წამოდექი!


"თუ გეუბნებიან, რომ რაღაცის გაკეთება არ შეგიძლია, გააკეთე ეს ორჯერ და გადაიღე სურათი". შენთვის, როგორც ადამიანისთვის, არ არსებობს დაბრკოლება და შეუძლებელი საქმე, უბრალოდ არის ისეთი რაღაცები, რაც მარტივად ან შედარებით რთულად გამოდის. და ხშირად ასეთ პერიოდში გამოჩნდება ზარმაცი, სხვისი ცხოვრებით მკვებავი პიროვნება და გეტყვის, რომ შეეშვა, მაინც არ გამოგივა. აი, ამ დროს გჭირდება უდიდესი ნებისყოფა და გამძლეობა. უნდა იფიქრო, თუ რა შედეგზე გაგიყვანს ეს პროექტი თუ დავალება, გიღირს კი ყველაზე ძვირფასი დროისა და ენერგიის ჩადება? ეს კითხვა დაუსვი საკუთარ თავს და, თუ გიღირს, მოდი, გადადე ყველაფერი, გადადე "მეგობრის დაბადების დღეც", ჩადე ყველანაირი ინვესტიცია და გააკეთე ეს.

ვფიქრობ, მოტივაცია პირველ რიგში საკუთარი თავი და საკუთარი ქმედებისგან მოსალოდნელი შედეგია, თუმცა არსებობს გარე მოტივაცია მეგობრებისა და ახლობლების სახით. თუ თქვენ გყავთ ასეთი ადამიანი გვერდით, გარწმუნებთ, რომ გასაკეთებლის სირთულე ერთიორად შემცირდება. იოცნებეთ, დაისახეთ მიზანი და გააკეთეთ ახლავე, რადგან არავის აქვს გარანტია, რომ ხვალ მეორე შანსს მიიღებს.

მიზნებისკენ სვლისას ყველაზე დიდი პრობლემა მაინც შინაგანი დანებებისკენ სწრაფვაა, ვინაიდან, თუ რაღაც არ გამოდის, ან გამოდის, მაგრამ ისე - არა, როგორც წარმოგედგინა, ამის შემდეგ ხშირად იწყებს ადამიანში დანებების სურვილი დომინანტობას. ასეთ დროს უნდა გვახსოვდეს, რომ "ვერასოდეს დაამარცხებ ადამიანს, რომელიც არ ნებდება" (ბეიბ რუთი, ამერიკელი სპორტსმენი). ეჭვი და ნეგატიური ფიქრები ოცნებას უფრო კლავს, ნელ-ნელა ანადგურებს და, თუ ამას ვერ გაუმკლავდები, შენი სურვილების განხორციელების შესაძლებლობა იქვე დასრულდება და დარჩება მხოლოდ მიუწვდომელი ოცნება. მარცხის მიღება უნდა შეგეძლოს. რამეს თუ აკეთებ, მარცხი აუცილებლად მოვა, მაგრამ ეს არ არის ნეგატიური აზროვნება, ეს არის მოვლენის ობიექტური შეფასება, უნდა ელოდებოდე რაღაც გაუთვალისწინებელს და ამას მზად დახვდე.

ადამიანი ცხოვრების ბოლოს მხოლოდ გამოუყენებელ შანსებს ნანობს. თუ კი არ გსურს, რომ წლების შემდეგ ბედნიერი დღეების გახსენებისას გული იმდენჯერ დაგწყდეს, რამდენჯერაც მიუღწეველმა წარმატებებმა გაგირთულა ყოველდღიური ყოფა, მაშინ იმოქმედე! შენი ცხოვრება შენ გეკუთვნის. არათუ სხვებს, საკუთარ  თავსაც კი არ მისცე უფლება, ერთ ადგილზე გაჩერდე, რადგან წერტილი ვერ გახდება დიდი წრე, თუკი კალამს მიმართულებას არ მივცემთ.

| გააზიარე
მოგწონთ?