5 მიზეზი, რომელიც ყველაზე ხშირად გიშლით ხელს სამსახურის დაწყებაში


ერთხელ მაქს მესმერს დედამ უთხრა, რომ უკვე დრო იყო, საკუთარი თავი ერჩინა და მუშაობა დაეწყო. 11 წლის მაქსმა ქალის სამაჯურების კეთება დაიწყო, შემდეგ მათ მეგობრებს, მეზობლებს, სტუდენტებსა და მასწავლებლებს სთავაზობდა. მაქსი საქმიანობამ ისე გაიტაცა, რომ სწავლას დროს აღარ უთმობდა, რის გამოც დედამ საქმის გაგრძელება აუკრძალა და აიძულა, სწავლას დაბრუნებოდა.

სამაგიეროდ, მაქსმა ისწავლა, რომ არაფერი ხდება გაყიდვების გარეშე და არც სამსახურის ძებნის პროცესია ამ მხრივ გამონაკლისი. არავინ იცის შენი შესაძლებლობები, სანამ გაყიდვის უნარს ექსპერტივით არ დაეუფლები. მაქსს მიაჩნია, რომ გაყიდვის ნიჭის უქონლობა სამსახურის მაძიებელთა ყველაზე ხშირი პრობლემაა. 

დღეს მაქს მესმერი Robert Half International Inc.(RHI)-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორია, ორგანიზაციისა, რომელიც  კადრებით დაკომპლექტების, სამსახურის ძებნისა და კარიერის მართვის მსოფლიო ლიდერია.

მიუხედავად იმისა, რომელ ქვეყანაში ვცხოვრობთ, განვითარებულ თუ განვითარებადში, სამსახურის ძებნა არც თუ ისე პატარა პრობლემაა.  საინტერესოა, რა გვიშლის ყველაზე ხშირად ხელს სამსახურის დაწყებაში?

 

1.არასწორად შევსებული ან გაგზავნილი რეზიუმე (CV) - არასწორად შევსებული ან გაგზავნილი CV შეიძლება წარუმატებლობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი გახდეს. მნიშვნელოვანია როგორც მისი ვიზუალური, ასევე შინაარსობრივი მხარე. პირველ რიგში, უნდა გაითვალისწინოთ, რომ განაცხადი უნდა გააკეთოთ თქვენი გამოცდილებისა და განათლების შესაბამის ვაკანსიაზე. შეუსაბამო პოზიციაზე კარგი HR უბრალოდ არ განიხილავს თქვენს კანდიდატურას. 

 

2.მიზნების არ ქონა და საკუთარ თავთან  ნაკლები მუშაობა - პირველ რიგში უნდა იცოდეთ ვინ ხართ და რა გსურთ, რა არის თქვენი მთავარი მისია ამ ცხოვრებაში. ძალიან რთულია პოტენციურმა დამსაქმებელმა გაიგოს რა გინდათ ცხოვრებაში და როგორ აპირებთ ამ ყველაფრის მიღწევას, თუ თავად თქვენ არ გაქვთ ამაზე ნაფიქრი. ეცადეთ, იმუშაოთ საკუთარ თავზე რაც შეიძლება ბევრი, დაისახოთ მიზნები, დაესწროთ თუნდაც უფასო ტრენინგებსა და სემინარებს, გააკეთოთ საკუთარი თავის SWOT ანალიზი და იყოთ კონკურენტუნარიანი.  გახსოვდეთ, განვითარება არის უწყვეტი პროცესი და ნებისმიერი წარმატება მიიღწევა მუდმივი ძალისხმევის პირობებში. 

