესრიგი კომპანიის შიგნით, გააძლიეროთ ის და ამავდროულად გაზარდოთ თანამშრომელთა მოტივაცია, ეს ყველაფერი კი საბოლოოდ, რა თქმა უნდა, თქვენი კომპანიის წმინდა მოგების ზრდაზე აისახება.

 

| გააზიარე
მოგწონთ?