როგორ ავუწყოთ ფეხი ცვლილებებს?


ყოველდღიურად მაქვს ურთიერთობა სხვადასხვა კომპანიებთან და ამავდროულად ძალიან ბევრ პიროვნებასთან, რის შედეგადაც მივედი ერთ დასკვნამდე: ადამიანებს ძალიან უჭირთ სამსახურის მოძიება. თუმცა ამვდროულად, კომპანიებისთვისაც პრობლემას წარმოადგენს შესაფერისი თანამშრომლის აყვანა.

თუ დავაკვირდებით როგორ ვითარდება სიტუაცია ვნახავთ, რომ დაახლოებით 5-7 წლის წინ, კარგი თანამშრომლის მოძიების პრობლემა იმდენად აქტუალური არ იყო, რამდენადაც ეს დღეს არის. რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალში ეს ყველაფერი კიდევ უფრო გართულდება.

დღეს ბაზარზე კვალიფიკაციურ კადრებზე მაღალი მოთხოვნაა, თუმცა ასეთი კადრების საჭირო რაოდენობა არ არსებობს.  ეს სიტუაცია გვაძლევს ორ საინტერესო შესაძლებლობას: პირველი ამოცანა ეხება დამსაქმებლებს, თუ როგორ მოიძიონ შესაბამისი კადრი და აიყვანონ კომპანიაში, ხოლო მეორე ამოცანა - უშუალოდ სამსახურის მაძიებლებს, რომლებსაც რეალური შესაძლებლობა ეძლევათ, რომ გახდნენ მაღალი დონის პროფესიონალები.

ბრძოლა ბაზარზე ყოველდღიურად მძაფრდება, შესაბამისად როგორც კომპანიები, ასევე თანამშრომლები მუდამ უნდა ზრუნავდნენ დახვეწასა და განვითარებაზე. ეს ტენდენციები საკმაოდ დადებითია, რადგან კომპანიებმა უნდა გაზარდონ თანამშრომლებზე ზრუნვა. თუ რამდენიმე წლის წინ თანამშრომლებისათვის უფრო მეტად მნიშვნელოვანი ცალსახად ანაზღაურება იყო, დღეს ბევრმა სხვა ფაქტორმა წამოიწია წინ, შესაბამისად კომპანიებმა ამ ყველაფერს მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ.

მეორე თვალსაზრისით, თუ ადრე კომპანიებისთვის საკმარისი იყო თანამშრომელს უბრალოდ ემუშავა, დღეს უფრო მეტად შესაბამისი შედეგების მიღებაზე არიან ორიენტირებულნი, ამიტომ ცდილობენ სამსახურში აიყვანონ ისეთი კადრები, ვინც ამ შედეგებს აუცილებლად დადებს.

იმ შემთხვევაში თუ დავაკვირდებით ამ ორ ტრენდს, დავინახავთ, რომ უახლოეს მომავალშიც რადიკალურად შეიცვლება სიტუაცია ბაზარზე. ტრენდების ანალიზის თეორიის თანახმად ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სწორედ ის ადამიანები და კომპანიები, რომლებიც პირველები შენიშნავენ ცვლილებებს ბაზარზე და დაიწყებენ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, ყოველთვის შეძლებენ უფრო მეტი წარმატების მიღწევას.

| გააზიარე
მოგწონთ?