ნაყინი და შოკოლადი - პოზიტივის მარტივი რეცეპტი


იმის მაგივრად, რომ ახლა ვიჯდე და სისხლის სამართლის პროცესის გამოცდისთვის ვემზადებოდე, რომელიც ხვალ დილით ცხრა საათზე მაქვს, ვზივარ და ვფიქრობ ამ სტატიაზე. გამოცდის სირთულის მიუხედავად, ოპტიმისტურ განწყობაზე ვარ, ეს უკვე პოზიტივია.  
რა არის პოზიტივი? ჩემს მეგობრებს და უბრალოდ ნაცნობებსაც რომ ჰკითხოთ, გიპასუხებენ – ნინოზე მეტი პოზიტივი რა გინდათო?! მე სხვებისთვის პოზიტივი ვარ, ადამიანი, რომელიც არასდროს არის მოწყენილი, რომელსაც სხვისი ფიქრით არაფერი სტკივა და აწუხებს. სინამდვილეში კი შინაგანად სულაც არ არის ყველაფერი ისე კარგად, როგორც მათ წარმოუდგენიათ.

სხვებისთვის მე ვარ პოზიტივი, ჩემთვის კი პოზიტივი ჩემი მეგობრები არიან, რომლებიც ყოველ დღეს მივსებენ და მილამაზებენ. პოზიტივი არის ჩემი ძმა, რომელიც ზუსტად ამ წამს შემოვიდა ჩემს ოთახში, მაკოცა, ჩამეხუტა და მითხრა: გამიღიმე მაინც, მოვედი რომ გამეხალისებინეო. მიყვარს დადებითი ემოციებით და სიცილით სავსე დღეები. სპონტანურად რომ მოხვიდეთ და მკითხოთ რა არის შენთვის პოზიტივიო, გიპასუხებთ, რომ ეს არის შოკოლადი და ბევრი ნაყინი!  წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ადამიანს რომელიმე მათგანი არ უყვარდეს. რაც არ უნდა ცუდ ხასიათზე ვიყო, ნაყინზე თუ დამპატიჟებთ, პირობას გაძლევთ ყველაფერი შეიცვლება. უბრალოდ წარმოიდგინეთ, პატარა ბავშვივით ვარ, მიყიდეთ ნაყინი და გავჩუმდები, გავჩერდები და მთელ დღეს პოზიტიურად გავაგრძელებ. მაჩუქეთ ერთი ფილა შოკოლადი და ზუსტად ისეთი ტკბილი ვიქნები. გიკვირთ არა? ადამიანი ვარ, რომლისთვისაც უმნიშვნელოც მნიშვნელოვანია.

ადამიანი, რომელიც მთელი თავისი არსებით ცდილობს ყოველი დღე პოზიტიურად დაიწყოს და ყველა ნაცნობი ასეთივე ხასიათზე დააყენოს. უნივერსიტეტში ზოგი პოზიტივს მეძახის,ზოგი კი - მზეს.

რამდენიმე თვის წინ ვცადე უცხოებისთვისაც გადამედო ჩემი პოზიტიურობა და ქუჩაში ყველა გამვლელს ვუღიმოდი. მართალია, ქართველებისგან საპასუხოდ ვერაფერი მივიღე, მაგრამ სამაგიეროდ უცხოელებისგან ვიგრძენი სითბო. სწორედ ესაა პოზიტივი ,სხვა რომ გაგიღიმებს და გაგრძნობინებს, რომ ბედნიერია.

ასევე ის, როცა ბებიას, რომელიც აფთიაქის წინ იჯდა და ხურდას თხოულობდა, წავედი და ფუნთუშები ვუყიდე. საპასუხოდ კი იცით რა მივიღე? მისი დამჭკნარი სახიდან გამონათებული ზღვისფერი თვალები, რომლებიც იმხელა სითბოს და სიყვარულს გამოხატავდნენ ჩემს მიმართ, რომ ვერ აღვწერ. ზუსტად ესაა პოზიტივი ჩემთვის.

კიდევ იცით რა მაბედნიერებს? ორსული ქალების დანახვა. მომავალი დედების, რომლებიც ბევრად ლამაზები არიან იმ მომენტებში, მათი ბედნიერებით სავსე თვალები, სახეები და მოლოდინი, რომ მალე პატარა ეყოლებათ.

პოზიტივია რომ ვიცი, მომავალში ყველაფერი კარგად იქნება!



ნინი ცერცვაძე
 

| გააზიარე
მოგწონთ?