7 რამ, რაც უნდა გაითვალისწინოთ სამსახურის პირველ დღეს


მას შემდეგ, რაც გასაუბრებას წარმატებით გაივლი და სასურველ სამსახურში პირველი სამუშაო დღისთვის იწყებ მზადებას, გირჩევ გაითვალისწინო რამდენიმე რჩევა, რათა დატოვო კარგი შთაბეჭდილება, რაც შემდგომში მოგცემს შანსს კომპანიის შეუცვლელი თანამშრომელი და კოლეგებისთვის ნდობით აღჭურვილი პირი გახდე.

 

1.იყავი პუნქტუალური

თუ არ გსურს, პირველივე დღეს შენიშვნა მიიღო უფროსისგან და არც ისე კარგი შთაბეჭდილება დატოვო, კარგად გათვალე ყოველი წუთი, გაითვალისწინე ყოველი დეტალი, რამაც შეიძლება სამსახურში დროულად გამოცხადებაში შეგიშალოს ხელი. არაპუნქტუალურობა ყოველთვის გამაღიზიანებელია.    
 

2.იყავი კომუნიკაბელური

კარგი შთაბეჭდილების მოსახდენად ეცადე გამოელაპარაკო თანამშრომლებს, დაფარე მღელვარება, იყავი კომუნიკაბელური და გჯეროდეს საკუთარი თავის. შენი ცოდნით, მიზანდასახულობით და დადებითი პიროვნული თვისებებით მალე გუნდის მნიშვნელოვანი წევრი გახდები.

 

3.არ დაივიწყო ღიმილი

ნუ იქნები მორცხვი, იყავი პოზიტიური, გქონდეს კარგი განწყობა, წარადგინე საკუთარი თავი  და არ დაივიწყო ღიმილი. შენი კეთილგანწყობა არავის დარჩება შეუმჩნეველი და პირველივე დღეს კარგ შთაბეჭდილებას დატოვებ კოლეგებზე.

 

4.გაითვალისწინე კომპანიის დრეს-კოდი

კომპანიის დრეს-კოდი წარმოადგენს ფირმის კორპორატიული კულტურის გაგრძელებას და მნიშვნელოვან ნაწილს. კლიენტის ნდობა ორგანიზაციისადმი იწყება მისი თანამშრომლების მიმართ ნდობით, რომელთა გარეგნობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამაში. ამიტომ გაითვალისწინე შენი კომპანიის დრეს-კოდი და სცადე მოირგო ის, რადგან კომპანიისთვის შეუფერებელი ჩაცმულობით შენ არასწორ მესიჯს გაუგზავნი საზოგადოებას.

 

5.არ დაიბნე 

სამსახურში უამრავი ახალი საქმე დაგხვდება და გარკვეულ დავალებებს შესაძლოა დროულად ვერ გაართვა თავი. არაუშავს, მთავარია არ დაიბნე, მოიკრიბე ძალები და სცადე შეინარჩუნო სიმშვიდე. ეცადე, სწორად გაერკვე მითითებულ ამოცანაში და მხოლოდ შემდეგ იმოქმედე. გახსოვდეს, კომპანიაში შენი ცოდნის და გამოცდილების გამო აგიყვანეს, არაფერია ისეთი, რასაც თავს ვერ გაართმევ. შეგიძლია, კოლეგებსაც სთხოვო დახმარება.

 

6.არ განსაჯო კოლეგები

მოულოდნელად შესაძლოა აღმოჩნდე ისეთ სიტუაციაში, როდესაც კოლეგები საუბრობენ კომპანიის მენეჯერის, დირექტორის შეცდომებზე და განიკითხავენ ერთმანეთს. ასეთ დროს ეცადე, თავი შეიკავო და არ ჩაერთო საყოველთაო განსჯაში. კოლეგები დარწმუნდებიან, რომ შენ განსაკუთრებული ადამიანი ხარ და მომავალში შეიძლება მოგბაძონ კიდეც. 

 

7.მოუსმინე გარშემომყოფებს

თვისება, რომელიც სამსახურის პირველ დღეებში ყველაზე მეტად დაგეხმარება არის მოსმენის უნარი. ისაუბრე ცოტა და მოუსმინე გარშემო სხვებს. ეს დღე არ არის საუკეთესო დრო იმისათვის, რომ მოახდინო შენი აზრების და ცოდნის დემონსტრირება. იყავი მეგობრული, გაეცანი კოლეგებს, გაიღიმე და მოუსმინე სხვებს. გარშემომყოფებმა არ უნდა იფიქრონ, რომ ამბიციური პიროვნება ხარ და გსურს უპირატესობა მოიპოვო კომპანიაში.
 

ასე რომ გაითვალისწინე ზემოთ ჩამოთვლილი წესები. იყავი მეგობრული, შრომისმოყვარე, მიზანდასახული. გჯეროდეს საკუთარი თავის და ახალი სამსახური აუცილებლად გახდება ადგილი, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობ და შეძლებ შენი მიზნების და დასახული ამოცანების მაქსიმალურად განხორციელებას.

გისურვებ წარმატებებს!

 

| გააზიარე
მოგწონთ?