როგორ არ უნდა მოექცეს ხელმძღვანელი თანამშრომლებს


დღევანდელ სტატიაში მინდა გიამბოთ ერთი საიტერესო ამბის შესახებ, რომელიც ცოტა ხნის წინ, ჩემს მეგობარს თავის სამსახურში გადახდა თავს. სათქმელად შედარებით მარტივია, თუმცა ამის მოსმენის შემდეგ, შინაგანი პროტესტის გრძნობა იმდენად დამეუფლა, რომ უბრალოდ არ შემეძლო თქვენთვის არ გამეზიარებინა და ასეთი ტიპის ხელძღვანელებისთვის კიდევ ერთხელ, ასე ცხადად არ მიმეთითებინა მათ შეცდომაზე... 

ეს არის ცოცხალი მაგალითი, რომელიც ტოპ 7 რჩევად გავაერთიანე და მათ მთავარ სათქმელს, ასეთი სათაური შევურჩიე: ''როგორ უნდა  წაართვას ხელმძღვანელმა, მუშაობის მოტივაცია და საერთოდ რაიმეს კეთების სურვილი თავის თანამშრომელს ?''

რჩევა N1
თანამშრომელს დაავალეთ რაიმეს გაკეთება და დაარწმუნეთ, რომ დავალების შედეგი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც თქვენთვის, ასევე  მთლიანად კომპანიისთვის;

რჩევა N2
ზოგჯერ გაუკეთეთ უკუკავშირი, დაურეკეთ ან მისწერეთ და ჰკითხეთ მუშაობის რა ეტაპზეა, გამოიჩინეთ ელემენტარული ყურდღება მისი  საქმის მიმართ და ჰკითხეთ აქვს თუ არა რაიმე პრობლემა. თუ საჭიროა მიეცით გარკვეული რჩევები, აჩვენეთ თანადგომა;

რჩევა N3
დრო და დრო მიაწოდეთ დამხმარე მასალები, რამაც შესაძლოა გაუადვილოს საქმე, გაუმრავალფეროვნოს ალტერნატივები საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

რჩევა N4
გუნდის წევრების წინაშე დააფიქსირეთ, რომ ეს ადამიანია ამ დავალებაზე პასუხისმგებელი და წამახალისებლად ''უწოდეთ ამ საქმის მენეჯერი'' განსაკუთრებით თუ დამწყები ახალგაზრდაა, ეს მას გაუზრდის მუშაობის მოტივაციას და სიხარულით განაგრძობს მასზე დელეგირებულ საქმეზე მუშაობას;

რჩევა N5
ბოლო წუთამდე აქტიურად ეკონტაქტეთ და აუმაღლეთ პასუხისმგებლობის გრძნობდა, რომ არ დაავიწყდეს, როგორ და რა ვადებში უნდა მოგცეთ საბოლოო შედეგი. აგრძნობინეთ, რომ ელოდებით მისგან როგორც შედეგს, ასევე ამ ადამიანის პასუხსიმგებლობის დონის განსაზღვრას;

რჩევა N6
მიახვედრეთ, რომ თქვენ მოლოდინი გაქვთ არა უბრალოდ კარგის, არამედ სუპერ შედეგის;

რჩევა N7
და ბოლოს, ერთ დღესაც ყველაფერი დაივიწყეთ! მაშინ როცა დასრულებული საქმე უნდა ჩაიბაროთ და აღნიშნულმა  თანამშრომელმა თავისი მუშაობის შედეგები უნდა წარმოგიდგინოთ. დიახ, აი ასე მარტივად, ყველაფრის ახსნა განმარტების გარეშე, მთლიანი გუნდის წინაშე დააფიქსირეთ, რომ ეს კონკრეტული საქმე, საერთოდ აღარ არის ასე მნიშვნელოავნი და პრიორიტეტული კომპანიისთვის და განხილვასაც აღარ ექვემდებარება. ხოლო ამ ადამიანის თავიდან მოშორების მიზნით, იგი სხვასთან გადაამისამართეთ.

