დელეგირება წარმატებული მენეჯერის ძლიერი იარაღია


სამწუხაროდ, ბევრი მენეჯერი არ იყენებს მენეჯმენტის კარგ იარაღს – დელეგირებას. ისინი ცდილობენ, რომ საქმეების უმეტესობა უშუალოდ თვითონ შეასრულონ, რაც საბოლოო ჯამში ამცირებს შესრულებული სამუშაოს ხარისხს, რადგან ერთ ადამიანს ყველაფრის ერთდროულად და ეფექტურად გაკეთება არ შეუძლია.

წარმატებული მენეჯერები სწორი მიდგომებით ახორციელებენ საქმის დელეგირებას. განვიხილოთ ეფექტური დელეგირების 7 ნაბიჯი.
 

  1. სწორი თანამშრომლის შერჩევა. მნიშვნელოვანია, რომ დავალების სპეციფიკიდან გამომდინარე შეარჩიოთ სწორი ადამიანი (ბუნებრივია იგულისხმება, როცა მსგავსი პოზიციის რამდენიმე ადამიანი მუშაობს კომპანიაში). თანამშრომლის შერჩევის დროს უნდა უპასუხოთ შემდეგ კითხვას - რომელ თანამშრომელს, მისი პირადი თვისებებიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, შეუძლია ამ დავალების კარგად შესრულება? თუმცა ამასთანავე ყველაზე მარტივი საქმეები ყველაზე ძლიერ თანამშრომელს არ უნდა დაავალოთ.
  2. ამოცანის ახსნა თანამშრომლისათვის. საქმის წარმატებით შესრულებისათვის, უმნიშვნელოვანესია თანამშრომლისთვის ამოცანის სწორად ახსნა. ხშირად ხდება, რომ მენეჯერები ნაჩქარევად ავალებენ საქმეს თანამშრომლებს. შედეგად თანამშრომელი სრულყოფილად ვერ გებულობს დავალების შინაარს, საბოლოოდ კი იღებენ უხარისხოდ შესრულებულ საქმეს. როგორც წესი, მენეჯერები ამაში თანამშრომელს ადანაშაულებენ, მაგრამ პრობლემის საფუძველი არაეფექტური დელეგირებაა.
  3. სამუშაოს ხარისხი. სწორი დელეგირებისთვის მნიშვნელოვანია, რომ კარგად ავუხსნათ საბოლოო შედეგი, ანუ რისი მიღება გინდათ თქვენი თანამშრომლისაგან. ამის გარეშე თანამშრომლის მიერ შესრულებული სამუშაო შეიძლება განსხვავებული იყოს. ამ შემთხვევაში მას მოუწევს ამოცანის ხელახლა შესრულება. ბუნებრივია, საქმის უხარისხოდ შესრულებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი იქნება, თუმცა რეალური მიზეზი მენეჯერის მიერ გაკეთებული არაეფექტური დელეგირებაა.
  4. დრო. აუცილებელია, რომ თანამშრომელს ამოცანის მიცემისას აუხსნათ თუ რა ვადაში უნდა შეასრულოს დაკისრებული სამუშაო. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ მოისმინოთ მისი მოსაზრებაც. ხშირია შემთხვევები, როცა უფროსი ითხოვს ამოცანის შესრულებას შემჭიდროვებულ ვადებში. თანამშრომლის დაურწმუნებლობა ამოცანის კონკრეტულ ვადებში შესრულების თაობაზე იწვევს მის დემოტივაციას, სტრესს, საბოლოოდ კი ვიღებთ უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოს.  სწორი დელეგირებისათვის მნიშვნელოვანია, რომ უფროსი და მისი დაქვემდებარებული შეთანხმდნენ ამოცანის შესრულების ვადებზე.
  5. ამოცანის შეფასება. თანამშრომელს უნდა განვუმარტოთ თუ როგორ მოხდება მის მიერ შესრულებული სამუშაოების შეფასება. ეს შესაძლებელია იყოს ან ხარისხობრივი, ან რაოდენობრივი მიზანი. თანამშრომელმა უნდა იცოდეს ეს მიზნები იმისათვის, რომ სამუშაოს დასრულების შემდეგ მისი შეფასება ობიექტური იყოს.
  6. ამოცანის მნიშვნელობა. თანამშრომლების უმეტესობა ვერ ხვდება მათ მიერ შესრულებული საქმის მნიშვნელობას. ყველა საქმე, რომელიც მიმდინარეობს კომპანიაში, რომელიღაც დიდი საქმის ნაწილია. მინდა მოვიყვანო ერთი მაგალითი: მეორე მსოფლიო ომის დროს აშშ-ში ერთ-ერთმა ქარხანამ, რომელიც მანამდე საყოფაცხოვრებო დანიშნულების პროდუქტების ნაწილებს ამზადებდა, ომის დროს დაიწყო თვითმფრინავის ნაწილების დამზადება. შიდა გამოკითხვის შედეგად თანამშრომლების უმრავლესობა ამ საქმეს აფასებდა, როგორც ნაკლებად მნიშვნელოვანს და გაურკვეველს. ამ მოსაზრების გასაქარწყლებლად მენეჯმენტმა ქარხანაში თვითმფრინავი და აშშ-ს საჰაერო ძალების პილოტები მიიყვანა. თანამშრომლებისთვის გაკეთდა პრეზენტაცია იმის თაობაზე თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა მათ მიერ დამზადებულ ნაწილებს თვითმფრინავებისათვის, ქვეყნის უსაფრთხოებისა და ამ პილოტების სიცოცხლისათვის. შედეგმაც არ დააყოვნა -  თანამშრომლების მიერ შესრულებული საქმის ეფექტურობა შემდეგი ერთი კვირის განმავლობაში 30%-ით გაიზარდა.
  7. აუმაღლეთ მოტივაცია საქმის დაწყებამდე. დავალებული საქმის დაწყებამდე შეაქეთ თქვენი თანამშრომელი. უთხარით, რომ ის საკუთარი საქმის პროფესიონალად მიგაჩინით, რომ მისი იმედი გაქვთ და 100%-ით ხართ დარწმუნებული მის მიერ დავალებული საქმის ეფექტურად შესრულებაში. დამერწმუნეთ, ამ სიტყვების შემდეგ თქვენი თანამშრომლის მოტივაცია ამაღლდება და მისი შესრულებული საქმე გაცილებით ეფექტური იქნება.


დაიწყეთ დღეიდან ამ წესების გამოყენება. მერწმუნეთ, ამით თქვენ გააუმჯობესებთ თქვენს კომპანიაში, როგორც დავალებების შესრულების ხარისხს, ისე გაზრდით თქვენი თანამშრომლების ლოიალურობას და მოტივაციას, რაც საბოლოო ჯამში თქვენი კომპანიის წარმატების საწინდარი გახდება

| გააზიარე
მოგწონთ?