თუ შთაგონება გჭირდება! - პრაქტიკული რჩევები და რეკომენდაციები


ცხოვრებაში არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც შთაგონება შემოგვაკლდება და საკუთარ თავთან გვიჩნდება კითხვა, სად ვეძებოთ შთაგონების წყარო? როგორ ვიპოვოთ მოტივაცია, როდესაც ყველაფერი მოსაბეზრებელი, ერთფეროვანი და ნაცრისფერია, ხოლო საყვარელი საქმე ,,მოსაწყენი” ხდება? საინტერესოა, ყველაზე მეტად რა შთააგონებთ ადამიანებს, წარმატებულ ბიზნესმენებსა და მეწარმეებს? საიდან აქვთ მათ ამდენი ძალა, წლობით იმუშაონ პროექტებზე, მიაღწიონ წარმატებას, მუდმივად იარონ წინ და სჯეროდეთ საკუთარი თავის?

 

ამ კითხვებზე არსებობს პასუხი, შესაბამისად გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, შთაგონების ხელახლა საპოვნელად.
 

საყვარელი საქმე

ალბათ გსმენიათ გამონათქვამი: ,,დაკავდით საყვარელი საქმით და არც ერთი დღე არ მოგიწევთ მუშაობა”. კარგად ანაზღაურებადი ჰობი, დარწმუნებული ვარ, ყველასათვის სასიხარულო იქნებოდა. დილიდან სამსახურში მიმავალი არ იწუწუნებდით, არამედ მადლიერები იქნებოდით ასეთი შანსისათვის. მუზის ძებნაც არ დაგჭირდებათ თუ რეალურად იმ საქმით იქნებით დაკავებული, რაც სიამოვნებას განიჭებთ. პრაქტიკულად თითოეული დღე სავსე იქნება ახალი იდეებით, კრეატიული გადაწყვეტილებებით და მოვლენების განვითარების საინტერესო ვარიანტებით. არ გაგიქრებოდათ მუშაობის, ახალ-ახალი ამოცანების დასახვის, უფრო მაღალი მწვერვალების  დაპყრობის სურვილი, მაგრამ ხანდახან საყვარელი საქმეც კი მოსაბეზრებელი ხდება. ჩნდება მცირე ხნით ყველაფრის მიტოვების, დასვენების, ძალების აღდგენის სურვილი. არ იფიქროთ, რომ შთაგონება გაქრა. არა, ის ისევ თქვენთანაა, უბრალოდ ხანდახან იმ საქმისგანაც, რომელიც სიამოვნებას და ღიმილს განიჭებთ, საჭიროა დასვენება. მოდუნდით რამდენიმე დღე, გამორთეთ ტელეფონი, დაივიწყეთ ინტერნეტი, დარჩით საკუთარ თავთან და ფიქრებთან მარტო. მცირე პაუზის შემდეგ კი ახალი ძალით და შემართებით შეუდექით ჩვეულ სამუშაოს. თქვენ მალევე მოგივათ ახალი იდეები და შთაგონებაც.

 

გარემოცვა

შთაგონების კიდევ ერთი საინტერესო წყარო შეიძლება იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც თქვენ ირგვლივ არიან: ახლობლები და მეგობრები, კოლეგები და ბიზნეს-პარტნიორები, ქუჩაში უბრალო გამვლელებიც კი. ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან და შესაბამისად, პრობლემასაც არაერთგვაროვნად აღიქვამენ. ამიტომ კარგი იქნება სხვების რჩევების გათვალისწინება. ,,არასოდეს არ თქვათ უარი დახმარებაზე. თუ თქვენ გინდათ იპოვოთ შთაგონება არ მოგერიდოთ, რომ  რჩევა ჰკითხოთ სხვა ადამიანებს, რადგან სხვისმა  შეხედულებამ თქვენს პრობლემაზე შეიძლება წარმოუდგენელი გადაწყვეტილება მიგაღებინოთ.”

