პრიალა ქაღალდზე ახდენილი ოცნება


ცხოვრებაში თითოეულ ადამიანს აქვს თვითრეალიზების სურვილი – ეს ყველა ჩვენგანის ფსიქოლოგიური მოთხოვნილებაა. XX საუკუნის გერმანელმა მეცნიერმა, ალბერტ აინშტაინმა წარმატების შესახებ, ნახევრად ხუმრობით, ასეთი ფორმულა მოგვცა: წარმატება = იშრომე + დაისვენე + ენას კბილი დააჭირე.
 

საინტერესოა, როგორია ჩემი დღევანდელი რესპოდენტის ჟურნალ Hello!-ს ჟურნალისტის და ძალიან მრავალფეროვანი ადამიანის, 25 წლის ელენე მარგალიტაშვილის წარმატების ფორმულა.
ეს სწორედ ის გოგონაა, რომელმაც პროფესიულ კარიერაზე ზრუნვა სტუდენტობიდან დაიწყო და დღეს, უკვე თავის სფეროში საკმაოდ წარმატებული ადამიანია.


როგორ დაიწყო თქვენი პროფესიული კარიერა? გაიხსენეთ პირველი ნაბიჯები ჟურნალისტიკაში.
პირველ ნაბიჯებზე თუ ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გავიხსენო, რომ ჯერ კიდევ ძალიან პატარა ვიყავი და კითხვაც კი არ ვიცოდი, როცა პაპაჩემის მოტანილ გაზეთებს უსასრულოდ ვფურცლავდი და ვათვალიერებდი. ყველაფერი კიდევ უფრო გამძაფრდა, როცა კითხვა ვისწავლე და პრიალა ჟურნალების გაცნობა დავიწყე. ამას დაემატნენ სხვადასხვა გადაცემის მოგზაური ჟურნალისტები, რომელთაგან ერთ-ერთი, გიორგი ახვლედიანი, სიუჟეტს რიო-დე-ჟანეიროდან აკეთებდა. ბრაზილია, ზოგადად, ჩემი N1 ოცნება იყო და არის. მაშინ, ბავშვური აზროვნებით, ვიფიქრე, რომ მეც ჟურნალისტი თუ გავხდებოდი, იქ წასვლას შევძლებდი. მოკლედ, ყველაფერი, რაც ჩემთვის საინტერესო და ძვირფასი იყო, ამ პროფესიას დაუკავშირდა. ამიტომ, მშობლებს აღარც უცდიათ, წინააღმდეგობა გაეწიათ, როცა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩაბარება გადავწყვიტე.

საბედნიეროდ, გამიმართლა და გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში მოვხვდი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ის, რასაც დღეს წარმოვადგენ, იქაური ლექტორებისა და მეგობრების დამსახურებაა. რადიოსთან, რომელიც ჩემი პირველი სამსახური იყო, შეხება სწორედ უნივერსიტეტში მქონდა. იქ ვისწავლე ტელეგადაცემისთვის სცენარის დაწერა, მისი გადაღება, დამონტაჟება... პაატა ნაცვლიშვილის დამსახურებით კი, იქვე გავხდი პირველი სტუდენტური გაზეთის თანარედაქტორი. სწორედ იქ, მეგობრებთან ერთად, გავეცანი ვაკანსიას, რომელმაც პირველი კარიერული ნაბიჯი გადამადგმევინა. ეს იყო რადიო STAR FM 93.9, სადაც კონკურსით მოვხვდი და წამყვანად თითქმის ოთხი წლის განმავლობაში ვიმუშავე. გამოცდილება, რომელიც ამ სამსახურმა დამიტოვა, ჩემთვის დღემდე ძალიან ძვირფასია.
 