შედეგი?
შედეგი ყველასათვის ნათელია, ამ დროს ამ ადამიანის ღირსება ილახება, რჩება იმედგაცრუებული, ეკარგება შრომის მოტივაცია, რადგან იცის, რომ მის შრომას ვერ ხედავენ და არ აფასებენ, ვერ ხვდება სად დაუშვა შეცდომა, შესაბამისად რჩება გაურკვევლობაში, რადგან ვერ მიიღო ხელმძღვანელის მხრიდან საკმარისი უკუკავშირი, კარგავს მისდამი ნდობას, რომელიც ასე საჭიროა ნებისმირი დონის ურთიერთობისთვის და ა.შ უკიდურეს შემთხვევაში კი ის ტოვებს სამსახურს.

მართალია სამსახურიდან წასვლა ერთადერთი გამოსავალი არ არის და სხვა ალტერნატივებიც არსებობს თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ეს არის მართლაც ყველაზე რთული გამოწვევა და ამავე დროს, ახალი შანსი, რომელიც ჭკვიანურად უნდა გამოვიყენოთ, ამ ყველაფრისთვის კი მსოფლიოს სხვადასხვა ცნობილი მენეჯერები რამდენიმე კონკრეტულ რჩევას გვთავაზობენ, რომელიც მინდა თქვენც გაგიზიროთ:
 

  • დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა რატომ მოხდა ასე და სად დაუშვით შეცდომა? აჩვენეთ,  რომ  სრულ პასუხისმგებლობას იღებთ საკუთარ საქმეზე და აანალიზებთ, რომ თქვენს ცხოვრებას და მიღებულ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად მართავთ;
  • აუცილებლად უნდა გააგრძელოთ თქვენი საქმე, თანაც უფრო მეტი მონდომებით.  აიღეთ ახალ პროექტებზე პასუხისმგებლობა და ისეთი მაღალი შედეგები აჩვენეთ, რომ ყველა გაოცდეს თქვენი შრომისმოყვარეობით და ბრძოლის ჟინით;
  • გამოიყენეთ ყოველი ასეთი შემთხვევა კარგ მაგალითად. დაფიქრდით და გააანალიზეთ, რა მოხდა და რატომ? აუცილებლად გააკეთეთ ასეთი შემთხვევების წერილობითი ანალიზი. თქვენი ყოველდღიური მოქმედებების წერილობითი ანალიზი, ყოველი მარცხის ან გამარჯვების აღნიშვნა, სულ მოკლე ხანში ფასდაუდებელ პრაქტიკულ ცოდნას დაგიგროვებთ და დაგეხმარებათ დააჩქაროთ გამოცდილების მიღება;
  • გარისკეთ გააკეთოთ! თუ თქვენ რჩებით ამ სამსახურში, მაინც ძალიან აფასებთ თქვენს უფროსს და გსურთ აპატიოთ ესეთი შეცდომა, მაშინ ვალდებული ხართ გადადგათ ერთი გაბედული ნაბიჯი და როგორც ნამდვილ მეგობარს, დაანახოთ მას თავისი შეცდომა. ნებისმიერი საკითხის მოგვარება სწორი კომუნიკაციით მიიღწევა. მასთან პირისპირ საუბრით თქვენ ძალიან ბევრ რამეში გაერკვევით და მიხვდებით საერთოდ ღირს თუ არა იმ კომპანიაში დარჩენა.


ნებისმიერ შემთხვევაში, ჯერ ვართ ადამიანები და მერე ჩვენი წოდებები, ამის გაანალიზება ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია. ზოგადად, ცხოვრების ხარისხს ბევრი რამ განსაზღვრავს და ერთ-ერთი ფაქტორი ის ადამიანებია, ვინც ჩვენს გარშემოა. სწორედ ამიტომ, არ აქვს მნიშვენელობა ვინ ვართ და სად, რა თანამდებობაზე ვმუშაობთ, ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენს გვერდით ყოფნა და მუშაობა სხვებისთვის სასიამოვნო იყოს, როგორც ხელმძღვანელის ასევე თანმაშრომლების მხრიდან. საბოლოოდ კი ეცადეთ ამ სტატიაში მოცემული შეცდომები თქვენ არასოდეს გაიმეოროთ.


მარიამ შარიქაძე

| გააზიარე
მოგწონთ?