ფეისბუქმა რა ჰქმნა, ანუ ჩვენი მარკ ცუკერბერგი


ადამიანები რაიმეზე დამოკიდებულები ძალიან მარტივად ვხდებით. დროთა განმავლობაში ყველაფერს ძლიერად ვეჩვევით. ალბათ,დღევანდელი საზოგადოება ისე არაფერზეა დამოკიდებული, როგორც უმსხვილეს სოციალურ ქსელ Facebook-ზე. მისმა დამფუძნებელმა თუ მთლიანად არა, რაღაც დოზით მართლაც შეცვალა სამყარო და ხალხის მასები ერთმანეთთან დააკავშირა, მისი მიზანიც ხომ ეს იყო - მსოფლიო უფრო „ღია“ გაეხადა. უამრავი ტიტულის მქონე, სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ მილიარდელ, მარკ ცუკერბერგზე ძალიან ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ, ვფიქრობ, ყველაზე საინტერესო მაინც ის გზაა, რომლითაც მან „წარმატების მწვერვალები“ დაიპყრო.

ნიუ-იორკელ „ტვინიკოსს“ ბავშვობიდანვე მრავალი ჰობი ჰქონდა. ერთ-ერთი ასეთი ანტიკური ენების შესწავლა იყო. შემდგომში სწორედ ამან გაუადვილა ცუკერბერგს, შეესწავლა საპროგრამო ენები. მეექვსე კლასში საჩუქრად მიღებული კომპიუტერით მან საკმაოდ გაიკვალა გზა და მრავალი რამ ისწავლა პროგრამირების შესახებ. შექმნა ერთ-ერთი თამაშის, „რისკის“, ანალოგი. ეს მისი ერთ-ერთი პირველი მიღწევა იყო. Facebook-ის იდეა მარკს საკუთარ სკოლაში, Phillips Exeter Academy-ში, დაებადა. ყოველ ახალგადმოსულ კლასელს თავდაპირველად აძლევდნენ თანაკლასელების ცნობარს, რომელშიც მათი ფოტოები და ინფორმაცია იყო განთავსებული. მოსწავლეები ამ ცნობარს “The Facebook-ს“ (სახეების წიგნი) უწოდებდნენ.

მარკმა საფუძვლიანი განათლება ჰარვარდის უნივერსიტეტში მიიღო. იგი აღნიშნავს, რომ სწორედ ამ განათლებამ უზრუნველყო მისი წარმატება. ჰარვარდში დაებადა იდეა, შეექმნა საიტი, სადაც განათავსებდა თანაკურსელების ფოტოებსა და ინფორმაციას მათ შესახებ. დაუმორჩილებელმა პროგრამისტმა საამისოდ საუნივერსიტეტო ბაზა გატეხა და თავისი სურვილიც აისრულა. (მანამდე მას ამის უფლება არ დართეს).

იგი სტუდენტებთან ერთად მუშაობდა ჰარვარდის საიტისთვის (HarvardConnection.com), სტუდენტებმა იგი პროგრამისტად დაიქირავეს, მან კი საქმე მალევე მიატოვა და ცალკე შექმნა საკუთარი სოციალური ქსელი. სწორედ ამის გამო, მას იდეის მოპარვაში დასდეს ბრალი და სასამართლოზე 45 მლნ. დოლარის გაღება მოუწია.

წარმატებული ადამიანების ცხოვრება მუდამ ია-ვარდით მოფენილი როდია.. ცუკერბერგს ერთი პერიოდი ეკონომიკური კრიზისი ჰქონდა, რის გამოც ვერ ახერხებდა ახალ-ახალი იდეებისთვის „ხორცი შეესხა“. თუმცა, თუკი ამ ადამიანის ცხოვრებას გადავხედავთ, აშკარად დავინახავთ, რომ ფორტუნა უპირატესად მის მხარესაა. მარკს საკმაოდ დიდ ხანს მოუწია დამფინანსებლის ძებნა, თუმცა საბოლოოდ მაინც მიაკვლია მას. Paypal-ის დამფუძნებელმა, პიტერ თილმა, ნახევარი მლნ.დოლარი მისცა მას, რითაც მარკმა საჭირო ოპერაციები განახორციელა და Facebook კიდევ უფრო განავითარა. სოციალური ქსელიც თანდათან „ფართოვდებოდა“ და თუკი 2004 წლისთვის მასზე 1 მლნ. ადამიანი იყო დარეგისტრირებული, 2005-ში მისმა მაჩვენებელმა 5 მლნ-ს მიაღწია.