რა სიძნელეები შეგხვდათ კარიერული ზრდის ეტაპზე?
მთავარი სიძნელე გაგზავნილ რეზიუმეებზე მიღებული იგნორი იყო. ყველგან არაადეკვატური მოთხოვნები ჰქონდათ. რატომღაც, უნივერსიტეტში მიღებულ გამოცდილებას სერიოზულად არავინ აღიქვამდა. ეს დღემდე მწყვეტს გულს იმიტომ, რომ ჩემ გარშემო კიდევ ძალიან ბევრი მონდომებული, შრომისმოყვარე, საოცრად ნიჭიერი ახალგაზრდაა, რომლებსაც გამოცდილების უქონლობის გამო, მუშაობას არ აწყებინებენ. არადა, სად უნდა მიიღონ ეს „მრავალწლიანი გამოცდილება“, თუ პირველი ნაბიჯების გადადგმის საშუალებას არსად მისცემენ?! ხშირად მეჩვენება ხოლმე უსამართლოდ ის, რომ მე მეოთხე თუ მეხუთე სამსახურს ვიცვლი მაშინ, როცა ჩემზე ნიჭიერ და შრომისმოყვარე გოგონებსა და ბიჭებს სტაჟირებაზეც კი უარს ეუბნებიან! კიდევ ერთი სიძნელე იყო დამოკიდებულება, რომელიც ბევრი რამის სტიმულს მიკარგავდა. როცა თანამშრომელს მოტივაციას ხელფასით ვერ უზრდი და სიტყვიერადაც არასოდეს გამოხატავ კმაყოფილებას, მაშინ მისგან ენთუზიაზმის მაღალ დონესაც აღარ უნდა ელოდო. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ამაზე საწუწუნო აღარაფერი მაქვს, ვიცი, რომ მსგავსი სიტუაცია ბევრ სამსახურშია.

როგორ დაახასიათებთ საკუთარ თავს ჟურნალისტის ამპლუაში?
საკუთარ თავზე საუბარი რთულია. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჟურნალისტიკაზე მთელი არსებით ვარ შეყვარებული. ხშირად ვხუმრობ ხოლმე, „წერას ვყავარ ატანილი-მეთქი“. როცა არ ვწერ, მგონია, რომ მსოფლიოში ყველაზე უსაქმური ადამიანი ვარ. ყველაზე ბედნიერი კი მაშინ ვარ, როცა მეუბნებიან, რომ ჩემი სტატია მოეწონათ და რომ ჩემს ხელწერას ცნობენ... ცალკე სიამოვნებაა რადიო მსმენელებთან ურთიერთობა. ეს მთელი ხელოვნებაა, სხვა სამყაროა. როცა ადამიანები გირეკავენ, გწერენ და საკუთარ ამბებს ისე გიზიარებენ, როგორც ახლობელს, შეუძლებელია, თავი ბედნიერად არ იგრძნო. რადიო საუკეთესო საშუალებაა შენნაირ, ჩემნაირ, ჩვენნაირ ადამიანებთან საურთიერთობოდ და დადებითი ემოციების გასაზიარებლად. მოკლედ, მე ცუდი ამბების ჟურნალისტი არ ვარ და არც არასოდეს ვიქნები. მირჩევნია, ყოველთვის ბედნიერ ჟურნალისტად დავრჩე.

როგორ წარმოედგინა 25 წლის ელენე მარგალიტაშვილის პროფესიული კარიერა 5 წლის წინ და როგორია ის დღეს?
ზუსტად ისეთია, როგორიც წარმომედგინა. ჯერ კიდევ მაშინ, როცა პაპაჩემის მოტანილ ჟურნალებს ვფურცლავდი, ვიცოდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ერთ-ერთი სტატიის ბოლოს, ჩემი ოჯახის წევრები ჩემს სახელსა და გვარს ამოიკითხავდნენ. ასეც მოხდა. თან, ზუსტად ისე ჯადოსნურად, როგორც ვოცნებობდი. ერთადერთი ჟურნალი, რომელში მუშაობაც მომინდა, OK! იყო. ყველა ჟურნალისტის ნაწერს დაკვირვებითა და სიამოვნებით ვკითხულობდი და ძალიან მომწონდა ხოლმე ის თემები, რომლებსაც ეხებოდნენ. ნელ-ნელა ამეკვიატა აზრი, რა მოხდება, რედაქტორს რომ მივწერო და, უბრალოდ, სამუშაო პროცესზე დასწრება ვთხოვო-მეთქი. რამდენიმე თვეში, ეს იდეა განვახორციელე. აღმასრულებელ რედაქტორს Facebook-ზე, ღამის 2 საათზე გავუგზავნე წერილი. მოვუყევი ჩემი გამოცდილების, ოცნებების, მიზნების შესახებ. პასუხი რამდენიმე წუთში დამიბრუნდა. შეხვედრაზე შევთანხმდით. იმ ღამეს არ მძინებია. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ OK!-ში14 თვის განმავლობაში ვიმუშავე და ჩემს რედაქტორს „ოცნებების აღმასრულებელი რედაქტორი“ შევარქვი. ის დღემდე ასრულებს ჩემს ოცნებებს და, ამჯერად, ჟურნალ HELLO!-ს თან ერთად, ყველაზე მნიშვნელოვანი კარიერული ნაბიჯების გადადგმაში მეხმარება.

როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღე?
იყო დრო, როცა დილიდან საღამომდე, რუტინულად ვმუშაობდი. დღე პატარ-პატარა სიახლეების წერით იწყებოდა და ვრცელი ინტერვიუებით მთავრდებოდა. დღეს ჩემი რეჟიმი რუტინული აღარ არის და ენთუზიაზმიც საკმარისზე მეტი მაქვს. საინტერესო ადამიანთან ინტერვიუს ჩაწერა ჩემი საყვარელი პროცესია. არანაკლებ მიყვარს ის გემრიელი მასალები, რომლებსაც HELLO!-სთვის ვთარგმნი ხოლმე. როცა საქმე სტატიებს ეხება, ღამის გათენება ჩვეულებრივი ამბავი ხდება. თუმცა, ეს სასიამოვნო პროცესი უფროა, ვიდრე დაღლილობის მიზეზი. ყველაზე ჯადოსნური კი მაინც ის შეგრძნებაა, როცა საბოლოო შედეგს პრიალა ფურცლებზე ხედავ და ახდენილ ოცნებას ხელით ეხები.

როგორია თქვენი თვალით დანახული დღევანდელი ჟურნალისტიკა/ჟურნალისტი?
არ მიყვარს, როცა ამბობენ, რომ საქართველოში კარგი ჟურნალისტები არ არსებობენ. პირიქით, ძალიან ბევრნი არიან. უბრალოდ, თავის გამოვლენის საშუალება ნაკლებად აქვთ. ბევრი ნიჭიერი, შრომისმოყვარე, ენერგიული და ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდა ჟურნალისტი დღეს დაუსაქმებელია. სხვა გზა რომ აღარ დარჩათ, ბევრი მათგანი მაღაზიაში ან ახლობლის დახმარებით ნაშოვნ რომელიმე სამსახურში მუშაობს. ანდა, სახლში ზის და გაგზავნილ რეზიუმეზე დაბრუნებულ პასუხს უიმედოდ ელოდება. ტელევიზიებში საკმარისზე მეტი რაოდენობით არიან „Candy Crush”-ის მაღალხელფასიანი ჩემპიონები და, მათ გვერდით, თავგანწირვით მომუშავე სტაჟიორები, რომლებსაც სტაჟირების 2-3 წლის თავზე ისევ ვინაობას ეკითხებიან. მოკლედ, ბევრ უსამართლობას ვხედავ და ვისმენ. თუმცა, რაღაც მხრივ, კარგია ის, რომ ინტერნეტჟურნალისტიკამ ასეთი დოზით შემოაბიჯა ჩვენს რეალობაში და ბევრი ჟურნალისტი სწორედ ამ მიმართულებით დასაქმდა. ხელფასები, უმეტესწილად, მიზერულია. მძულს და მეზიზღება ვებგვერდები, რომლებიც „რასაც შემდეგ ნახავთ, გაგაოცებთ“-ტიპის ნიუსებს დებენ და მხოლოდ მნახველების რაოდენობის ზრდაზე არიან ორიენტირებულები. მთავარი, რასაც ვინატრებდი, არის ის, რომ მეტმა მკითხველმა ისწავლოს კარგისა და ცუდის, ხარისხიანისა და უხარისხოს, წასაკითხისა და არწასაკითხის გარჩევა. მხოლოდ ასე თუ გახდება შესაძლებელი, რომ ჟურნალისტიკა უკეთესი მიმართულებით განვითარდეს და უხარისხო და უგემოვნო მასალებმა სოციალური ქსელები აღარ წალეკონ.

