როგორ შეუძლიათ ჩვენს ფიქრებს ჩვენი ცხოვრების შეცვლა?


გჯერათ, რომ ფიქრებს შეუძლიათ თქვენი ცხოვრების შეცვლა? გიფიქრიათ, რა დგას თქვენსა და წარმატებას, თქვენსა და კმაყოფილებას, თქვენსა და ბედნიერებას შორის? - ეს თქვენი აზრებია, გარემოპირობები თუ რაიმე სხვა?

ძალიან ბევრი წარმატებული ადამიანი, მეცნიერი, ბიზნესმენი თუ საზოგადო მოღვაწე თვლის, რომ ფიქრები მატერიალურია და მათი საშუალებით ვაყალიბებთ ჩვენს რეალობას. შესაბამისად, ჩვენი ბედნიერება და წარმატება სწორედ ჩვენს აზრებზეა დამოკიდებული.

ყველამ კარგად ვიცით რა ადვილია, მოვექცეთ ნეგატიური გარემოს გავლენის ქვეშ, მეტისმეტად ავფორიაქდეთ პაწაწინა წარუმატებლობის გამო. პირველივე წინააღმდეგობასთან შეჯახებისას ფარ-ხმალი დავყაროთ - საკუთარი თავისათვის რეალური შანსის მიცემის გარეშე დავნებდეთ.  სტრესულ, უარყოფით სიტუაციაში დაუცველები ვხდებით, გვიჭირს ემოციებთან გამკლავება და სწორედ ამ დროსაა ყველაზე დიდი საფრთხე, ნეგატიური აზროვნება ჩამოგვიყალიბდეს: მივეჩვიოთ პესიმისტური დასკვნების გაკეთებას, ლექსიკაში დავამკვიდროთ ნეგატიური აფირმაციები, გადავაბრალოთ ჩვენი წარუმატებლობა გარე ფაქტორებს, წინასწარ წარმოვიდგინოთ ყველა შესაძლებელი და შეუძლებელი წინააღმდეგობა კონკრეტული მიზნისაკენ სვლისას და, რაც ყველაზე ცუდია, წინასწარ შეგვეშინდეს - ჩვენვე მოვიზიდოთ უარყოფითი ჩვენს გარშემო, შემდეგ კი „მტრული“, „ულმობელი“ სამყარო დავადანაშაულოთ.

რა არის გამოსავალი? ჩვენი გონების პოზიტიურ აზროვნებაზე მომართვა. ჩვენი ფიქრების ხასიათი  განსაზღვრავს ჩვენივე ცხოვრების ხარისხსა და ხასიათს. სწორედ მათზეა დამოკიდებული, ვიქნებით ბედნიერები, სევდიანები, დავინახავთ ყველაფერს უარყოფითი კუთხით, მუქ ფერებში, თუ პირიქით, გამოვუძებნით პოზიტიურ მიდგომას, შემოვუშვებთ ჩვენში  ოპტიმიზმს, დადებით ემოციებს და მივცემთ თავს უფლებას, დავტკბეთ ცხოვრებით. რადგან სწორედ ჩვენი აზრები ცვლიან ჩვენს გარემოს, შემოაქვთ სიმსუბუქე ჩვენს ნაბიჯში,  გვაძლევენ ძალას, მივაღწიოთ მიზნებს და ვიყოთ წარმატებულნი.

მთავარი, როგორც ყოველთვის, მონდომება და შრომაა. ქვემოთ მოყვანილი ფრაზები კი ბრაიან თრეისის წიგნიდან „შეცვალე ფიქრები, შეცვალე შენი ცხოვრება, ანუ როგორც გახსნათ თქვენი შესაძლებლობები სრულად წარმატებისა და მიზნების მისაღწევად“, ჩვენი ფიქრების ძალაში, მნიშვნელოვნებაში დაგვარწმუნებს და პოზიტიური აზროვნების ჩამოყალიბებაში დაგვეხმარება.

· ,,თქვენი რეალობა ხდება ის, რისიც თავად გჯერათ."

· ,,თუ არ არსებობს გამოსავალი, ე.ი. არ არსებობს პრობლემა."

· ,,მიიღეთ გადაწყვეტილება დღეს, რომ თქვენი ცხოვრებიდან ამოშლით ყველა „ეს რომ ასე იყოს, მე...“-ს."

· თუ გინდათ, რომ წარმატებას უფრო სწრაფად მიაღწიოთ, გააორმაგეთ მარცხის მაჩვენებელი. წინსვლა წარუმატებლობების შორეულ მხარეს მდებარეობს."

· ,,თქვენ არ ხართ ის, რასაც ფიქრობთ, რომ ხართ.  რასაც ფიქრობთ, რომ ხართ, ის ხდებით."

„მოზიდვის კანონი“ გვეუბნება, რომ თქვენ წარმოადგენთ ცოცხალ მაგნიტს და მუდმივად იზიდავთ თქვენს ცხოვრებაში ადამიანებს, იდეებს, შესაძლებლობებს, სიტუაციებს თქვენი ფიქრების შესაბამისად. როდესაც ფიქრობთ პოზიტიურად, ოპტიმისტურად, სიყვარულით, მომართული ხართ წარმატებაზე, ქმნით მაგნიტურ ველს, რომელიც სწორედ დადებით მოვლენებს, სიყვარულსა და კმაყოფილებას მოიზიდავს. თანაც, თქვენ არ გჭირდებათ მოფიქრება - როგორ მოხდება ეს. მთავარია კონცენტრირება იმაზე, თუ რა გსურთ.

ყველა ფიქრი და მოქმედება, რასაც ხშირად გაიმეორებთ, ახალ ჩვევად გადაიქცევა.

 


ნუცა ნიკოლიშვილი

| გააზიარე
მოგწონთ?