ადამიანი, პოზიტივის წყარო


უნივერსიტეტში ერთი ლექტორი მყავს, რომლის ლექციიდან გამოსულ ყველა სტუდენტს ღიმილიანი სახე აქვს.
ერთი შეხედვით, პატარა გოგონაა, ვიზუალურად სტუდენტისგან ვერც გაარჩევ. ახალგაზრდა და თავისუფალია. როცა პირველად გამოვედი მისი ლექციიდან, მიუხედავად იმისა, რომ საღამოს 10 საათი იყო, მინდოდა მაშინვე გამეკეთებინა ყველაფერი, რაზეც მიოცნებია, მაგრამ მერე ხელი ჩამიქნევია იმ მიზეზით, რომ ვფიქრობდი, მაინც არაფერი გამომივიდოდა.   

ცოტა ხანში დავფიქრდი, რას ამბობდა და რას აკეთებდა ეს ადამიანი ისეთს, რომ უკეთესობისკენ გვცვლიდა ყველა ჩვენგანს. დავაკვირდი და მივხვდი, ეს იყო სულ უბრალო რამ - პოზიტივი.

იგი მუდმივად ცდილობდა, რომ საკუთარ თავს ჩავღრმავებოდით, გვემუშავა პიროვნულ განვითარებაზე, თანაც ყოველთვის გვარწმუნებდა, რომ ჩვენ ყველაფრის გაკეთება შეგვეძლო, რასაც ნამდვილად მოვინდომებდით.

ჩემი დაკვირვებით, ესაა ერთგვარი ძალა, რომლითაც სხვა ადამიანებს ავსებ ენთუზიაზმით, მოტივაციით და არწმუნებ იმაში, რომ ყველაფერი შეუძლია. ესაა უნარი, რომ შეგეძლოს მხიარული განწყობა შეინარჩუნო რთულ მომენტებშიც კი, ეცადო სხვა ადამიანებს არ გადაედოს შენი მოწყენილობა. პოზიტიურს ვუწოდებ ისეთ ადამიანებს, რომელთაც შეუძლიათ, პრობლემებს შეხედონ იუმორით და გარშემომყოფებსაც უბიძგონ იხუმრონ რთულ მომენტებზე.

ქართველებზე ამბობენ, რომ იუმორმა მოიყვანა ერი 21-ე საუკუნემდე. სიმართლის მარცვალი ალბათ არის ამ აზრში, მაგრამ მთავარი ის კი არაა, რომ ქართველებზეა საუბარი, არამედ ის, რომ ვინც ამ აზრს ეთანხება, აღიარებს იმასაც, რომ პოზიტიურობას შეუძლია შეგვიმსუბუქოს და გადაგვალახინოს ცხოვრებისეული დაბრკოლებები.

წარმოიდგინეთ, რომ შემთხვევით მოხვდით მგზავრობისას ორ ნაცნობთან. ერთი მათგანი მხიარულად გესაუბრებათ, ინტერესით გეკითხებათ თქვენ შესახებ და გისმენთ, გეხუმრებათ და თუ რაიმე პრობლემა ახსენეთ, მხიარულად გეუბნებათ, რომ ყველაფერი მოგვარდება და ა.შ. ხოლო მეორე მაშინვე იწყებს საკუთარ პრობლემებზე საუბარს და თქვენც გთრგუნავთ. რომელთან ისურვებდით მეგობრობას? ცხადია, პირველთან. პოზიტიური ადამიანები ხომ მაგნიტივით გვიზიდავენ და ენერგიით გვავსებენ. მათ ყოველთვის დიდი სანაცნობო და სამეგობრო წრე ჰყავთ.

იგივე შეიძლება ითქვას მენეჯერებზე, როგორ უფროსს ვინატრებდით?
რა თქმა უნდა ისეთს, ვინც შეძლებდა დაენახა ჩვენი უნარები, შესაძლებლობები და რაც მთავარია, დაგვარწმუნებდა, რომ ბევრის გაკეთება შეგვიძლია.

ჩემთვის პოზიტივი ნიშნავს, დაინახო საუკეთესო თვისებები ადამიანებში (ჩემი ლექტორის მაგალითზე), ისაუბრო ნებისმიერ საკითხზე დადებითი კუთხით, შეგეძლოს პრობლემის განხილვა იმგვარად, რომ უბიძგებდე გარშემომყოფებს მისი მოგვარებისაკენ, ხშირად იღიმებოდე და აფრქვევდე სიცოცხლის სიყვარულს.

ცხოვრება ისედაც ბევრ დაბრკოლებას გვიქმნის და თუ ვეცდებით, ვიყოთ პოზიტიურები ,გაცილებით მარტივად მოგვეჩვენება ყველა პრობლემა და შესაბამისად, ნაკლები სტრესი და დაძაბულობა იქნება ჩვენ გარშემო.


სოფო გასიტაშვილი

| გააზიარე
მოგწონთ?