რა უნდა ვიცოდეთ კონფლიქტის შესახებ?


რა არის კონფლიქტი? რა უშლის ხელს მის მოგვარებას და როგორ შეიძლება კონფლიქტი დავასრულოთ ისე, რომ იყოს ‘‘ორი მოგებული’’ და არა ‘‘მოგებული და წაგებული’’ მხარე?  სწორედ ამ კითხვებზე გაგცემთ პასუხს ამ სტატიაში.

 

კონფლიქტს ხშირ შემთხვევაში განაპირობებს ადამიანთა შინაგანი ფაქტორები, მაგალითად, როდესაც ჩვენი მოტივები, მიზნები, იდეალები, მოთხოვნები თუ სხვა რამ, არ ემთხვევა მეორე პიროვნების მოთხოვნებს, იდეალებს, მიზნებს და ა.შ. კონფლიქტი შეიძლება წარიმართოს ოჯახის წევრებს, მეგობრებს, თანამშრომლებს შორის და რაც უფრო მეტად არიან ადამიანები ერთმანეთზე დამოკიდებული, მით მეტ საკითხზე შეიძლება მოხდეს მათ შორის უთანხმოება.

 

რა უშლის ხელს კონფლიქტის მოგვარებას? ერთ-ერთი მიზეზი დაკავშირებულია ჩვენს მცდარ შეხედულებებთან, მაგალითად: ‘‘უმჯობესია კონფლიქტს თავი ავარიდოთ’’, ‘‘დროსთან ერთად პრობლემაც გაქრება’’, ‘‘კონფლიქტი ურთიერთობის გაფუჭებას ნიშნავს’’, ‘‘იგი ჩვენს უარყოფით მხარეზე მიანიშნებს’’, ‘‘ნებისმიერ კონფლიქტში უნდა იყოს წაგებული და მოგებული’’ და სხვა.

 

აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ის, რომ კონფლიქტში არ არსებობს მოგებული და წაგებული მხარეები. თავისუფლად შეიძლება ორივე მხარე დარჩეს მოგებული, ამის მიღწევა კი შემდეგი რჩევების გათვალისწინებით შეიძლება:

 

არ დახუჭოთ თვალი არსებულ სიტუაციაზე - წინასწარ უნდა იფიქროთ პრობლემურ საკითხზე და მისი გადაწყვეტის გზებზე.

კონფლიქტის დროს ეცადეთ დაეყრდნოთ ფაქტებს - აუცილებლად აარიდეთ თავი განსჯასა და ერთმანეთის დადანაშაულებას.

დიდი ყურადღება მიაქციეთ კომუნიკაციას - მოუსმინეთ პირველმა და ისაუბრეთ მეორემ.

აკონტროლეთ ხმის ტონი - ალბათ დაკვირვებიხართ, როდესაც ვინმესთან გაქვთ კონფლიქტი საუბრობთ ხმამაღლა და რატომ ხდება ასე? ხშირ შემთხვევაში ერთი პიროვნება საუბრობს ხმამაღლა, შემდეგ მეორე ფიქრობს თუ მასზე მაღალი ხმით არ ისაუბრებს, ისე ვერ გააგებინებს თავის მოსაზრებას, ამიტომ ისიც უწევს ხმის ტონს, შემდეგ ანალოგიურად მეორე პიროვნება კიდევ უფრო ხმამაღლა საუბრობს და გრძელდება ასე, სანამ ორივე ან ერთ-ერთი არ მიხვდება, რომ რეალურად არც ერთს არ ესმის ერთმანეთის ხმა. რა უნდა გაააკეთოთ ამ დროს? სასურველია, გაჩუმდეთ, აცადოთ მეორე პიროვნებას თქვას თავისი სათქმელი და შემდეგ თქვენ დააფიქსიროთ თქვენი აზრი. დამიჯერეთ, ის მალევე  დაუწევს ხმის ტონს, რაც დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ ერთმანეთის აზრი.

აკონტროლეთ ემოციური მდგომარეობა - თუ პარტნიორი გაბრაზებული და აგრესიულია, დაეხმარეთ შიდა სტრესის შემცირებაში, რადგან მანამდე მასთან მოლაპარაკება შეუძლებელი იქნება. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ხმის ტონი, არ აყვეთ ემოციებს, არ მისცეთ ვინმეს საშუალება გადმოგდოთ აგრესია და აგიყოლიოთ.

არ გახადოთ კონფლიქტი საჯარო - როდესაც მესამე მხარე ერევა კონფლიქტში, თქვენ შეიძლება გადახვიდეთ კონფლიქტის მოგებაზე და არა მოგვარებაზე.

ყოველთვის იფიქრეთ მეორე მხარეზე და გაიაზრეთ მის პოზიცია - სიტუაციას აუცილებლად შეხედეთ მეორე მხარის თვალით.

თავიდან აიცილეთ  უარყოფითი ემოციური მდგომარეობა - ,,რატომ ხარ გაბრაზებული?" და მსგავსი ფრაზები, მხოლოდ გააძლიერებს კონფლიქტს.

 

და ბოლოს, კონფლიქტისგან თავის არიდება მხოლოდ მაშინ არის მიღებული, როდესაც მეორე მხარე აფექტურ მდგომარეობაშია, არ ესმის თქვენი და თქვენ შეურაცხყოფასაც არ მოერიდება, ამ დროს თქვენს აღელვებას, გაბრაზებასა და ჭკუის სწავლებას აზრი არ აქვს, რადგან ის უშედეგო იქნება. გირჩევთ, გაჩუმდეთ ან უბრალოდ გაანეიტრალოთ სიტუაცია, შემდეგ კი იმ დროს მიხვიდეთ საკითხის გასარკვევად, როდესაც მეორე მხარეც და თქვენც დამშვიდებული იქნებით და გაანალიზებული გექნებათ პრობლემის არსი. გახსოვდეთ, კონფლიქტიდან მხოლოდ გასვლა არ არის გამოსავალი, რადგან ის აუცილებლად დარჩება თქვენს გონებაში და ადრე თუ გვიან ამოხეთქავს, ამიტომ აუცილებლად დაუბრუნდით პრობლემას და მოაგვარეთ ის.

 

| გააზიარე
მოგწონთ?