Facebook რომ ცუკერბერგისთვის ძალიან ძვირფასია ამაზე არაერთი ფაქტი მეტყველებს: მან სოც.ქსელის გაყიდვაზე უამრავ მსხვილ კომპანიას უთხრა უარი. ერთ-ერთი ასეთი Microsoft იყო, მიუხედავად გრანდიოზული შემოთავაზებებისა.

ცუკერბერგი თავისი შემოსავლის 50%-ს ქველმოქმედებაში ხარჯავს. იგი ყოველი ქმედებით გვიმტკიცებს, რომ ერთი უბრალო ადამიანია. 
გთავაზობთ ცუკერბერგის ცნობილ გამონათქვამებს:
 

  • „ვფიქრობ, ბიზნესის მარტივი წესი ესაა: თუკი შენ პირველად მარტივ, პატარ-პატარა საქმეებს გააკეთებ, შემდგომში დიდ პროგრესს მიაღწევ.“
  • „ადამიანები შეიძლება იყვნენ რეალურად ჭკვიანები ან ჰქონდეთ ნიჭი, მაგრამ თუ ისინი არ იქნებიან ამაში დარწმუნებულები, ისინი ვერ იმუშავებენ ისე, როგორც საჭიროა.“
  • ''ქვეყანაში, სადაც ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება, ერთადერთი სტრატეგია, რომელსაც წარუმატებლობა მოაქვს, არის რისკებზე არწასვლა.“
  • „ხალხი არ აქცევს ყურადღებას, სხვა რას ამბობს შენზე ფილმში ან შენ რას ამბობ. ისინი აქცევენ ყურადღებას იმას, შენ რას აშენებ/ქმნი რეალურად.“
  • „კითხვა, რომელსაც ჩემს თავს თითქმის ყოველდღე ვუსვამ, არის: ვაკეთებ კი ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს, რასაც უნდა ვაკეთებდე? თუკი ვგრძნობ, რომ მე ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემაზე ვმუშაობ, რომელიც უნდა გამოვასწორო, მაშინ თავს კარგად ვგრძნობ, იმიტომ, რომ ჩემს დროს სწორად ვხარჯავ.“
  • „მე მქონდა ბევრი შესაძლებლობა, მიმეღწია წარმატებისთვის ჩემი ცხოვრების მანძილზე და ეს ჩემმა მაღალი დონის სკოლებში სწავლამ განაპირობა.“
  • „მჯერა, რომ ადამიანებს გაცილებით მეტი ძალაუფლება უნდა ჰქონდეთ.“



თინათინ უგრეხელიძე

ინტერნეტ ჟურნალ ''მოტივაციის'' გუნდის წევრი

 

ინტერნეტ ჟურნალის შესახებ:


"ინტერნეტ ჟურნალ “მოტივაციის" გუნდის მიზანია გავუზარდოთ ადამიანებს თვითრწმენა და დავეხმაროთ იმის აღიარებაში, რომ მათ შეუძლიათ ყველაფრის მიღწევა. ჩვენი გუნდი მუშაობს იმისათვის, რომ მოგაწოდოთ იდეები, რომლებსაც შეუძლია დაგეხმაროთ მოტივაციის გაზრდასა და ცხოვრებისეული ცვლილებების განხორციელებაში.

ჩვენ დაუღალავად ვმუშაობთ ყოველდღიურად რათა თქვენ მიიღოთ ახალი იდეები, ახალი ცოდნა და ინფორმაცია იმისათვის, რომ უფრო სწრაფად მიაღწიოთ დასახულ მიზნებს. ჩვენს ჟურნალში მოცემულია პოზიტიური იდეები და რჩევები, რომლებმაც შეცვალეს სხვა ადამიანების ცხოვრება ანუ მათ შეუძლიათ თქვენი ცხოვრების შეცვლაც. გახსოვდეთ, რომ თუ სხვა შეუძლია წარმატების მიღწევა ე.ი შეგიძლიათ თქვენც”.


დავით კენჭაძე
ინტერნეტ ჟურნალ "მოტივაციის" იდეის ავტორი, ბიზნეს კონსულტანტი 

| გააზიარე
მოგწონთ?