„მინდა სამყარო იყოს უკეთესი იმიტომ, რომ მე აქ ვიყავი“ - უილ სმიტის წარმატების ისტორია 


რამდენად ხშირად გიფიქრიათ, რა არის თქვენი როლი საზოგადოებაში? ადამიანი შესაძლოა დეპრესიამდეც კი მიიყვანოს იმ რეალობის აღქმამ, რომ ის ცარიელ უსარგებლო ნივთად გადაიქცა, რომელსაც დიდი ხანია სიკეთე აღარ მოაქვს სხვებისთვის. თუმცა, განა ეს არის ის საბოლოო წერტილი, სადაც უნდა შევჩერდეთ? რასაკვირველია არა, რადგან თქვენ თავად ხართ საკუთარი ცხოვრების შემოქმედი. 
 
,,უბრალოდ მიიღე გადაწყვეტილება, აირჩიე ვინ იქნები, რა მოხდება, როგორ გააკეთებ ამას და ამ მომენტიდან სამყარო გზაზე ვეღარ დაგიდგება. ის წყალს დაემსგავსება და გარშემო შემოგივლის!"

ეს სიტყვები ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ამერიკელს ეკუთვნის, რომელმაც წარმატებას მიაღწია სრულმეტრაჟიან კინოში, მედიასა და მუსიკალურ ინდუსტრიაში. პარადოქსულად მოგეჩვენებათ, მაგრამ მსახიობი, მომღერალი, ჰიპ-ჰოპის შემსრულებელი, მრავალი გრემის მფლობელი, ოქროს გლობუსსა და კინოაკადემიის ჯილდოზე ორჯერ ნომინირებული უილ სმიტი თავს სრულებითაც არ თვლის ნიჭიერად. მას მიაჩნია, რომ ეს ყოველივე მისი დაუღალავი შრომის შედეგია.

,,არ აქვს მნიშვნელობა როგორი ნიჭიერი ხარ, შენი ნიჭი წარუმატებლობისთვისაა განწირული, თუ ყოველდღიურად არ სწავლობ, არ ცდილობ, რომ გახდე უკეთესი. 

უილ სმიტმა მის საუკეთესო მეგობარ ჯეფ ტაუსონთან ერთად შექმნა ჯგუფი ,,DJ Jazzy Jeff & the Fresh Prince". სწორედ ამ ჯგუფის წევრები აღმოჩნდნენ პირველი რეპერები, რომლებიც გრემის პრემიით დააჯილდოვეს.

,,ჩვენ არ გავზრდილვართ იმ აზრით, რომ სადაც ახლა ვართ სამუდამოდ იქ ვიქნებოდით, არამედ ჩვენ გავიზარდეთ გრძნობით, რომ სადაც ახლა ვართ თითქმის უმნიშვნელოა იმიტომ, რომ ჩვენ ვიღაც უკეთესი უნდა გავხდეთ.’’

მისი მუსიკალური კარიერა საკმაოდ წარმატებულად მიდიოდა, თუმცა ის არ იყო მუდმივად წარმატების მწვერვალზე. 18 წლის უილმა აღმოაჩინა, რომ მილიონებისგან აღარაფერი დარჩენოდა, მაგრამ ვალები აუცილებლად უნდა დაეფარა. ამის შემდეგ შედგა მისი დებიუტი ტელესერიალში ,,The Fresh Prince of Bel-Air’’. სწორედ ამ პროექტიდან მიღებული შემოსავლით მოახერხა მან ვალების სრულად დაფარვა და მალევე გადაინაცვლა დიდ კინოში. ფილმები, რომლებშიც უილ სმიტი მონაწილეობს, დღემდე მზარდი პოპულარობით სარგებლობს. 

უილ სმიტი არაერთხელ მოხვდა ჯურნალ FORBES-ის მიერ გამოქვეყნებულ ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობთა სიაში. 2008 წელს ის ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობებს შორის დაასახელეს, რადგან წელიწადში 80 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. 

ეს ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მას ჰქონდა ამბიცია სამყარო ექცია უკეთეს ადგილად, ვიდრე მის დაბადებამდე იყო. ,,შენ უნდა დაიჯერო, რომ რაღაც იმისგან განსხვავებული მოხდება, რაც უკვე მოხდა". მას სჯეროდა, რომ ადამიანს ნამდვილად შეუძლია გააკეთოს ის, რაც უნდა. მას სურდა, რომ მისი არსებობის გამო სხვა ადამიანების ცხოვრება უკეთესი გამხდარიყო. ,,მინდა სამყარო იყოს უკეთესი იმიტომ, რომ მე აქ ვიყავი’’ - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში. მას სჯეროდა საკუთარი შესაძლებლობების, ფიქრობდა რომ ის ერთადერთი თვისება, რაც წარმატებულ ადამიანებს სხვა ადამიანებისაგან გამოარჩევს - ეს არის საკუთარი თავის რწმენა.

,,ბებიაჩემი ყოველთვის მიმეორებდა, თუ შენ აქ ხარ, ვალდებული ხარ რაღაც შეცვალო - ეს არის სულიერი პასუხისმგებლობა, რომელიც შენ გაქვს ნებისმიერ ჯგუფთან, რომლის წევრიც ხარ, რომ აქციო ის უკეთესი.’’

უილ სმიტის წარმატების ისტორია გვარწმუნებს, რომ შრომა არასოდეს იკარგება. ის არის ადამიანი, რომელმაც შიში ცხოვრების მთავარ მოტივაციად აქცია და გადაწყვიტა, რომ შეეტია ყველაფერი იმისთვის, რისიც ეშინოდა. გახსოვდეთ, შრომა თქვენი წარმატების პირდაპირპროპორციულია და არასოდეს დაკარგოთ ხვალინდელი დღის იმედი, ნუ დანებდებით, რადგან შესაძლოა მხოლოდ ერთი ნაბიჯი გაშორებდეთ დასახულ მიზნამდე.

| გააზიარე
მოგწონთ?