პოზიტივი, რომელიც მარტივ დეტალებშია


პარასკევი დღე იყო. ერთი შეხედვით თითქოს განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა, მაგრამ შაბათ-კვირის და დასვენების მოახლოების სუნი ქუჩებში ნამდვილად იგრძნობოდა. მაშინ, როცა ჯერ კიდევ დასაქმებული ვიყავი, სამსახურში ჩემი საყვარელი ტრანსპორტით გადაადგილება ყოველთვის მიხაროდა, რადგან მეტროში ადამიანებსა და სიტუაციაზე დაკვირვება უკვე ერთგვარ ჰობად მექცა. განა რა სჯობს სისხამ დილით არხეინად მოსიარულე და გაღიმებული სახეების დანახვას.

საკუთარი თავი უმიზეზოდ გაკრეჭილ მდგომარეობაში ბევრჯერ დამიფიქსირებია და ამას კიდევ უფრო კარგ განწყობაზე დაუყენებივარ, ისე როგორც, ეს იმ დილას, ჩემთვის სრულიად უცნობმა ბიჭმა მოახერხა. ესკალატორზე ჩამოსვლისას ისე გულიანად გამიღიმა და გამომხედა, რომ სერიოზულად დავეჭვდი ხომ არ ვიცნობდი. დღის განწყობა მოულოდნელად გამიორმაგდა და მომენტალურად გადამდები აღმოჩნდა. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ბედნიერება და პოზიტივი დეტალებშია, რაც ჩემთვის უცნობმა ადამიანმა უბრალო ღიმილით კიდევ ერთხელ დამიდასტურა. ბევრისთვის ბანალური, არაფრით გამორჩეული და უმნიშვნელო ისტორია კი ჩემთვის უკვე სასიამოვნო მოგონებად გადაიქცა.

ჩემთვის ყველაფერი რაც ნამდვილი და გულახდილია = პოზიტივს.

პოზიტივია მამასთან ერთად 15 წლის ბიჭის თონეში მუშაობა და თავისებური მამა-შვილური ურთიერთობის დანახვა.

პოზიტივია ბებო, რომელიც 90 წლის ასაკში პირველი სიყვარულის ამბებს ემოციურად ჰყვება.

პოზიტივია ავტობუსის მძღოლი, რომელიც მგზავრებს კანფეტებს ურიგებს და პირველ რიგში მათ განწყობაზე ფიქრობს და არა საკუთარ ჯიბეზე.

პოზიტივია ჩემი სამი წლის მეზობელი, დაჩი, რომელიც ლამის ერთ კილომეტრზე მესალმება და ჩახუტებისას ყველაზე მორცხვ ბავშვად გადაიქცვა.

პოზიტივია, როცა ღიმილის და ემოციის ჩუქება შეგიძლია.

ჩემთვის პოზტივი ყველა ადამიანში და დეტალშია.


ნინო კამლაძე
 

| გააზიარე
მოგწონთ?