წარმატების მოდელირება: ინსტრუქცია


რამდენად აქტიურად წარმართავთ საკუთარ ცხოვრებას? გჯერათ თავისუფალი ნების თუ სასოწარკვეთილი ფატალისტი ბრძანდებით? სწორედ თქვენ, ახლა და აქ შეგიძლიათ შექმნათ სასურველი მომავლის მოდელი, ხვალ კი რეალური ცვლილებები იგრძნოთ და გახდეთ წარმატებული. ამისათვის საჭიროა: 

 

1. ჩამოაყალიბოთ წარმატების არსი

განსაზღვრეთ, თუ რას ნიშნავს თქვენთვის წარმატება. ეს შეიძლება იყოს მატერიალური კეთილდღეობა, საქვეყნო აღიარება, სამეცნიერო ხარისხი თუ სხვა.

შეგიძლიათ ტერმინ „წარმატების“ გასწვრივ ჩამოწეროთ, თუ რასთან ასოცირდება ის. მაგალითად, ცნობადობა, მაღალი ანაზღაურება. სწორედ ეს იქნება თქვენთვის სასურველი შედეგი, რომელსაც წარმატების  უზოგადეს ცნებაში  გულისხმობთ.  

 

2. გაიაზროთ, თუ რა რესურსებს მოითხოვს თქვენი მიზანი

რამდენად რეალურია მისი მიღწევა? რა რისკებს შეიძლება წააწყდეთ წარმატების გზაზე? დაახლოებით რა დროსა და  ჩართულობას მოითხოვს თქვენი მიზანი? რა შეგიძლიათ გააკეთოთ დღესვე, რათა დაუახლოვდეთ მას? მიზნის მისაღწევად საჭიროა შედეგზე ფოკუსირება და მოთმინება. გახსოვდეთ, ვისაც სურს, ის შესაძლებლობას ეძებს. ყველა სხვა შემთხვევაში კი - მიზეზს.
 
 

3. მოახდინოთ მიზნის ვიზუალიზაცია

ჩაწერეთ თქვენთვის სასურველი შედეგი, რათა გაუმარტივოთ ქვეცნობიერს ამ სცენარის მიღება და მისგან გამომდინარე მოქმედება. აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ ზმნები მიზნის განსაზღვრისა და მოვლენების აღწერისას გამოიყენება აწმყოში (მაგ. მე ვმუშაობ მაღალ თანამდებობაზე), უარყოფითი ფორმების (მაგ. არ მინდა, რომ მოხდეს) ჩაწერას კი უნდა მოერიდოთ.  ეცადეთ მოკლედ და ლაკონურად ჩამოაყალიბოთ სასურველი შედეგი. 
 

თქვენ მიერ წარმატების ფენომენის ახსნისა და მიზნის განსაზღვრის შემდეგ, მოდელირების სტრატეგიის ფარგლებში საჭიროა სანიმუშო სუბიექტის არჩევა, ადამიანის, რომელმაც წარმატებას მიაღწია და თქვენთვის სამაგალითოა. მაშინ, როდესაც შეარჩევთ პიროვნებას, დააკვირდით მის ქცევას, მიმიკას, ჟესტებსა და საუბრის მანერას. გაიაზრეთ ამ ადამიანის პრინციპები და ღირებულებათა სისტემა, რამდენად მისაღებია ის თქვენთვის? შეადარეთ თქვენი თვისებები ერთმანეთს. აქ უნდა გამოიკვეთოს თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები. შემდგომ შეეცადეთ „შეივსოთ“ ამ პიროვნებით, ეცადეთ, მოიქცეთ ისე, როგორც, სავარაუდოდ, მოიქცეოდა ის და დასკვნა გააკეთეთ შედეგებსა და საკუთარ შეგრძნებებზე დაკვირვებით. ხომ არ იწვევს ცვლილებები თქვენში დისკომფორტსა და საკუთარ თავთან გაუცხოებას?

მოდელირების მიზანია გაგრძნობინოთ, რომ თქვენს ხელთაა ყველა შესაძლებლობა, მისი ძალით, ვიზუალიზაციისა და მოდელირების პრინციპების გამოყენებით, თქვენ იქცევით ისე, თითქოს შედეგი უკვე მიიღეთ და თავად მართავთ სიტუაციას, რაც თავდაჯერებულობას გმატებთ, მას კი წარმატება მოაქვს.

მოდელირება არ უნდა გავიგოთ, როგორც უნივერსალური მეთოდი, ვინაიდან ყოველი წარმატების ისტორია წესიდან გამონაკლისს უფრო წააგავს, მაგრამ შესაძლებელია სხვაზე დაკვირვებით ავიცილოთ ზოგიერთი შეცდომა და გავითვალისწინოთ მისი გამოცდილება, ყოველ შემთხვევაში, წარმატების გრძელ გზაზე მოქმედების ეს ვარიანტიც ცდად ღირს. მოდელირების მეთოდის გამოყენებისას კი არ დაგავიწყდეთ ო. უაილდის სიტყვები: „იყავი ის, ვინც ხარ, ყველა სხვა როლი უკვე დაკავებულია.“ 

 

 

| გააზიარე
მოგწონთ?