 

თვითგანვითარება

შთაგონება და თვითგანვითარება ორი ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ცნებაა. თუ თქვენ გადაწყვეტილი გაქვთ ახალი მწვერვალების დაპყრობა, რთული ამოცანების ამოხსნა, მუდმივად უნდა განვითარდეთ, ისწავლოთ, შეიცნოთ ახალი და საინტერესო. ამ ყველაფრის პროცესში მიიღებთ ახალ საზრდოს ანალიზისათვის, ახალ გზას. ახალი ამოცანები კი ყოველთვის კარგია სტიმულისთვის, ფიქრისთვის, ანალიზისათვის და მეტისაკენ სწრაფვისათვის. ამიტომ თუ გსურთ გქონდეთ მეტი შთაგონება, არასოდეს შეჩერდეთ მიღწეულზე, იზრუნეთ მუდმივ განვითარებაზე.

 

მედია-პროდუქტები

მედია-პროდუქტები სხვადასხვა სამოტივაციო ფილმებს, წიგნებს, მუსიკას მოიცავს. საყვარელ მელოდიას ან ფილმს ნამდვილად შეუძლია გუნება-განწყობილების შეცვლა უკეთესობისკენ. ანალოგიურად ყველა მედია-პროდუქტი მუშაობს თვითშთაგონებაზე. თუ გრძნობთ, რომ მუშაობის სურვილი არ გაქვთ და ,,აიძულებთ” საკუთარ თავს, რომ შეასრულოთ დასახული ამოცანა, სასწრაფოდ შეწყვიტეთ. გადადეთ ყველა საქმე, წაიკითხეთ კარგი წიგნი ან წარმატებული ადამიანის ბიოგრაფია, უყურეთ ფილმს ან მოუსმინეთ თქვენს საყვარელ მუსიკას. ეს ყველაფერი მოგცემთ საშუალებას ყურადღება გადაიტანოთ მძიმე ფიქრებიდან, მორალურად დაისვენოთ და გარკვეული დროის შემდეგ ახალი ენერგიით შეუდგეთ მუშაობას.

 

სიჩუმე

სიჩუმე - აი რას შეუძლია თქვენში დაფარული შესაძლებლობების გაღვიძება. ყოველდღიურად ათასობით სხვადასხვა ბგერით  ვართ გარშემორტყმულნი. ყველა მხრიდან აღწევს ჩვენამდე მუსიკის, ქუჩის და გამვლელი მანქანების ისეთი ხმაური, რომ ხანდახან საკუთარი ფიქრებიც კი აღარ  გვესმის. შეეცადეთ ყოველდღიურად რამდენიმე წუთით (იდეალურია ნახევარი საათი) განმარტოვდეთ. ეს დრო უბრალოდ სიჩუმეში გატარებისათვის გამოყოთ და არც ილაპარაკოთ, არც იფიქროთ, დაამშვიდოთ შინაგანი სამყარო. უბრალოდ გაჩუმდით და დატკბით ამ მომენტებით. სცადეთ და დაინახავთ ჩვეულებრივ სიჩუმეს, სიმშვიდეს როგორ შეუძლია თქვენი ფიქრების შეცვლა, ახალი ფერების და შთაგონების შემოტანა თქვენს ცხოვრებაში.

 

სიყვარული

სიყვარული ყველაზე სუფთა და ნათელი გრძნობაა მსოფლიოში. ეს გრძნობა ავსებს ნებისმიერს და აიძულებს ირწმუნოს საკუთარი ძალების. დამიჯერეთ, შთაგონების ძებნა აღარ იქნება საჭირო, რადგან ეს გრძნობა თავისთავად ჩუქნის ადამიანს ახალ დადებით მუხტს, სითბოს და ბედნიერებას.

 

და ბოლოს, ეს ერთი შეხედვით მარტივი რჩევები დაგეხმარებათ არ დანებდეთ ყველაზე რთულ წუთებში, შეხედოთ ცხოვრებას ახლებურად და ახალი შთაგონებით აღსავსემ გააგრძელოთ ცხოვრება სასურველი მიზნების მისაღწევად.

 

| გააზიარე
მოგწონთ?