რა გვიშლის ხშირად ხელს მშვიდ პირად ცხოვრებასა და კარიერულ წინსვლაში?


დღევანდელ სტატიაში მსურს გაგიზიაროთ ჩემი შეხედულება ერთ საინტერესო საკითხთან დაკავშირებით. ეს არის საქმეში გამოვლენილი ეჭვიანობა.

ზოგადად ეჭვიანობა რომ კარგი არ არის ეს ყველამ ვიცით, მაგრამ ხშირად გვხვდება კომპანიები, სადაც ეს საკმაოდ გავრცელებულია.

ამ შემთხვევაში ეჭვიანობა მსურს განვიხილო სხვადასხვა კუთხით. პირველი ეს არის ეჭვიანობა გუნდის შიგნით, რაც დამღუპველი პრობლემაა. როდესაც გუნდის წევრები ერთმანეთს არ ენდობიან, ძალიან რთული ხდება ერთად მუშაობა და ეს რა თქმა უნდა, გუნდის მიერ მიღებულ შედეგებზეც ისახება. რთულია, როდესაც არ არის ერთმანეთის ნდობა და ყველაფერი ეჭვის ქვეშ დგას.

ეჭვები ასევე ხელს უშლის გადაწყვეტილების მიღების პროცესს, რადგან ხელმძღვანელები, რომლებსაც არ აქვთ შესაბამისი უნარ-ჩვევები ან გამოცდილება, ყოველთვის იღებენ გადაწყვეტილებას ყოყმანით, ისინი ყოველ მიღებულ ალტერნატივაში ეჭვდებიან და საბოლოო ჯამში გამოდის ისე, რომ  გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ იწელება დროში, რაც თავის მხრივ იწვევს ფულის დაკარგვას. თანამედროვე ბიზნესში საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნებისმიერ საკითხზე დროულად რეაგირებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ეს ბიზნესის წარუმატებლობას იწვევს.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ეჭვიანობა ძალიან ცუდია ბიზნეს პარტნიორებთან მიმართებაში. როდესაც ბიზნეს პარტნიორი რაიმეს გვთავაზობს, ჩვენ არ ვენდობით ბოლომდე მას და ეს ყველაფერი აფერხებს საინტერესო შეთანხმების მიღწევას.

ეჭვიანობა დამღუპველია როგორც კარიერაში, ასევე პირად ცხოვრებაში. უსაფუძვლო ეჭვები იწვევს ბევრ პრობლემას, ასე რომ თუ მაინც გაქვთ რაიმე ეჭვები ვინმესთან მიმართებაში, უმჯობესია გადაამოწმოთ ეს ყველაფერი, დაწყნარდეთ და არ გაამახვილოთ დიდი ყურადღება ასეთ დეტალებზე ბიზნესში.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ დღეს ყველაფერი ნდობაზეა დამყარებული, ნებისმიერი ძლიერი კომპანია დგას გუნდის წევრების მხრიდან ერთმანეთისადმი ნდობაზე და აუცილებელია, რომ ეს კარგად ჰქონდეს თითოეულ გუნდის წევრს გათავისებული. როდესაც გუნდში ნდობა მაღალ დონეზეა, ნებისმიერი ამოცანის თუ პრობლემის გადაჭრა იქნება შესაძლებელი ერთობლივი ძალისხმევით. იგივეა პარტნიორებთან მიმართებაშიც, ამიტომ მათაც უნდა გამოვუცხადოთ ნდობა, როცა ეს ხელსაყრელი შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენთვის და ჩვენი კომპანიისთვის.

პირად ცხოვრებაში გამოხატული ნდობა უფრო მეტ დადებითს  მოგვიტანს და უფრო ახლო და კარგი ურთიერთობების დამყარებაში დაგვეხმარება.

შესაბამისად ჩემი რჩევაა, რომ უფრო მეტად ენდოთ ადამიანებს პირად და კარიერულ ცხოვრებაში. დიახ ვიცი, რომ იქნებიან ადამიანები, რომლებიც არ შეასრულებენ თავიანთ დანაპირებს, მაგრამ ნდობა ეს არის ის, რაც აუცილებლად მოგიტანთ როგორც კარიერულ წინსვლას, ასევე მშვიდ და ბედნიერ ცხოვრებას.

 


დავით კენჭაძე

| გააზიარე
მოგწონთ?