როგორ დავტოვოთ სასიამოვნო მოსაუბრის შთაბეჭდილება?


თითოეული ჩვენგანი აქტიური, მრავალფეროვანი და განსხვავებული საზოგადოების ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ერთი ხართ, საზოგადოება კი მრავალი ადამიანისგან შემდგარი, მაინც შესაძლებელია ორიგინალური საუბრითა და მანერებით მოხიბლოთ ადამიანთა უმრავლესობა.

იმისთვის, რომ დაამყაროთ ეფექტური კომუნიკაცია და დატოვოთ სასიამოვნო მოსაუბრის შთაბეჭდილება, მიჰყევით ქვემოთ მოყვანილ ნაბიჯებს.

1.გულწრფელად დაინტერესდით სხვა ადამიანებით - ნუ იქნებით ხელოვნურები, დიალოგისას გულდასმით მოუსმინეთ მოსაუბრეს და დასვით კითხვები თქვენი ინტერესიდან გამომდინარე. გახსოვდეთ, გულწრფელობა თქვენდამი კეთილად განაწყობს მსმენელს.

2.გაიღიმეთ, უსმინეთ და ალაპარაკეთ - პოზიტიური დამოკიდებულება თანამოსაუბრის მიმართ, აუცილებლად დაგეხმარებათ საუბრის დასაწყისშივე სასიამოვნო შთაბეჭდილება შექმნათ. ეცადეთ თქვენს პარტნიორზე მეტი არ ილაპარაკოთ. სათქმელი ლაკონურად ჩამოაყალიბეთ და დაელოდეთ მისგან ინიციატივის გამოჩენას. ეს მეთოდი ასევე, დაგეხმარებათ თანამოსაუბრის უკეთ გაცნობასა და მისი ინტერესების გაგებაში.

3.მიეცით ადამიანს საკუთარი პრესტიჟის გადარჩენის საშუალება - თუ თქვენს მოსაუბრეში რაიმე არ მოგწონთ, მაშინ ნუ მიუთითებთ მას პირდაპირ შეცდომაზე. მნიშვნელოვანია, გულწრფელად აგრძნობინოთ თქვენს მოსაუბრეს მისი მნიშვნელობა და ღირსება, დაიწყეთ მოსაუბრის შექებითა და მისი ღირსების გულწრფელი აღიარებით. გახსოვდეთ, სანამ თანამოსაუბრის შეცდომაზე დაიწყებდეთ საუბარს, ჯერ საკუთარი გაიხსენეთ და განიხილეთ. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ აკრიტიკოთ სხვა.

4.წაახალისეთ და შექმენით წარმოდგენა, რომ ნაკლი, რომლის გამოსწორება სხვა ადამიანში გინდოდათ, ადვილად გამოსწორებადია - თქვენ შეგიძლით მისცეთ შენიშვნა ამა თუ იმ ნაკლის გამო, მაგრამ ნუ შეეცდებით მის დათრგუნვას. აგრძნობინეთ, რომ აღმოუფხვრელი პრობლემები არ არსებობს, მთავარია ჩვენ გვქონდეს მათთან გამკლავების ძალა.

5.მიულოცეთ ყოველი მისი წარმატება და აღნიშნეთ წინსვლა - მოსაუბრემ უნდა იგრძნოს, რომ თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ და დააფასოთ მისი შრომა.  მისთვის  სასიამოვნოა, როცა წარმატებით მიღებულ სიხარულს სხვებს უზიარებს. თქვენი ყურადღება მოსაუბრეს არ გამორჩება და სიამოვნებით გაგიზიარებთ მიღებულ გამოცდილებას.

და ბოლოს, ყოველთვის ეცადეთ თავი აარიდოთ კამათს. ეს თქვენსა და მოსაუბრის რეპუტაციაზე ცუდად იმოქმედებს.

გახსოვდეთ, კამათში გამარჯვების საუკეთესო ხერხი, კამათის აცილებაა.
 


დეილ კარნეგის მიხედვით

 

| გააზიარე
მოგწონთ?