როგორ უნდა მივხვდეთ ღირსეულად გვიცხოვრია თუ არა?


ეს არის ძალიან საკამათო თემა და ვიცი, ამ საკითხთან დაკავშირებით, აზრთა სხვადასხვაობა იქნება, თუმცა მინდა გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრება ამ ყოველივესთან დაკავიშირებით. 

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ უსასრულოდ არ ვცოცხლობთ და ადრე თუ გვიან წავალთ ამ ქვეყნიდან. მეტნაკლებად, ალბათ ყველა ვფიქრობთ, თუ რა იქნება ჩვენი წასვლის შემდეგ. ყველას გვსურს, რომ რაღაც კარგი დავტოვოთ, მაგრამ რა არის ეს კარგი? სწორედ ეს არის მთავარი შეკითხვა.

ადამიანთა უმეტესობა ფიქრობს, რომ ეს არის ფული, ქონება. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ბავშვობიდან გვასწავლიან, რომ ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველამ ვიცით ფული და ქონება თან არ მიგვაქვს, მაინც ვცდილობთ ამ უკანასკნელზე გავაკეთოთ განსაკუთრებული აქცენტი. რა თქმა უნდა, ასევე ძალინ მნიშვნელოვანია როგორ სახელს დავტოვებთ და როგორ შევალათ ისტორიაში, თუმცა ჩემი აზრით, არის უფრო მნიშვნელოვანი რამ, რითაც შეიძლება გაიზომოს ჩვენი ცხოვრება და მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო მეტად ღირებულია, ვიდრე უბრალოდ ქონება, ფული და სახელიც კი,  ეს არის შვილი.

ჩემი აზრით, ჩვენი მთლიანი ცხოვრება ფასდება ჩვენი კარგი ადამიანობით, ჩვენს მიერ კარგად  შესრულებული საქმეებით და ასევე იმით, თუ როგორი შვილი აღვზარდეთ და როგორი მომავალი თაობა  დავუტოვეთ ქვეყანას.

რეალურად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ აღვზრდით შვილს, როდის გახდება ის ზრდასრული და დამოუკიდებელი ადამიანი, რომ რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან დაიწყოს კარგი საქმის კეთება ხალხისა და ქვეყნისათვის. 

თუ თითოეული ჩვენთაგანი გაიაზრებს მომავალი თაობის აღზრდის მნიშვნელობას, განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ჩვენს შვილებს და ვასაწავლით მათ თუ როგორ გახდნენ საუკეთესოები, მიაღწიონ ძალიან კარგ შედეგებს და როგორ შექმნან ქვეყნის უკეთესი მომავალი, ამით მნიშვნელოვნად წავიწევთ წინ.

ამისათვის კი, პირველ რიგში საჭიროა ჩვენ თვითონ დავიწყოთ ცვლილებები, დავიწყოთ ფიქრი იმაზე თუ რა  გვინდა ცხოვრებაში, ვიფიქროთ ჩვენს შვილებზე და იმაზე თუ როგორ აღვზარდოთ ისინი, რა თვისებები და როგორ უნდა გამოვუმუშავოთ, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რა განათლება, სითბო თუ სიყვარული უნდა მივცეთ და როგორ გამოვხატოთ ეს ყველაფერი? თუმცა, დღეს არსებულ დაძაბულ გარემოში ამაზე ფიქრი და ზრუნვა საკმაოდ რთულია, მაგრამ  ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ განსხვავებულები და საკმარისად გამბედავები იმისათვის, რომ არ შევუშინდეთ ამ მთავარ ცხოვრებისეულ გამოწვევას და ვიზრუნოთ, რომ ჩვენი შვილები იყვნენ ყველაზე წარმატებულები და ბედნიერები. სიცოცხლის ბოლოს კი ვთქვათ, რომ ჩვენ ნამდვილად ღირებულად ვიცხოვრეთ და აღვზარდეთ ღირსეული შვილები ღირსეული მომავლისათვის.

| გააზიარე
მოგწონთ?