,,ცხოვრება მშვენიერია" - რ. ბენინის მიხედვით


„ეს უბრალო ამბავია, მაგრამ მისი მოყოლა ადვილი არ არის, მასში როგორც ზღაპარში ბევრია მწუხარება და როგორც ზღაპარი სასწაულითა და სიხარულით არის სავსე.“

La vita è bella - იტალიურად ასე ჟღერს, ქართულად კი „ცხოვრება მშვენიერია“. 1997 წლის ფილმის სიუჟეტი მეორე მსოფლიო ომის პერიოდს ეხება. ებრაელების დევნა, არეულობა, შიში და დაძაბულობა იტალიის ერთ-ერთი ქალაქისთვის უცხო აღარ არის. განსაკუთრებით იდევნებიან ებრაელები, მათი ცხოვრება სულაც არ იმსახურებს ისეთ ეპითეტს, როგორიცაა „მშვენიერი“, თუმცა რეჟისორი და ფილმის მთავარი პერსონაჟი რობერტო ბენინი ორი საათის განმავლობაში ცდილობს გვაჩვენოს, რომ მიუხედავად სიძნელეების, ომის, ტრაგედიის თუ გაუთვალისწინებელი მოვლენებისა, ცხოვრება მაინც მშვენიერია, რადგან ჩვენ გვაქვს საშუალება და მიზეზი იმისა, რომ ის  დავინახოთ ან ეს უბრალოდ პირადი კომფორტისა და ბედნიერებისთვის გვინდა.

 


კომედიურ-დრამატული ფილმის პერსონაჟს ამის მიზეზს სიყვარული აძლევს. მას ჰყავს მეუღლე, რომელიც ძალიან უყვარს და შვილი - ჯოშუა, რომელიც მის ცხოვრებას კიდევ უფრო მეტად აბედნიერებს. ფილმი აცოცხლებს მეორე მსოფლიო ომის დროინდელ სამყაროს - საკონცენტრაციო ბანაკებს, სისასტიკეს და ჰოლოკოსტს. თუმცა აქ მთავარი გვიდოს თამაშია. გარდა იმისა, რომ ის პოზიტიური პერსონაჟია და ყველაფერში ბედნიერებას ეძებს, მას აქვს ვალდებულება თავისი პატარა ბიჭი ცხოვრების უსამართლობისგან დაიცვას როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად. გვიდო შვილს იქ ყოფნის პერიოდს ერთ დიდ თამაშად უხატავს, სადაც კეთილები და ბოროტები მონაწილეობენ, მან კი უნდა მოახერხოს, რომ ბოროტ ზედამხედველებს დაემალოს, გამარჯვებული კი ის იქნება, ვინც ამას ყველაზე კარგად მოახერხებს, ჯილდოდ კი ამერიკულ ტანკს მიიღებს. მამის წყალობით მკვლელობებს, გერმანელების სისასტიკესა და ტრაგედიას ბიჭუნა სხვაგვარად აღიქვამს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მას რეალობა გაუფერადეს და ერთ დიდ თამაშად წარმოუდგინეს, სადაც ის მთავარი პერსონაჟია.


ერთია - როგორია რეალობა და მეორე - თუ როგორ ვხედავთ ჩვენ მას. რეალობის გაფერადებაში დიდ როლს ჩვენ ირგვლივ მყოფი ადამიანები ასრულებენ, ზოგიერთი ამძიმებს მას, ზოგიც აფერადებს. თუ გაგვიმართლებს, გარშემო თავიდანვე „ფერადი ადამიანები“ გვეყოლებიან, თუ არა და ჩვენ ვიპოვით და ავარჩევთ მათ. მთავარია გვჯეროდეს, რომ სიძნელეების, ტრაგედიებისა და უსამართლობის მიუხედავად „ცხოვრება მაინც მშვენიერია.“ ჩვენ კი შეგვიძლია დავტკბეთ ამ მშვენიერებით, გადავლახოთ დაბრკოლებები, გავუძლოთ ტრაგედიებს, ვებრძოლოთ უსამართლობას და დავინახოთ პოზიტივი იმაში, რომ გვაქვს სიცოცხლის უფლება და საშუალება იმისთვის, რომ ცხოვრება თავისი სირთულეებითა და მშვენიერებით ბოლომდე შევიგრძნოთ.

„ეს უბრალო ამბავია, მაგრამ მისი მოყოლა ადვილი არ არის, მასში როგორც ზღაპარში ბევრია მწუხარება და როგორც ზღაპარი სასწაულითა და სიხარულით არის სავსე.“

 

| გააზიარე
მოგწონთ?