წიგნები შვებულებაზე წასაკითხად


თუ გაგიმართლა და შვებულებას ზღვაზე ატარებ, ყოველ დილით ქვიშიან სანაპიროს  მიუყვები ფეხით, აგროვებ ნიჟარებს, ირუჯები და ზღვიდან მონაბერი ჰაერით ტკბები, ისვენებ ღია ვერანდაზე და ზღვას უყურებ, სრული ბედნიერებისთვის გთავაზობთ საკითხავ წიგნებს, რომლებიც შეიძლება წაკითხული გაქვს, მაგრამ ზღვის ნაპირას მათი წაკითხვა კიდევ უფრო შთამბეჭდავს გახდის შენს დასვენებას.

1.”მე ვფიქრობ, რომ არ შეიძლება მზის ამოსვლას მარტომ უყურო. ეს განცდა უნდა გაუზიარო მას, ვინც გიყვარს. სწორედ ასე დაგამახსოვრდება ცხოვრება. არსებობს კიდევ სხვა ცხოვრება ჭამის, ჩხუბისა და გუნდში პირველობის გარდა” – ეს სიტყვები ჯონათან ლივინგსტონს ეკუთვნის რიჩარდ ბახის წიგნიდან „თოლია ჯონათან ლივინგსტონი“. ის  განსხვავებული აზროვნებით დაჯილდოებული თოლიაა, რომელსაც თავისუფლება სურს და ამისთვის სწრაფი ტემპით ფრენას სწავლობს. ამ ფრინველში ყველა იპოვის საკუთარ თავს თუ, რა თქმა უნდა, გსურს შეცვალო გარემო, რომელშიც ცხოვრობ. თოლია ჯონათანის ამბის  შემდეგ უყურადღებოდ არ დაგრჩება არც ერთი თოლია ზღვაზე და წიგნის დასრულების შემდეგ დარწმუნდები, რომ თუ საკმარისი გამბედაობა გექნება და დაუზოგავად იშრომებ, აუცილებლად მიაღწევ წარმატებას.

2. ჰემინგუეის „მოხუცი და ზღვა“  ალეგორიული ნაწარმოებია, რომელიც სავსეა იმედით და გამბედაობით. მოთხრობის მთავარი გმირი, მოხუცი სანტიაგო, მართლაც არაერთხელ განიცდის მარცხს. ამის მიუხედავად, ეს მოთხრობა მაინც ადამიანის უძლეველობასა და სულის გაუტეხლობაზეა. მისი ფინალი კი საოცრად ოპტიმისტურია და იმედით ავსებს მკითხველს.

3. ჯერომ სელინჯერი - „კლდის პირზე, ჭვავის ყანაში.“

სელინჯერი ერთ წერილში აღნიშნავდა, რომ „წიგნის მთელი ღირსება მთხრობელის ხმაშია“. მთხრობელი კი ერთი უცნაური თინეიჯერია, რომელიც თმას ყოველთვის ისე მოკლედ იკრეჭს, რომ სავარცხელიც კი არ სჭირდება. ოთხი სკოლიდანაა გაგდებული, კინო ჭირის დღესავით სძულს და ისეთი წიგნები უყვარს, წაკითხვის მერე რომ ინატრებ – ნეტა მე და ამის დამწერი ვძმაკაცობდეთო. ჟარგონით სავსე მეტყველება, მთავარი თემიდან ხშირად გადახვევა და უმნიშვნელო დეტალების სიყვარული ჰოლდენ კოლფილდის ხმას სამუდამოდ გამახსოვრებს.

4. ჯეკ კერუაკის „გზაზე“ პირველად ბათუმის ბულვარში წავიკითხე. წიგნის გმირებთან ერთად მეც ვიმოგზაურე ავტოსტოპით ნიუ-იორკიდან დენვერში, დენვერიდან ფრისკოში, ფრისკოდან ლოს-ანჯელესში, მერე ისევ ნიუ-იორკში, ჩიკაგო, დეტროიტი, პიტსბურგი. წიგნი გზაზე დაწერილი რომანია, რომელიც პერსონაჟების გაუთავებელ მოგზაურობაზე მოგვითხრობს.

5. საზღვაო ქალაქშიც კი შეგიძლია იპოვო მთები და იმისათვის, რომ გაიგო რაზე ესაუბრებიან ისინი ერთმანეთს. თუმცა შეგიძლია უბრალოდ ხალიდ ჰოსეინის „მთებმა მთებს უთხრეს“ წაიკითხო. წიგნი მოგვითხრობს დიდ ადამიანურ დანაკარგსა და მისი ამოვსების რთულ გზაზე, ასევე გვიყვება თანამედროვე ადამიანის ვნებებზე, ინტერესებსა და ბედზე.

6. რეი ბრედბერის „ბაბუაწვერას ღვინო“ წაიკითხვის შემდეგ მინდორში როგორც კი მოხვდები, აუცილებლად დაიწყებ ბაბუაწვერას ძებნას, გაგიჩნდება დიდი სურვილი, რომელიმე ბულვარში შეუკვეთო კიდეც ბაბუაწვერას ღვინო და კვლავ იმ სამყაროში ჩაიკარგო, რომელმაც ასე მოგხიბლა. წიგნი ბავშვობის მოგონებებს აღვიძებს, რომლის წაკითხვის შემდეგ მკითხველი უკვე საკუთარი ზაფხულის მოგონებებისგან ამზადებს ბაბუაწვერას ღვინოს.

| გააზიარე
მოგწონთ?