10 მარტივი რჩევა ეფექტური პრეზენტაციისთვის


პრეზენტაციის ეფექტურად წარდგენა ერთგვარი ხელოვნებაა, რომელიც გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. მას ხშირად წინ უძღვის დაძაბულობა, შესაბამისად, საჭიროა სათანადო მომზადება, რომ სწორად ვმართოთ ემოციები და მოვიქციოთ აუდიტორიის ყურადღება. 
 

გთავაზობთ 10 ძირითად პუნქტს, რომელიც პრეზენტაციის საინტერესოდ ჩატარებაში დაგეხმარებათ

 

1.კარგად შეისწავლეთ ის საკითხი, რის შესახებაც პრეზენტაციას გეგმავთ. ეს შეგმატებთ თავდაჯერებულობას და მღელვარებაც გაქრება. ასევე მზად უნდა იყოთ დამატებითი შეკითხვებისათვის, რომელიც შეიძლება აუდიტორიას გაუჩნდეს.

2.წინასწარ გაარკვიეთ ვინაა თქვენი აუდიტორია, ეცადეთ ისაუბროთ მარტივად და გარკვევით, გქონდეთ მხედველობითი კონტაქტი, იყავით უშუალო და ბუნებრივი.

3.დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა: რა არის ჩემი პრეზენტაციის მიზანი? (ადამიანების რეაქცია, მოქმედება) სწორედ ამას ეფუძნება წარმატებული პრეზენტაცია.

4.პრეზენტაციის დაწყების წინ წარადგინეთ საკუთარი თავი და თემა, რომელზეც უნდა ისაუბროთ.

5.პრეზენტაცია უნდა შედგებოდეს: შესავლით, უშუალოდ პრეზენტაციით და დასასრულით. შესავალი უნდა დაიწყოთ რაიმე შესაფერისი ისტორიით. მთავარი ნაწილი თემის დეტალური განხილვით უნდა გაგრძელდეს და დასასრული უმჯობესია, რომ მამოტივირებელი და შთამაგონებელი იყოს.

6.მნიშვნელოვანი საკითხია - სლაიდები. სლაიდისათვის გამოიყენეთ რამოდენიმე ფერი და არა „ცისარტყელა“, ფერები უმჯობესია იყოს კონტრასტული, ეცადეთ არ დატვირთოთ ტექსტით, გამოიყენოთ გრაფიკული და ცხრილური მხარე. სლაიდი ისე უნდა იყოს მიწოდებული, რომ აუდიტორიას გაუადვილდეს ინფორმაციის აღქმა. სლაიდების რაოდენობა სასურველია, 10-ს არ აღემატებოდეს, ამ ინფორმაციის მიღება ადვილად შეუძლია მსმენელს. გახსოვდეთ, სლაიდი მნიშვნელოვანია, თუმცა ეს არ არის პრეზენტაციის ყველაზე მთავარი მხარე, იგი დამხმარე საშუალებაა.

7.გაიარეთ რეპეტიცია.

8.ნუ დაიჭერთ ხელში ფურცლებს, ნუ წაიკითხავთ სლაიდებს, არ დატოვოთ აუდიტორია უყურადღებოდ, ესაუბრეთ მთელ დარბაზს.

9.ნუ იქნებით ზედმეტად სერიოზული, ღიმილი წარმატების წინაპირობაა.

10.იყავით თავდაჯერებული, ენთუზიაზმით სავსე და ეცადეთ სხვებსაც გადასდოთ თქვენი ხასიათი. არ შეგეშინდეთ აუდიტორიის, მოიპოვეთ მსმენელის ნდობა. ეს თქვენთვის გამოცდაა, რომელიც უნდა ჩააბაროთ.

 

გისურვებთ წარმატებებს!

 

ხატია სირბილაძე

| გააზიარე
მოგწონთ?