ლიდერობა უნდა გამოიმუშავო ყოველდღე


“ლიდერობა სწავლებადია თუ ლიდერებად იბადებიან? ლიდერობა სწავლებადია თუ წინაპარი უნდა მყოლოდა ლიდერი, რათა მეც ლიდერი ვყოფილიყავი?” - ასეთი დამაბნეველი კითხვები ხშირად გაისმის ირგვლივ, რაც შედეგად ჩვენში შიშის გაღვიძებასა და უკან დახევას განაპირობებს. გვგონია, რომ დედა ან ბაბუა თუ არ გვყავს ლიდერი, ვერ გავხდებით ლიდერი და ა.შ. მსგავსი პრინციპულად არასწორი შეხედულებები გვანგრევს. საკუთარი ცხოვრებისეული თავგადასავლებიდან გამომდინარე და ასევე სხვათა გამოცდილებით, შემიძლია, დანამდვილებით გითხრათ, რომ ლიდერობა შრომითა და მონდომებით სწავლებადია! “შენ შეგიძლია, ისწავლო ყველაფერი, რაც გინდა, რომ ისწავლო!”   

როგორ განვავითაროთ ლიდერული უნარ-ჩვევები? ეს მეტად კომპლექსური და ამოუწურავი საკითხია, თუმცა შესაძლებლობის ფარგლებში მოგცემთ 4 რჩევას, რომელიც ლიდერობისაკენ სავალ ეკლიან და რთულად გასაკვალავ გზაზე ნამდვილად გამოგადგებათ.

მაშ ასე დავიწყოთ:

1. ისწავლეთ უწყვეტად და განვითარდით.
ამერიკელი ანტრეპრენერი ჯიმ რონი გვეუბნება: “ყველა ლიდერი მკითხველია”, რაც ნიშნავს იმას, რომ ლიდერი და სწავლა, ლიდერი და განვითარება ერთმანეთისაგან განუყოფელი ცნებებია, ერთი მეორის გარეშე ვერ “იცოცხლებს”.
ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ პერიოდში, სადაც ინფორმაციის მიღების უამრავი არხი არსებობს, ამიტომ გამოიყენეთ ყველა რესურსი: ვიდეო ლექციები, სტატიები, ჟურნალები, მცოდნე ადამიანთა გამოცდილება და რჩევები.

როგორც ჩემი საყვარელი ამერიკელი სამოტივაციო სპიკერი - ბრაიან ტრეისი იტყოდა, “ლიდერები არასოდეს წყვეტენ სწავლასა და განვითარებას. ყველა ლიდერული თვისება სწავლებადია, ამიტომ ახლავე შეუდექით ამ საქმეს. რატომ? ერთი მარტივი მიზეზის გამო: ვინც ადრე იწყებს მოძრაობას, ფინიშის ხაზზე უფრო მალე მიდის.
გახსოვდეთ, ლიდერებად არ იბადებიან, ლიდერობის სწავლა შესაძლებელია.
“შენ შეგიძლია, ისწავლო ყველაფერი, რაც გინდა, რომ ისწავლო.”

2. აღმოაჩინეთ, რომელი ლიდერული თვისებები არ გაქვთ, და ისწავლეთ.
ისევ ბრაიან ტრეისის დავესესხები და ვიტყვი “თუ გინდა, შენი ცხოვრება გახდეს უკეთესი, შენ თავად უნდა გახდე უკეთესი”, რაც ნიშნავს მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებულობას, რაც ნიშნავს სისუსტეების აღმოჩენასა და მათზე მუშობას, რაც ნიშნავს არსებული უნარ-ჩვევების კიდევ უფრო მეტად დახვეწას. ნაკლოვანებების აღმოჩენისათვის შემიძლია, გირჩიოთ ძალიან კარგი ხერხი - სვოტ ანალიზის მეთოდი. აგრეთვე - მიდგომა, რასაც თავად ხშირად ვიყენებ, კომპეტენტურ ადამიანებს ვთხოვ, შემაფასონ და მითხრან, რა მიმართულებით მჭირდება სწავლის გაძლიერება და რაში ვარ შედარებით უკეთესი. ეს დეტალები ნამდვილად გამოგადგებათ სწორი მიმართულების პოვნაში.

და რომელია შენი ლიდერული სისუსტე, რომელიც შეგიძლია, რომ გამოასწორო? იმოქმედე, იმოქმედე ახლა, რადგან “შენ შეგიძლია, ისწავლო ყველაფერი, რაც გინდა, რომ ისწავლო.”

3. გჯეროდეთ საკუთარი თავის
საკუთარი თავის რწმენა, ბუნებრივია, ვერ გექნება თუ არ გაქვს ამის მიზეზი. ამის მიზეზი კი შენი ცოდნა და გამოცდილებაა. ამიტომ იმისათვის, რომ იყოთ საკუთარ თავში და ძალებში დარწმუნებული, რაც ლიდერისთვის არსებითად მნიშვნელოვანია, უნდა გაითვალისწინოთ პირველი ორი პუქტი. ისწავლეთ, განვითარდით და გაიზარდეთ, რადგან თუ შენ არ გჯერა საკუთარი თავის, სხვას როგორ ან რატომ უნდა სჯეროდეს შენი?
დაიწყე ახლავე, რადგან “შენ შეგიძლია ისწავლო ყველაფერი, რაც გინდა, რომ ისწავლო.”  

4. გაზარდეთ სხვები
თქვენი სწავლა, გამოცდილება და სხვა დანარჩენი არის, პირდაპირ გეტყვით, ფუჭი, თუკი თქვენ სხვებს არ გამოადგებით და არ იზრუნებთ მათ განვითარებასა და წინსვლაზე, მითუმეტეს, თუ ლიდერობის ამბიცია გაქვთ. ამიტომ საკუთარ თავზე მუშაობასთან ერთად იმუშავეთ სხვების განვითარებასა და პროგრესზე. აი, სწორედ მაშინ იქნებით ნამდვილი ლიდერი. და, სანამ სხვებზე მუშაობას დაიწყებდეთ, თქვენ თავად დაიწყეთ საკუთარ თავზე მუშაობა ახლავე, რადგან “შენ შეგიძლია, ისწავლო ყველაფერი, რაც გინდა, რომ ისწავლო.”

ზემოთქმულს კი ერთი ფრაზით შევაჯამებ, რითიც ბევრი რამ იქნება ნათქვამი და ზედმეტ განმარტებას არ საჭიროებს: “არ აქვს მნიშვნელობა, საიდან მოდიხარ, მნიშვნელობა აქვს, საით მიდიხარ.”

| გააზიარე
მოგწონთ?