წარმატებული გოგონა 90-იანი წლებიდან


ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი ქრისტინე მილორავაა. იგი პროფესიით ფსიქოლოგია, არის გაცვლითი პროგრამების კოორდინატორი ასევე მუშაობს საერთაშორისო განათლების ამერიკულ საბჭოებში. 

ცხოვრების რთული გაკვეთილების მიუხედავად, მან საკმაოდ პატარა ასაკში შეძლო წარმატებული პიროვნება შემდგარიყო, თუმცა, მისი აზრით, ეს ჯერ კიდევ არ არის წარმატება, ეს წარმატებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯებია. 

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ახალგაზრდა ხართ როგორია თქვენი ცხოვრების ისტორია?
ჩემი ასაკის მიუხედავად, ვთვლი, რომ საკმაოდ რთული გზა გამოვიარე. ჩვეულებრივი 90-იანელი პატარა გოგონას ბავშვობა მქონდა. ჩემი ოჯახი ბევრი სირთულის გადალახვას და პრობლემის მოგვარებას ცდილობდა საარსებო მინიმუმის მისაღწევად. მოზარდობის ასაკში ჯერ ერთი მშობელი გარდამეცვალა და შემდეგ მეორე. ეს ყველაფერი ისე მოკლე მონაკვეთში მოხდა, რომ გააზრება ვერც კი მოვახერხე, ამის გამო 14 წლის გოგონას ისეთი გადაწყვეტილებების მიღება მიწევდა, რომელიც ჩვეულებრივ მოზარდს არ აწუხებს. დღეს ცხოვრების ამ ეტაპს, რომ ვუყურებ მიკვირს როგორ გადავლახე ეს პერიოდი. ბევრმა ადამიანმა პირდაპირ თუ ირიბად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და დამეხმარა საკუთარი გზის არჩევაში. შემდეგ ჩემში გაჩნდა მონდომებული, შეშინებული, პატარა გოგონა, რომელიც უდიდესი სიცარიელის მიუხედავად პატარა მიზნისკენ სწრაფვას იწყებდა. საბედნიეროდ, გვერდით დამიდგა რამდენიმე ძვირფასი ადამიანი, რომელთა მიმართ მადლიერების გრძნობა ცხოვრების ბოლომდე გამყვება.

როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები წარმატების გზაზე?
სირთულეების მიუხედავად წარმატების მიღწევის სურვილი იმდენად დიდი იყო მიზნისკენ სწრაფვას არ ვწყვეტდი. ალბათ, ყველაზე დიდი და ცხოვრებისეული ცვლილებების მომტანი ჩემი გაცვლითი პროგრამა FLEX-ში მონაწილეობა იყო, რომლის საფუძველზეც ერთი წლით სასწავლებლად ამერიკაში გავემგზავრე. მართალია, უცხო ქვეყანაში სულ ერთი წელი გავატარე, მაგრამ ეს დრო გარდამტეხი აღმოჩნდა, როგორც ჩემს ხედვებში, ისე ინდივიდუალურ დამოკიდებულებებში. ჩამომიყალიბდა საკუთარი თავის რწმენა და მივხვდი, რომ შემეძლო წარმატებული ვყოფილიყავი.

რა გარე ფაქტორებმა მოახდინა გავლენა თქვენზე როგორც წარმატებულ ადამიანზე?
ჩემი აზრით, გარე ფაქტორები ბიზნესის წარმატებაზე ახდენს უდიდეს გავლენას, მაგრამ პიროვნული წარმატების მიღწევას გარე ფაქტორებზე უფრო მონდომება და საკუთარი თავის რწმენა სჭირდება. 11 წლის წინ, ჩვენ ვცხოვრობდით ისეთ საქართველოში, სადაც წარმატებას უმეტესად ''დიდი მამიკოს'' შვილები აღწევდნენ, მაშინ მე ამის იმედი არ მქონდა. ამიტომ საკუთარი თავის მოსმენა და რწმენა დავიწყე, რაც ძალიან დამეხმარა. შესაბამისად, გარე ფაქტორები  იშვიათად არის ჩემი მოტივაციის მიზეზი. ფაქტია, რომ ჩემთვის შინაგან მოტივაციას მოაქვს შედეგი.

როგორია თქვენი წარმატების ფორმულა?
მონდომება, შინაგანი მოტივაცია და არ დანებება ჩემი წინსვლის მიზეზია. წარმატებამდე ჩემი აზრით, ჯერ კიდევ დიდი გზა მაქვს, თუმცა ახლა როგორც ვარ და სადაც ვარ ამ დიდი გზის ნაწილია.

თქვენი რჩევა ადამიანებს, რომელთაც სურთ წარმატების მიღწევა:
როდესაც რაღაცაზე ოცნებობთ ნუ დატოვებთ ამ ოცნებას აუხდენელ მოგონებად. აქციეთ ის მიზნად და ყველაფერი გააკეთეთ ამისათვის. თუ ოცნება არ გაშინებთ, ესე იგი არ არის საკმარისად დიდი.  არ დანებდეთ, ამ მიზნისკენ სწრაფვაზე მომართეთ საკუთარ თავში ყველაფერი და აუცილებლად გამოგივათ. აუხდენელი ოცნება არ არსებობს, წარუმატებელი შედეგი კი მხოლოდ ხელმეორედ დასაწყები ბრძოლის ნაწილია. ასე რომ, იბრძოლეთ იქამდე სანამ თქვენი ოცნება რეალობად არ იქცევა!

როგორია თქვენი სამომავლო მიზნები?
ბევრი მიზანი მაქვს, თუმცა ამ ეტაპზე კარიერულ წინსვლასა და პირადი ცხოვრების ჰარმონიული ბალანსის დაცვით შემოვიფარგლები, ამისთვის ორივე ფრონტზე დატვირთულად და გულუხვად ვიბრძოლებ.


ხატია სირბილაძე

| გააზიარე
მოგწონთ?