 

3.ნეთვორქინგის არ არსებობა - ნეთვორქინგი თანამედროვე სიტყვაა და ისეთ ხალხთან კონტაქტს ნიშნავს, რომლებსაც აქამდე არ შეხვედრიხართ, თუმცა შესაძლოა, ისინი სამსახურის პოვნაში დაგეხმარონ. დიახ, ეს სანაცნობო ქსელია და ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება, ნუ გაგიკვირდებათ, უბრალოდ, ნეთვორქინგის იდეა მარტივ პრინციპზეა დამყარებული: ნაცნობებისაგან უფრო ადვილად მიიღებთ დახმარებას, ვიდრე უცნობებისაგან, ამიტომ რაც შეიძლება მეტი ნაცნობები უნდა შეიძინოთ თქვენთვის საინტერესო სფეროში.

რა თქმა უნდა, შესაძლოა სამსახური პირადი კავშირების გარეშეც იპოვოთ და მხოლოდ კავშირები არ არის საკმარისი სამსახურის დასაწყებად. კავშირებთან ერთად, აუცილებელია იმის დემონსტრირება, რომ  საქმის კეთება შეგიძლიათ. 

 

4.წარუმატებელი გასაუბრება -  გასაუბრება თქვენი შანსია, დამსაქმებელს დაანახოთ, რომ რეზიუმეში წარმოდგენილი  ყველა მიღწევა და უნარი, ნიჭიერ  და მოტივირებულ ადამიანს ეკუთვნის - და ეს ადამიანი თქვენ ხართ! 

გამოკითხულ მენეჯერთა აზრით, გასაუბრებაზე მხოლოდ კანდიდატის უნარებს კი არა, მათ სამსახურისადმი დამოკიდებულებასაც ექცევა ყურადღება. სხვადასხვა მახასიათებლების პროცენტული მაჩვენებლები ასე გამოიყურება: გულწრფელობა და საქმისადმი ერთგულება - 37%; ენთუზიაზმი - 29%; სწორი ჩაცმის სტილი და ვერბალური უნარები - 28%; იუმორის გრძნობა - 3%; გარეგნობა - 3%.

 

ყურადღება მიაქციეთ აგრეთვე შემდეგ საკითხებს:

•უნდა შეგეძლოთ თქვენს რეზიუმეში წარმოდგენილი ინფორმაციის დადასტურება კონკრეტული მაგალითებით.

•მოკლედ და დამაჯერებლად ახსნათ, თუ რატომ გინდათ ამ პოზიციების დაკავება.

•თქვენი სუსტი მხარეების  ძლიერით გადაფარვა.

•გულწრფელი პასუხების გაცემა.

•ბუნებრივია, რომ გასაუბრების დროს ნერვიულობთ. ეს უკეთესიცაა, ვინაიდან ორგანიზმში ადრენალინის გამოყოფა უფრო მობილიზებულს და ენერგიულს გაგხდით, თუმცა ეცადეთ, არ გადააჭარბოთ და ადრენალინის დონე დასაშვებ ზღვარზე შეინარჩუნოთ.

 

5.არათავდაჯერებულობა და საკუთარი თავის იმედის აქ ქონა - ნუ დაგავიწყდებათ, თუნდაც კარგი კავშირები გქონდეთ, მთავარი ფიგურა მაინც თქვენ ხართ! დაუთმეთ დრო იმ უნარების ჩამოთვლას, რომლებიც ძლიერ კანდიდატად გაქცევთ. გაიხსენეთ ყველა პროექტი და სამსახური, რაც აქამდე გქონიათ და ყველა თქვენი ძლიერი მხარე, რაც წარმატების მიღწევაში გეხმარებოდათ. ენდეთ საკუთარ თავს და აიღეთ გადაწყვეტილების მიღების პასუხისმგებლობა.

 

სამსახურის ძებნა და მასთან შეგუება ადვილი როდია. თუმცა თუ  გაითვალისწინებთ ზემოთ ჩამოთვლილ რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას, თქვენ აუცილებლად მოხვდებით შესაფერის კანდიდატთა შორის.

გისურვებთ წარმატებას! 

| გააზიარე
მოგწონთ?