ყოველდღიური არჩევანი, რომელიც ცვლის ჩვენს ცხოვრებას


„ცხოვრება - ეს არაა პირადი საქმე. ეს ისტორიაა, მისი გაკვეთილები სასარგებლო მხოლოდ მაშინაა, თუ მას სხვებსაც გაუზიარებ!“ - მაგრამ, ცხოვრობ კი ისე, რომ შენი ცხოვრების გაზიარება სხვებისთვის ღირებული იყოს?!

თუ ეს კითხვა დაგაფიქრებს და პასუხი არ დაგაკმაყოფილებს, მაშინ დროა დაიწყო ამ წუთიდან. შეცვალო ის, რაც არ მოგწონს, რადგან „უმჯობესია, მოკვდე თავისუფლებისთვის ბრძოლაში, ვიდრე შენი ცხოვრების თითოეული დღის ტყვედ დარჩე.’’ გააკეთე ეს არჩევანი ყოველდღე ახლიდან და გახდი განსაკუთრებული, რომ შენი ისტორია სხვებისთვის საზიარო გახდეს, შენი წარმატების გზა - მაგალითი და შენი ოცნება - მოტივაცია.

თქვენ აკეთებთ არჩევანს, იყოს თუ არა ყველაფერი კარგად. ამისათვის თქვენი დაუღალავი შრომა და თავგანწირვაა საჭირო. იმას, რასაც დღეს გააკეთებთ, თქვენს ხვალინდელ ცხოვრებას მოიტანს შედეგად და თუ გსურთ ხვალაც მიიღოთ ნაყოფი, დათესეთ ის ყოველდღე. გახსოვდეთ, თუკი ოდნავ მაინც მოადუნებთ ყურადღებას, ან თუ ვერ შეინარჩუნებთ კონცენტრაციას, მაშინვე უკან დაბრუნდებით და ყველაფრის ახლიდან დაწყება მოგიწევთ. ამ დროს კი ხშირია დანებება, მიზნის უარყოფა, მოქმედების შეწყვეტა და მოდუნება.

თუ თქვენ ჩვენი ჟურნალის აქტიური მკითხველი ხართ უკვე იცით პოზიტიური აზროვნების სასწაულმოქმედი ძალის შესახებ. იცით ისიც, რომ არასდროს უნდა დანებდეთ, ყოველთვის უნდა იმოქმედოთ აქტიურად, ნებისმიერ ფასად იაროთ წინ, თუნდაც ნელი ნაბიჯებით, იოცნებოთ, იყოთ თამამი და გაბედული გადაწყვეტილებების მიღებისას და აუცილებლად მიხვიდეთ დანიშნულების ადგილამდე.

ყოველდღე თითოეულ ჩვენგანს უამრავი არჩევანის გაკეთება უწევს კარგსა და ცუდს შორის. ასევე სიკეთესა და ბოროტებას, თეთრსა და შავს, მოქმედებასა და უმოქმედობას, პესიმიზმსა და ოპტიმიზმს, ჩვეულებრივობასა და განსაკუთრებულობას შორის და ა.შ. უამრავი ურთიერთსაპირისპირო მდგომარეობა გვხვდება ბუნებაში. სწორედ ეს ყოველდღიური არჩევანი განსაზღვრავს ჩვენს ცხოვრებას, აძლევს მას მიმართულებას და სწორედ რომ ჩვენზეა დამოკიდებული ექნება მას ჩარჩოები, გარკვეული საზღვრები თუ ფრთები ნებისმიერ ბარიერზე გადასაფრენად და უსაზღვრო სივრცეებში ლაღად სანავარდოდ.

ვინ ვართ დღეს, სად ვართ ახლა და რას გავაკეთებთ ხვალ შედეგია იმისა, რის სასარგებლოდ გავაკეთეთ არჩევანი გუშინ.

გახსოვდეთ! ბუნებაში ყოველივე მიზეზ-შედეგობრივობის კანონს ემორჩილება. ოცნების ასახდენად მხოლოდ ჩვენთვის შეუძლებლის წარმოდგენა და ყოვლისმომცველი სურვილი საკმარისი არაა. ოცნება ყოველდღიური არჩევანი და შრომაა, რომელსაც უამრავი სირთულე ხვდება გზად, თუმცა ამ თავბრუდამხვევი და წინააღმდეგობებით აღსავსე თავგადასავლის ბოლოს მაინც იფიქრებთ, რომ მიუხედავად სირთულეებისა, ბრძოლა ყოველთვის ღირდა!

 

| გააზიარე
მოგწონთ?