სად არის პოზიტივი?


დილით, რომ გაიღვიძებ და მოღრუბლულ ცაზე მზეს დაინახავ, სარკეში ჩაიხედავ, გაწეწილ თმებზე ხელს გადაისვამ, ნახევრად ღია თვალებს  მოიფშვნეტ, თუნდაც საკუთარი თავი არ მოგეწონოს და გაიღიმებ -  აი ეს არის ჩემთვის პოზიტივი!... 

ამასობაში ისიც გაიღვიძებს, პატარა თათით მოგძებნის, თუ ვერ გიპოვა წუწუნით მოგითხოვს ''-დედა სად ალის?!'', თუ გიპოვა და ბედნიერ ორ  ზღვისფერ მზეს შემოგანათებს, ტუჩებს გამოგიწევს საკოცნელად, გულში ჩაგიკრავს და გაგრძნობინებს: უფლება არ გაქვს არ იყო ბედნიერი, არ  გაიღიმო, არ გაიხარო... მიგახვედრებს, რომ შენ  ხარ მისთვის ფერადი სამყარო, სინათლე, რომელიც ყველაფერს ანათებს, იმედი, რომელიც მუდმივად, ყველგან და ყოველთვის შეუძლიათ ქონდეთ და წერტილი, საიდანაც იწყება და სადაც მთავრდება ყველაფერი - ეს ჩემთვის  პოზიტივია!...

ბედნიერი, ღიმილიანი გადიხარ გარეთ. ხვდები უამრავ ადამიანს ქუჩაში, ტრანსპორტში, სამსახურში, სასწავლებელში... ერთნი ჩხუბობენ, მეორენი ''სიყვარულობენ'', მესამენი ტირიან და  მეოთხენი იცინიან. ის ხელგაწვდილი მოწყალებას ითხოვს, ეს უკანასკნელი გზაზე გლოვით მიაცილებს  ერთადერთ შვილს. ვიღაც სამუდამო სიყვარულის ფიცს დებს საკურთხეველთან, სადღაც ახალი სიცოცხლე იბრძვის ქვეყნად მოვლინებისთვის... შენ  ხედავ, აკვირდები ამ ყველაფერს და ფიქრობ, რომ არა სიკვდილი, ვერ დაინახავდი ღრუბლიან ცაზე მზეს, რომ არა ტკივილი, ცრემლი, დაკარგვა, გაჭირვება, ვერც  ჩახუტების სითბოს შეიგრძნობდი და ვერც ღიმილის ძალას განიცდიდი. აღარც  დაკარგულის პოვნა გაგახარებდა და ვეღარც  დახმარებისთვის გაწვდილი ხელი მოგანიჭებდა სიამოვნებას...

და თუ კი ამ ერთმანეთის მონაცვლე პროცესების აღქმა შეგიძლია, როგორც ერთი მთლიანი კანონზომიერების შემადგენელ ერთეულებად, არ გთრგუნავს ეს სინამდვილე, არ გხდის დეპრესიულს, აგრესიულს, სასოწარკვეთილს და უიმედოს, გიხაროდეს! - შენ პოზიტიური ადამიანი ხარ! შენ  ცოცხალი ხარ, შენ არსებობ და ეს თავის მხრივ სასწაულია. ეს სასწაული კი ჩემთვის პოზიტივია!

სასწაულები ჩვენს გვერდით ყოველდღე, ყოველწუთს უამრავია, ჩვენ კი სადღაც შორს, აბსტრაქციებში, ყველგან და ''ვერსად'' დავეძებთ მათ.  მთავარია, მათი შემჩნევა და მათთან ერთად ცხოვრება ვისწავლოთ, ვისწავლოთ ბედნიერ წუთებით ტკბობა. 

ამის შემდეგ ალბათ, ყველა შეძლებს იყოს ბედნიერი. ბედნიერ ადამიანებს ხომ სულაც არ აქვთ ყველაფერი საუკეთესო, მათ უბრალოდ  შეუძლიათ  დაინახონ საუკეთესო  იმაში, რაც აქვთ... 

 

| გააზიარე
მოგწონთ?