წლის 20 საუკეთესო არჩევანი მკითხველისთვის


გთავაზობთ 2016 წლის 20 საუკეთესო ბესთსელერ წიგნს, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მკითხველზე:

1.ბრაიან თრეისის „აკოცე ბაყაყს!“ - 12 მშვენიერი ხერხი, თუ როგორ ვაქციოთ უარყოფითი დადებითად ჩვენს ცხოვრებასა და სამსახურში. წიგნი გთავაზობთ პრაქტიკულ, აპრობირებულ სტრატეგიას. აქციეთ ნეგატიური ბაყაყები პოზიტიურ პრინცებად!

2.„ბილი მილიგანის მრავალმხრივი გონება“ - ბილი მილიგანს შეუძლია ნებისმიერი ვინმე იყოს, გარდა საკუთარი თავისა. გადამწყვეტ სასამართლო პროცესზე ბილი შეურაცხადობის მიზეზით უდანაშაულოდ სცნეს. ეს ისტორიაში პირველი სასამართლო განაჩენი იყო, რომელმაც მრავლობითი პიროვნების შემთხვევებიდან ყველაზე გამორჩეულ და სულისშემძვრელ ამბავს მოჰფინა ნათელი.

3.ფრიც რიმანის „შიშის ძირითადი ფორმები“ - გერმანელი ფსიქოლოგი შიშს ოთხ ძირითად ფორმად ჰყოფს, რომელთა საფუძველზეც წარმოგვიდგენს ტიპოლოგიას პიროვნების ოთხი სახასიათო ტიპით. ეს კლასიკად ქცეული ფსიქოლოგიური ნაშრომი მსოფლიოს მრავალ ენაზეა თარგმნილი.

4.ბრიჯიტ ქობის „როგორ მივაღწიოთ მიზანს“ - ავტორი ცდილობს აგვიხსნას, რამდენად არის წარმატება და ოცნების ახდენა თავად ჩვენზე დამოკიდებული, სად ვუშვებთ შეცდომას და როგორ უნდა ვიმოქმედოთ სასურველი მიზნის მისაღწევად.

5.ხოსე ორტეგა გასეტის „ადამიანი და ხალხი“ - „ვცოცხლობ, მაშასადამე, ვფიქრობ“. ხოსე ორტეგამ შემოიტანა ცნება „სიცოცხლის მიზეზი“, რათა მიეთითებინა ახალი ტიპის მიზეზზე: იგი მუდმივად იცავს სიცოცხლეს იმისაგან, რაც მას წალეკვით ემუქრება. 

6.მაიკლ ქლეითონის „როგორ ვმართოთ დრო“ - ეს ნაშრომი დაკვირვების, ანალიზისა და რეკომენდაციების ნაკრებია, რომელიც გასწავლით, რა უნდა მოიმოქმედოთ, რომ დროის მართვა გაგიადვილდეთ. ამრიგად, ამ წიგნზე ნამდვილად ღირს დროის დახარჯვა.

7.გიორგი გიორგაშვილის „სხეულის ენა და აზრების წაკითხვის ხელოვნება“ - ეს წიგნი საშუალებას აძლევს ყველა ამ თემით და მეცნიერებით დაინტერესებულ ადამიანს, გაეცნოს და შეისწავლოს სხეულის ენა, რომელიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში, პირად თუ სოციალურ ურთიერთობებში, მიზნების განხორციელებასა და წარმატების მიღწევაში დაეხმარება.

8.ელ რაისისა და ჯეკ ტრაუტის „მარკეტინგული ომები“ - ამ ავტორებმა შეძრეს მარკეტინგული სამყარო თავიანთი მართლაც რომ კლასიკური წიგნით, რომელშიც განაცხადეს, რომ „მარკეტინგი არის ომი, სადაც კონკურენტი მტერია, მომხმარებელი კი დასაპყრობი ტერიტორია.“ ეს წიგნი მარკეტინგის ისტორიაში არსებულ უძლიერეს ტაქტიკებსა და პერსპექტივებს გვამცნობს.

9.დენი როჯერსის „კამპანიები, რომლებმაც შეძრეს მსოფლიო“ - ამ წიგნში აღწერილია პოლიტიკური, კორპორაციული და გასართობი კონკრეტული ცხრა კამპანია 70-იანები წლებიდან დღემდე. ასიდან ერთ კამპანიას აქვს „დიდი იდეა“. ეს წიგნი სწორედ იმ ერთ პროცენტზე მოგითხრობთ.

10.შერონ დრეიპერის "გონების მიღმა" - ამ წიგნში მოთხრობილია ამბავი პატარა გოგონაზე, რომელსაც ცერებრული დამბლა აქვს. ის ინკლუზიურ კლასში სწავლობს და ძალიან ხშირად უწევს კლასელების და მასწავლებლების მხრიდან დამაკნინებელი მოპყრობის ატანა. ეს სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვის პირველ პირში მოყოლილი და შეულამაზებლად მოთხრობილი ამბავია.