სად წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი 1 წლის შემდეგ და როგორია თქვენი პერსპექტიული გეგმები?
ზუსტად ვიცი, რომ ერთი წლის შემდეგ ისევ HELLO!-ს „ბედნიერი ჟურნალისტი“ ვიქნები. პირველი ნომერი ივლისის შუა რიცხვებში გამოდის. ასე რომ, საქმე საკმარისად ბევრია. უფრო შორეულ გეგმებს რაც შეეხება, იმედი მაქვს, რომელიმე ხარისხიანი, საინტერესო და გემოვნებიანი ტოკ-შოუს შემოქმედებითი ჯგუფის წევრი გავხდები და, პარალელურად, წერასაც შევითავსებ. აი, პოლიტიკურ ჟურნალისტიკაში ჩართვას კი არასოდეს ვაპირებ.  ახლა ვოცნებობ, ოდესმე რომელიმე ამერიკულ ან ბრიტანულ ჟურნალსა თუ გაზეთშიც შევძლო ჩემი სახელისა და გვარის ამოკითხვა და საავტორო სვეტის გამოქვეყნება. ეს, ალბათ, სწორედ ის მომენტი იქნება, როცა ვიტყვი, რომ ყველაფერი შევძელი.

გაგვანდეთ წარმატების თქვენეული ფორმულა...
წარმატების ჩემეული ფორმულა მთლიანად ოცნებებსა და რწმენას უკავშირდება. პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, რაზე ოცნებობთ და რა მნიშვნელობას ატარებს ეს ოცნება თქვენთვის. შემდეგ, უნდა ირწმუნოთ, რომ ის აუცილებლად ახდება! ამავდროულად, ძილის წინ მაინც, მასთან დაკავშირებული სხვადასხვა სიტუაცია უნდა წარმოიდგინოთ. გონებრივად და ემოციურად უნდა განეწყოთ ისე, რომ საკუთარ თავს სხვა გზა აღარ დაუტოვოთ. არასოდეს უნდა თქვათ უარი წინსვლასა და ახალ შესაძლებლობებზე. როცა საკუთარ სურვილებში გარკვეული და დარწმუნებული იქნებით, ყველა გზა მათ ასრულებამდე მიგიყვანთ. რაც მთავარია, ძალიან მნიშვნელოვანია, გარშემო შემოიკრიბოთ ის ადამიანები, რომლებსაც თქვენი შესაძლებლობების გულწრფელად სჯერათ.

რას ეტყვით ადამიანს, რომელსაც ამ ცხოვრების იმედი დაკარგული აქვს?
იმედი არასოდეს იკარგება. ის ყოველთვის არსებობს სადღაც, გულის რომელიღაც კუნჭულში. ჩაებღაუჭეთ ამ იმედს და არსად გაუშვათ იმიტომ, რომ სწორედ ის ანთებს იმ ნაპერწკალს, რომელსაც სასწაულების მოხდენა შეუძლია! თან, არ დაგავიწყდეთ, რომ ყველაფერი მაინც მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. თუ ერთ კარს არ გიღებენ, ფანჯრიდან შეხედვაზე კი არ უნდა დათანხმდეთ, არამედ მეორე კარზე უნდა დააკაკუნოთ... და ასე შემდეგ. იმედს თუ არ დაკარგავთ, ერთ-ერთ კარს მაინც გაგიღებენ და აუცილებლად მოხვდებით იქ, სადაც ბედნიერებისგან თვალებაცრემლიანებულები იტყვით, რომ თქვენი ყველა ოცნება ახდა!


ნინო კამლაძე

| გააზიარე
მოგწონთ?