რატომ უნდა დავრჩეთ ჩვენი მიზნების ერთგული და ვაკეთოთ საყვარელი საქმე ბოლომდე


ხშირად შეხვდებით ადამიანებს, რომლებმაც იციან, რომ აქვთ ამა თუ იმ საქმის კეთების უნარი და აღმოაჩინეს სფერო, რომელშიც შეუძლიათ წარმატების მიღწევა, მაგრამ არ მიჰყვებიან საკუთარ ინტერესებს ბოლომდე და ადვილად ივიწყებენ საქმეს, რომელსაც წარმატების მოტანა შეუძლია მათთვის. ერთი შეხედვით, თითქოს წარმოუდგენელია საყვარელ საქმიანობაზე უარის თქმა, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მოგიყვებიან მსგავსი ტიპის შეცდომების შესახებ, რომლებიც საკუთარ თავზე გამოსცადეს  და სინანულით გააქნევენ თავს. თუმცა სინანული მოგვიანებით ჩნდება, ახალგაზრდობაში კი ადამიანები ხშირად იღებენ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებს და ცხოვრების დინებას მიჰყვებიან.

საინტერესოა, რა არის მიზეზი იმისა, რომ ადამიანები თავიანთი ნებით ამბობენ უარს საკუთარ ინტერესებზე, რატომ არ შეუძლიათ საყვარელ საქმეს ბოლომდე მიუძღვნან გული? რა აიძულებთ უარი თქვან საკუთარ ოცნებებზე და ხელმოცარული დარჩნენ. საინტერესოა, შესაძლებელია თუ არა ავიცილოთ მსგავსი შეცდომები თავიდან და დავრჩეთ საყვარელი საქმის ერთგული ბოლომდე. 

მთავარი მიზეზი, რის გამოც ადამიანები უარს ამბობენ საყვარელ საქმიანობაზე არის ის, რომ პირველივე დაბრკოლების შემთხვევაში ეჭვი შეაქვთ საკუთარ შესაძლებლობებში და უკან იხევენ. ფიქრობენ, რომ წინ კიდევ უამრავი დაბრკოლება ელოდებათ, რომელთაც ვერ შეძლებენ წარმატებით გაართვან თავი. შიში მათ აიძულებთ დაიხიონ უკან და უარი თქვან საკუთარ ოცნებებზე. ნუ შეგეპარებათ საკუთარ ძალებში ეჭვი. იყავით გაბედული და უბრალოდ მოემზადეთ დაბრკოლებების გადასალახად. დამიჯერეთ თქვენი საქმიანობა ამად ნამდვილად ღირს.

მეორე მიზეზი, რის გამოც ადამიანები უარს ამბობენ თავიანთ წამოწყებაზე არის ის, რომ ისინი ადვილად ექცევიან სხვების აზრის გავლენის ქვეშ, რომელიც ყოველთვის როდია დადებითი. გახსოვდეთ, ადამიანები როდი გამოდგებიან იმ საქმის ექსპერტებად, რომელშიც თავად არასდროს მოუსინჯავთ ძალები. ამიტომ ენდეთ მხოლოდ საკუთარ ინტუიციას - რომელიც ყოველთვის გეტყვით რისი მიღწევა შეგიძლიათ სინამდვილეში.

შემდეგი მიზეზი, რომელიც გვაიძულებს დავიხიოთ უკან და უარი ვთქვათ საკუთარ ინტერესებზე არის ის, რომ საყვარელ საქმეს როდესაც ვასრულებთ, შესაძლოა დასაწყისში ვერ მივიღოთ ფინანსური სარგებელი, რადგან პირველ ეტაპზე საყვარელი საქმე, ყოველთვის როდია სარფიანი. ამ მიზეზით კი ადამიანების ერთ ნაწილს მოტივაცია ეკარგება და აღარ მიჰყავთ საყვარელი საქმე ბოლომდე. გახსოვდეთ, თუ ნებისყოფა გეყოფათ და თქვენ საყვარელ საქმეს იმ საქმის კეთებას არ ამჯობინებთ, რომლის შესრულებაშიც ფულს გადაგიხდიან, დადგება დრო, როდესაც საყვარელი საქმეც მოგიტანთ შემოსავალს.

ასე რომ აუცილებელია გამოვიჩინოთ ნებისყოფა, გავხდეთ საკმარისად ძლიერები და გვჯეროდეს ჩვენი მიზნების და ოცნებების, რადგან ნებისყოფის გარეშე შეუძლებელია იმ მწვერვალების დაპყრობა, რომლებიც ასე მოგვწონს და გვხიბლავს. ხოლო საქმეს, რომელსაც სიყვარულით მოვეკიდებით, აუცილებლად მოჰყვება წარმატება, უბრალოდ ამისათვის საჭიროა მიზანდასახულობა, დაუღალავი შრომა და ნებისყოფა. 

ერთი წუთით წარმოიდგინეთ რას იგრძნობთ, როდესაც წლების შემდეგ გააცნობიერებთ, რომ ცხოვრებამ მოგცათ შესაძლებლობა გეკეთებინათ საყვარელი საქმე. გქონდათ საქმის კეთების უნარი, სწორ გზაზე იდექით, მაგრამ მიუხედავად ამისა, უკან დაიხიეთ და ხელმოცარული დარჩით. ამ ყველაფრის გააზრების შემდეგ, აუცილებლად იგრძნობთ სინანულს, ამიტომ თუ ჩვენ მივუძღვნით გულს საყვარელ საქმეს და ბოლომდე ვუერთგულებთ მას, აუცილებლად გავიმარჯვებთ და შევძლებთ ვიამაყოთ საკუთარი მიღწევებით, რადგან სამყაროში საკუთარი ნიჭის რეალიზება ყოველთვის იძლევა შესაძლებლობას ვიცხოვროთ ბედნიერი ცხოვრებით.

| გააზიარე
მოგწონთ?