როგორ დავუბრუნდეთ შვებულების შემდეგ სამუშაო გარემოს მარტივად


დასვენების და განტვირთვის საუკეთესო დღეები დასრულდა. ახალი განცდებით, შთაბეჭდილებებით დატვირთული დავუბრუნდით ქალაქს, თუმცა ცოტა არ იყოს რთულად გვეჩვენება ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება და ახალი რიტმით ცხოვრების გაგრძელება. 

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ შვებულების შემდეგ კომფორტულად იგრძნოთ თავი სამსახურში და დაიწყოთ ენერგიულად ახალი სამუშაო კვირა. 

1.პირველ რიგში, სამსახურში წასასვლელად დილით ადრე ადგომა რომ არ გაგიჭირდეთ, წინა საღამოს დაიძინეთ 10 საათზე. დილით კი გაღვიძებისთანავე მიირთვით ფინჯანი ყავა. მოემზადეთ განსაკუთრებით, რომ გამოიყურებოდეთ კარგად. კომპლიმენტები, რომელსაც სამსახურში თანამშრომლებისგან მიიღებთ, გაგილამაზებთ დღეს.

2.როგორც კი გააცნობიერებთ, რომ ზაფხულის დღეები დასრულდა, მაშინვე უცნაური სევდა შემოგაწვებათ გულზე. გაიხსენეთ, სამსახური ის ადგილია, სადაც საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას ახდენთ, სადაც იზრდებით პროფესიული თვალსაზრისით, იღებთ მატერიალურ ანაზღაურებას, რაც საშუალებას გაძლევთ აიხდინოთ უამრავი ოცნება. ასე რომ შეუდექით საქმიანობას ენთუზიაზმით და ნუ შეგაშინებთ გასაკეთებელი საქმეების უზარმაზარი სია. დასვენებული და მოტივაციით სავსე ხართ, ასე რომ ყველაფერს დროულად გაართმევთ თავს.

3.შეგიძლიათ შვებულების პერიოდში მოგზაურობისას იყიდოთ სხვადასხვა სუვენირი, რომელიც ზაფხულის ლამაზ დღეებს მოგაგონებთ და თქვენს სამუშაო მაგიდაზე განათავსოთ ისინი. ასევე მოგზაურობისას ოჯახთან ერთად გადაღებული ფოტოს დახედოთ რამდენჯერმე. ეს დადებით ემოციებს გამოიწვევს თქვენში, ხშირად გაიღიმებთ და სამსახურშიც თბილ გარემოს შექმნით.

4.ეცადეთ, მოახდინოთ კონცენტრაცია საქმეზე. გახსოვდეთ, ნამდვილი პროფესიონალები ადვილად უბრუნდებიან სამუშაო გარემოს და სიყვარულით აგრძელებენ საქმის კეთებას.

5.შეგიძლიათ დაისახოთ ამოცანები და მოიფიქროთ მათი განხორციელებისთვის ახალი გზები. ეცადეთ, ყველაფერს ინტერესით მოეკიდოთ. ეს დაგეხმარებათ მთელი გულისყურით გადაერთოთ სამუშაოზე და ახალი იდეები განახორციელოთ.

6.საღამოს შეგიძლიათ მონატრებულ მეგობრებს შეხვდეთ. გაუზიაროთ მათ თქვენი შთაბეჭდილებები. ქალაქში თუკი ფეხით გავლასაც მოახერხებთ, მიხვდებით, როგორ მოგნატრებიათ ყველაფერი მშობლიური.

რამდენიმე დღის შემდეგ კი უკვე აღარ გაგიჭირდებათ მუშაობა და ახალი ენერგიით სავსე ადვილად დაუბრუნდებით ყოველდღიურობას. ეცადეთ, ყველაფერი აკეთოთ სიყვარულით. იმუშაოთ ნაყოფიერად, დაისახოთ ახალი მიზნები, ამოცანები და შეინარჩუნოთ პროდუქტიულობა მთელი წლის მანძილზე.

| გააზიარე
მოგწონთ?