როგორ დავიბრუნოთ დაკარგული მოტივაცია?


„სამყაროში არაფრის ქონა ან კეთება არ ღირს მანამ, სანამ ის არ გულისხმობს ძალისხმევას, ტანჯვას, სირთულეს... ჩემს ცხოვრებაში არასდროს შემშურვებია იმ ადამიანისა, რომელიც მარტივ ცხოვრებას ეწეოდა“.

თეოდორ რუზველტი

            ადამიანები უმეტესად აწმყოზე ორიენტირებულები ვართ და გვსურს, რომ სასურველი დაუყოვნებლივ მივიღოთ. როცა ეს ასე არ ხდება, მღელვარება გვიპყრობს და მზად ვართ, ხელი ავიღოთ დასახული მიზნის მიღწევაზე. ეს სრულიად ნორმალური რეაქციაა, მაგრამ თავის დანებება სულაც არ არის სწორი გადაწყვეტილება.

ჩვენ გვავიწყდება, რომ ის, რისთვისაც ბრძოლა ღირს, საკმაოდ რთული მისაღწევია, რადგან ვაწყდებით არაერთ ბარიერს, რომელთა გადალახვაც ზოგ შემთხვევაში ძნელ საქმედ წარმოგვიდგება. ზოგიერთი ჩვენგანი შეიძლება საკუთარ შესაძლებლობებშიც კი დაეჭვდეს და უარი თქვას მის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ყველაფრის უკან მიტოვება კი ძალიან მარტივი რამაა. სინამვილეში კი არაფერია შეუძლებელი მანამ, სანამ ჩვენ ვფიქრობთ ასე.

            რა უნდა მოვიმოქმედოთ მაშინ, როდესაც თავის დანებების მძაფრი სურვილი გვიჩნდება? როგორ დავიბრუნოთ დაკარგული მოტივაცია?

            პირველ რიგში, უნდა გაიხსენო ის მიზეზები, რომელთა გამოც წამოიწყე საქმე; უნდა იფიქრო იმაზე, თუ როგორ ძლიერ გინდა დასახული მიზნის მიღწევა. იმის გახსენება, თუ რისთვის იბრძვი და რაში ხარჯავ შენს რესურსებს, ძალას გმატებს და გარწმუნებს, რომ ახლა, ამ მომენტში არსებულ სირთულეებთან გამკლავება თუნდაც დიდი ძალისხმევის სანაცვლოდ, ნამდვილად ღირს.

            ამის შემდეგ კარგად უნდა დაფიქრდე იმაზე, თუ რამ მიგიყვანა თავის დანებების გადაწყვეტილებამდე. მიაკვლიე რეალურ მიზეზებს და იზუნე მათ მოგვარებაზე.

            როცა ხელისშემშლელ ფაქტორებს უკან მოიტოვებ, წარმოიდგინე სურათი, რომელიც ასახავს საბოლოო შედეგს შენი მიზნისა. ეს მოგცემს უფრო მეტ სტიმულს ბრძოლისთვის, შთაგაგონებს ამ პროცესში და დაგეხმარება წინსვლაში.

            მზად უნდა იყო ყველა მოულოდნელი დაბრკოლებისათვის, ამიტომ ძირითადი სამოქმედო გეგმის გარდა შეიმუშავე სხვა ალტერნატიული გეგმაც, რომელსაც მოვლენების სხვაგვარი გზით განვითარების შემთხვევაში გამოიყენებ.

            ირგვლივ შემოიკრიბე ადამიანები, რომლებიც შთაგაგონებენ და მოტივაციას გაძლევენ. გაიზიარე მათი გამოცდილება და მიიღე რჩევები მათგან.

            იზეიმე ყოველი შენი პატარა წარმატება შენ მიერ წამოწყებულ საქმეში. იფიქრე არა იმაზე, თუ კიდევ რამდენი ნაბიჯი დაგრჩა გასავლელი საბოლოო შედეგის მისაღწევად, არამედ იმაზე, რაც უკვე წარმატებით განვლე და გახსოვდეს, რომ ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს.

| გააზიარე
მოგწონთ?