11.„დატუსაღებული ისტორია“ - ამ წიგნით 1943-1956 წლებში საქართველოს საშუალო სკოლების უფროს კლასებში ისწავლებოდა საქართველოს ისტორია. 1956 წელს წიგნი ამოიღეს სასწავლო პროგრამიდან და "კრემლის" ბრძანებით დაატუსაღეს. 1956 წლიდან წიგნს არ ენახა დღის სინათლე და დღეს ის გვიბრუნდება პირვანდელი სახით.

12.სვეტლანა როიზის „ჯადოსნური ჯოხი მშობლებისთვის,“ - ეს წიგნი პრაქტიკული რჩევებით დაგეხმარებათ, რომ მოძებნოთ უფროსებისა და ბავშვების პრობლემების გადაჭრის საუკეთესო და უმოკლესი გზები. აგრეთვე რთული და მტკივნეული სამუშაო გარდაქმნათ სასარგებლო და მიმზიდველ საქმიანობად. 

13.ალექს ნარბუტის „150 ვარჯიში, რომელიც გაგხდით ადამიანებთან ურთიერთობის დიდოსტატად“ - ტრენინგების კრებული, რომელიც უმოკლეს დროში დაგეხმარებთ გახდეთ დიდოსტატი ადამიანებთან ურთიერთობების სფეროში. 

14.დეილ კარნეგის „როგორ მოვიპოვოთ ადამიანების კეთილგანწყობა“ - ამ წიგნში განხილულია პიროვნული მაგნეტიზმის მიღწევის გზები, რაც ასე მნიშვნელოვანია ადამიანთა კეთილგანწყობის მოსაპოვებლად.   

15.ელიფ შაფაქის „სიყვარულის ორმოცი წესი“ - თანამედროვე ამერიკელი ქალის ერთფეროვან ცხოვრებაში ქარიშხალივით შემოიჭრება ორი საოცარი და საოცნებო სამყარო: სიყვარული და... აღმოსავლეთი! აქ ნახავთ მსჯელობას ღმერთზე, სიყვარულზე, სიცოცხლეზე, სიკვდილსა და უკვდავებაზე.

16.„დინამიური საუბრის ხელოვნება“ - „თავად გადავწყვიტოთ ის, რასაც ჩვენ მაგივრად სხვები წყვეტენ.“ ეს წიგნი განსწავლით სწორი შეკითხვის დასმას, თანამოსაუბრის მოტივების ამოცნობასა და მასზე ზუსტ რეაგირებას. დებატების გააზრებულად წარმოება საქმესაც წაადგება და ახალი შესაძლებლობების ჰორიზონტსაც გაგიფართოვებთ.

17.დეილ კარნეგის  „როგორ დავამარცხოთ შიში და სტრესი“ - შიში გვაცლის ენერგიას, სიცოცხლის ხალისს, ოპტიმიზმს და შეუძლია, მიგვიყვანოს ფიზიკურ და მორალურ გამოფიტვამდე. ჩვენ არ შეგვიძლია, სრულად დავაღწიოთ თავი მღელვარებას და სტრესს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, მინიმუმამდე დავიყვანოთ მათი ნეგატიური ეფექტი, რაც ჩვენს ცხოვრებას მშვიდს და სიხარულით აღსავსეს გახდის.

18.ჯიმ რონის „ვიტამინები ჭკუისათვის. - ეს წიგნი მოკლე საუბრების სახით არის შედგენილი. ყოველი საუბარი - ეს არის შეხედულება ცხოვრებაზე გარკვეული კუთხიდან. აქ განხილულია როგორც ბედნიერების გაგება, ისე ბავშვებთან დამოკიდებულება, წარმატების მიღწევის ხერხები, ფულთან დამოკიდებულება, ჰარმონიის მიღწევის გზები და ა.შ.

19.ჰარისონის „მდუმარე ცოლი” - ფსიქოლოგიური თრილერის ჟანრში მისი დებიუტია. წიგნი კანადაში, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში 2013 წლის 25 ივნისს ერთდროულად გამოიცა. გამოქვეყნებისთანავე „ნიუ-იორკ თაიმსის“ ბესტსელერებში მოხვდა და მსოფლიო აღიარება მოიპოვა. ნათარგმნია 30 ენაზე. გაყიდულია მილიონზე მეტი ეგზემპლარი. ნომინირებული იყო John Creasey - New Blood-ის პრემიაზე საუკეთესო კრიმინალური თრილერის ჟანრში.

20.„ლურჯი ოკეანის სტრატეგია“ - ეს ბესტსელერი, რომელიც მსოფლიოს მრავალმა ორგანიზაციამ და საწარმომ აიტაცა, ეჭვქვეშ აყენებს ყველაფერს, რაც აქამდე იცოდით წარმატებული სტრატეგიის შესახებ. ამ წიგნის სტრატეგია წარმოადგენს სისტემურ მიდგომას, რომელიც არააქტუალურს ხდის კონკურენციას და გვთავაზობს ისეთ პრინციპებსა და ინსტრუმენტებს, რომლებიც ნებისმიერ ორგანიზაციას შეუძლია გამოიყენოს საკუთარი „ლურჯი ოკეანის“ შესაქმნელად და ასათვისებლად.

| გააზიარე
მოგწონთ?