როგორ გავატაროთ ცივი ზამთარი სასიამოვნოდ?


თუ გარეთ ადამიანების რაოდენობა გეცოტავათ, რთული მისახვედრი არ იქნება, წელიწადის რომელმა სეზონმა შემოაბიჯა ქალაქის ქუჩებში. ზამთარში ადამიანები მხოლოდ საჭიროების გამო გამოდიან გარეთ და მაშინაც სწრაფი ნაბიჯით მიიჩქარიან დანიშნულების ადგილისკენ. გარშემომყოფები იწყებენ წუწუნს: „აუ, ზამთარი მოვიდა, რა გაიყვანს ამ სამ თვეს“, „როგორ არ მიყვარს ეს სიცივე“ და ა.შ

ბევრისთვის ეს სეზონი უარყოფით ემოციებთან ასოცირდება, მაგრამ ყველაფერს ორი მხარე აქვს და თუ ჩვენ დადებით მხარეებს წამოვწევთ წინ და ვეცდებით, მეტი ენთუზიაზმით შევხვდეთ ამ პერიოდის დადგომას, ვინ იცის, შეიძლება შეგვიყვარდეს კიდეც წელიწადის ეს დრო. 

 

ზამთარს აქვს ისეთი მომენტები, რომლებიც არც ერთ სხვა სეზონს არ ახასიათებს. მაგალითად: 

 

•გეზარებათ სამსახურში წასვლა და ვერ არჩევთ ტანსაცმელს?! სულ ტყუილად. გაამდიდრეთ თქვენი კარადა ფერადი და ფუმფულა სვიტერებით, ჭრელი ნაქსოვი წინდებით, თბილი ხელთათმანებით. ლამაზი ყელსაბამები და აქსესუარები ხომ კიდევ უფრო დაამშვენებს თქვენს ჩაცმულობას. იქონიეთ თბილი შარფები, რადგან ისინი ძალიან უხდება ზამთარს და ამ სეზონის სამოსს. შეიქმენით საინტერესო იმიჯი ქუდით ან ორიგინალური თავსაფრით, რომელიც ხაზს გაუსვამს თქვენს ხასიათს და გამოგარჩევთ პიროვნულად. ქუდი თქვენს ვიზუალს ექსტრავაგანტულობას შესძენს  და ზამთრის ჩაცმულობასაც გაგიხალისებთ. 

•ნუ იტყვით სეირნობაზე უარს. ზამთარში სეირნობა არც ისე უსიამოვნოა, როგორც შორიდან ჩანს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა თოვს. აი, წარმოიდგინეთ მისეირნობთ ქუჩაში, ირგვლივ ყველაფერი თეთრი და ქათქათაა. ფიფქები გეცემიან სახეზე, ნაზად გეხებიან, დნებიან და ქრებიან. აგიხედავთ ცაში თოვის დროს? არა, რა თქმა უნდა, თქვენ ხომ ზამთარი არ გიყვართ. არადა ულამაზესი სანახაობაა, როგორ მოფარფატებენ ფიფქები თქვენკენ, როგორ მოიჩქარიან. უყურებ და თითქოს უსასრულობაში იკარგები. თითქოს ცდილობ, ბოლო უპოვო ფიფქების ცვენას, მაგრამ ისინი არ მთავრდებიან. მოფარფატებენ ისევ და ისევ.  არ თქვათ უარი ამ სანახაობაზე.

•არ იცით დრო როგორ გაატაროთ შაბათ-კვირას? გაიხსენეთ რომელ მეგობარს აქვს სახლში ბუხარი, შესთავაზეთ მას წვეულების მოწყობა. შეიკრიბეთ დიდი ხნის უნახავი ადამიანები. მოკალათდით ბუხრის წინ, მიირთვით ჩაი, ყავა, თუნდაც წითელი ღვინო. უყურეთ ფილმებს, რომლებიც კარგ განწყობას გიქმნიან ან საერთო მოგონებებთან ასოცირდებიან. დამიჯერეთ, ამ სეზონზე ძალიან სასიამოვნო შეგრძნებებს გამოიწვევს ასეთი საღამო. 

•ყველაზე ემოციური და დასამახსოვრებელი რა შეიძლება იყოს ზამთარში?! ახალი წლის მხიარულება, ბედნიერი სახეები და საყვარელი ადამიანების ჩახუტება ცივ ამინდებში. 

ყველა სეზონი თავისი უნიკალურობით გამოირჩევა, ამიტომ დადებით მხარეებზე გააკეთეთ აქცენტი და სხვა სეზონების მონატრებას ნუ მიეცემით. უბრალოდ ყველაფერში დაინახეთ პოზიტივი და აუცილებლად იგრძნობთ სითბოს ცივ ზამთარშიც კი.

| გააზიარე
მოგწონთ?