ორშაბათი არაფერ შუაშია!


ალბათ იშვიათად თუ მოიძებნება ადამიანი, ვისთვისაც ორშაბათის ხსენება დადებით ასოციაციებს იწვევს. ეს დღე თითქმის ყველასთვის მხიარული დასვენების დასასრულთან, მძიმე, დატვირთულ და მოვალეობებით სავსე სამუშაო კვირის დასაწყისთან ასოცირდება.

ამასთან დაკავშირებით ადამიანები ხშირად წუწუნებენ და უკმაყოფილონი არიან, თუმცა დაფიქრებულხართ კი, ორშაბათი არ გიყვართ თუ თქვენი ცხოვრების სტილი არ გაკმაყოფილებთ?

რეალურად, ორშაბათის „დანაშაული“ მხოლოდ ისაა, რომ კვირის პირველი დღეა. გამოდის, რომ პრობლემა თქვენშია. თუ კვირას იწყებთ ნეგატიური განწყობით, არ გაგიკვირდეთ, რომ მთელმა კვირამ ასევე ჩაიაროს პარასკევ საღამომდე და ვერანაირი სიამოვნება ვერ მიიღოთ მთელი კვირის განმავლობაში.

იქნებ საქმე ჩვენს დამოკიდებულებაშია?

სცადეთ და შეცვალეთ დამოკიდებულება, დააკვირდით როგორ მალე შეიცვლება თქვენი ნეგატიური ფიქრები პოზიტიურად და ეს დღე გახდება ახალი გამოწვევების, იდეების, ახალი ცხოვრების სტილის, საინტერესო თავგადასავლების დაწყების დღედ და თქვენ მუდამ ტონუსში იქნებით.

გარკვეული პრობლემა საზოგადოების მიერ დამკვიდრებულ სტერეოტიპშია. არ მისცეთ ორშაბათის მიმართ გლობალურ დამოკიდებულებას უფლება, მოგაქციოთ ზეგავლენის ქვეშ და თავისი წესებისამებრ წარმართოს ცხოვრება. თქვენ ცხოვრებას ხომ რეალურად თქვენივე ფიქრებით ქმნით და არა ისე, როგორც გარემოებები გკარნახობენ. თითოეული ადამიანი ხომ უნიკალურია და მას შეუძლია, რაღაც ახალი შესთავაზოს დანარჩენ მსოფლიოს. ასე რომ თუ მოახერხებთ, ორშაბათის მშვენიერი სურათი შექმნათ თქვენს წარმოსახვაში, ეს დღეც პოზიტიური გახდება და თქვენ დაინახავთ უამრავ ახალ და კარგ შესაძლებლობას.

წარმატებული ადამიანები ყოველდღიურად ახალ საქმეებზე ფიქრობენ, აღწევენ ახალ შეთანხმებებს, ისახავენ ახალ მიზნებს, ყოველდღიურად მიიწევენ წინ და ამას აკეთებენ მიუხედავად იმისა, თუ რა დღეა დღეს. გადაინაცვლეთ მათ რიგებში, არ მისცეთ უაზროდ გაბატონებულ შეხედულებებს შეაჩერონ თქვენი წინსვლა და განვითარება, ყოველი დღე ხომ კიდევ ერთი შანსია გააკეთოთ რაიმე ახალი და გახდეთ უკეთესი, ვიდრე გუშინ იყავით. არ გაუშვათ ხელიდან ეს შანსი და გახსოვდეთ: დრო არის ყველაზე ძვირფასი რესურსი, რომელიც თქვენს ხელთაა, გამოიყენეთ იგი შინაარსიანად, პროდუქტიულად და ბრძნულად, რათა მიიღოთ ყველაფერი ის, რაზეც ოდესმე  გიოცნებიათ.

 

| გააზიარე
მოგწონთ?