ბავშვობაში ნაპოვნი პოზიტივი


გაიხსენეთ, როგორ გიყვარდათ ბავშვობაში მეგობრებთან ერთად თამაში და რამდენჯერ ასულხართ ცელქობით გადატყავებული მუხლებით სახლში? სახლში სადაც ასვლის დროს გული გამალებით გიცემდათ რას გეტყოდნენ ამა თუ იმ გაფუჭებული საქმის გამო თქვენი მშობლები და როდესაც სახლში  შედიოდით რა რეაქცია ჰქონდათ მათ? მე პირველი რაც მახსენდება ეს იყო მშობლების ღიმილი, რომელიც იმედს მაძლევდა, რომ ყველაფერი რიგზეა, მიუხედავად იმისა როგორ ვიყავი მე დაზიანებული, ეს არ იყო უბრალო მოვლენა, მე ეს დღემდე თან დამყვება, ტკივილის შემდეგ გაღიმება ჩემი ცხოვრების თანმდევი კადრია, რომელიც ყოველთვის იმედს მაძლევს, რომ ყველაფერი დაძლევადია, ყველაფერი კარგადაა, ყველაფერი რიგზეა.

ეს არის პოზიტივი....

გაიხსენეთ თქვენი საყვარელი თამაში: რაგბი, ფეხბურთი, კალათბურთი, ჩოგბურთი, ცურვა... სულერთია, თამაში, რომელიც შეგიყვარდათ საყვარელი მოთამაშის გამო და თქვენც გადაწყვიტეთ მის კვალს გაჰყოლოდით და დღემდე ამაში მთელ თქვენს ენერგიას დებთ, მთელ თქვენს ცხოვრებას უთმობთ.

რამდენჯერ წაქცეულხართ, თქვენს გუნდს წაუგია, თქვენ კარგად ვერ გითამაშიათ, მაგრამ არ ნებდებოდით, რადგან გახსენდებოდათ ათასი რამ, რაც მოტივაციას უფრო და უფრო გიღვივებდათ თქვენი საყვარელი პროფესიის მიმართ, რამდენი „არ გამოგივა“ მოგისმენიათ?!... რამდენი  „ეს ქვეყანა, რომ არა“... და ათასი მიზეზი, რითაც სხვები იმართლებდნენ თავს და ცდილობდნენ თქვენი მოტივაციაც ჩაეხშოთ, მაგრამ გახსენდებოდათ მთავარი მოტივატორები, რომლებიც ბავშვობიდან თვალებში გიყურებდნენ და გეუბნებოდნენ - „მე მჯერა, შენ ეს გამოგივა, მე მჯერა შენ ამას შეძლებ“... თუნდაც ვინ არის გუნდში ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი? რა თქმა უნდა მწვრთნელი, რომელმაც გახსოვს, როგორ ჩამოგართვა ხელი და თქვა: „ მე ვხედავ შენში პოტენციალს“... ეს ის მწვრთნელია რომელმაც ჩამოგართვა ხელი და არა ხელფასი იმის გამო, რომ რომელიღაც ვარჯიში გააცდინე, ის პირველ რიგში შენი მეგობარია და ეს არის პოზიტივი...

როდესაც სარკეში ჩაიხედავ და დაინახავ საკუთარ თავში რაიმე ნაკლს და ფიქრობ ამ ნაკლზე, დარდობ და ცდილობ გამოასწორო, რადგან ხედავ, რომ ნაკლი მხოლოდ გარეგნობაში არაა და უფრო ღრმაც შეიძლება იყოს და უცებ კვლავ ჩაიხედავ სარკეში, იფიქრებ მოდი ახლა კი საკუთარ დადებით მხარეზეც ვიფიქროთ, როგორც მინიმუმ გული მიცემს ანუ ცოცხალი ვარ, ანუ ყველაფერი წინაა. ჩემი ხელები გონება და სხეულის ყველა ნაწილი მუშაობს ანუ შემიძლია ყველაფერი გავაკეთო, რომ საკუთარ თავს ვაჯობო და მადლობელი ხარ იმისთვის, რაც გაქვს და არ გჭირდება მაინც და მაინც დანაკლისი განიცადო, რომ  მიხვდე იმის ფასს თუ რამდენი რამე გაგაჩნია დედამიწის ზურგზე რომ იყო ბედნიერი, რომ იყო მადლობელი, რომ ყველაფერი გამოსწორდება - ეს არის პოზიტივი...

სამსახურში ყოველ დილას რომ დადიხარ და ხვდები, როგორ იზრდები ყოველდღე, როგორ გახარებენ შენი გუნდის წევრები, რომ მათთან შეხვედრა ცილდება თანამშრომლურ შეხვედრებს და აანალიზებ, რომ მიდიხარ სამსახურში, რომელიც არა სამუდამო მსახურს,  არამედ სამუდამო სახურავს გახსენებს, სადაც თავს ძალიან კარგად გრძნობ არა იმიტომ, რომ კომფორტის ზონაში ხარ, არამედ იმიტომ, რომ უფრო და უფრო მარტივად უმკლავდები ახალ რთულ გამოწვევებს, რადგან ძლიერ გუნდთან ერთად ხარ, რადგან მიდიხარ სამსახურში სადაც გხვდება არა ბოსი რომელიც ყოველ სიტყვაში გაგრძნობინებს რომ შენზე მაღლა დგას, არამედ ლიდერი რომელიც გეუბნება, რომ შენი მუშაობა და პიროვნული ზრდა მნიშვნელოვანია, ხაზს უსვამს გუნდის ნაკლოვანებებსა, დადებით მხარეებს და ერთად ამუშავებთ გეგმას, როგორ გახდეთ „მჯობნის მჯობნი“ - ეს არის პოზიტივი...
 

  1. გაღიმება...
  2. „ჩამოართვი ხელი და არა ხელფასი“...
  3. დაინახო საკუთარი შესაძლებლობები...
  4. გახდე „მჯობნის მჯობნი“ გუნდთან ერთად ...


ეს ოთხი ჩამონათვალი თავისი შინაარსით და წვრილმანებით, რომელიც  სიტყვებში არ ეტევა, არის ჩემთვის და ვიფიქრობ არა მხოლოდ ჩემთვის, ყველაზე დიდი პოზიტივი და ის ყოველთვის ჩვენთანაა, ჩვენშია.


ანი სალდაძე

| გააზიარე
მოგწონთ?