გერმანიის ველოსიპედების დედაქალაქი და გოგონა, რომელსაც თან მხოლოდ იმედები ახლდა


კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მიუნსტერში!!!

ეს ის ქალაქია, სადაც ყოველ ღამე ღრმა ძილშიც კი ჩაგესმით წვიმისა და ჭექა-ქუხილის ხმა, გგონიათ, რომ არასდროს გადაიღებს, თუმცა დილით ამჩნევთ ხეების ფოთლებზე დაცემული წვიმის წვეთებისა და მზის შერწყმას და იხსენებთ, რომ არ არსებობს ღამე, რომელიც არ გათენდება. არ არსებობს დაბრკოლება, რომელიც არ გადაილახება. დიახ! ეს მიუნსტერია! Herzlich Willkommen! 

აგვისტოს 4.

თენდება - აეროპორტის ხმაური და მაგარი ჩაი მაფხიზლებს, ან უფრო იმის გაცნობიერება, რომ ყველა მგზავრის ჩემოდანი ადგილზეა, მხოლოდ ჩემი არ ჩანს. აი ის ჩემოდანი, დედამ რომ „მიწილადა ამ ერთხელ“, მუქი ვარდისფერი, ტევადი და რაც მთავარია, მოდური. თუმცა სწორედ ამ ტევადმა ჩანთამ ვერ მომაგნო და მას შემდეგ, რაც მთელი 1 საათი გაუნძრევლად ვიდექი აეროპორტში, მხარზე ხელი დამადეს და მირჩიეს განცხადება დამეწერა - ღმერთია მოწმე, მხარზე შეხება მართლაც თანაგრძნობის უტყუარი ჟესტია, მეც ნაძალადევად გავიღიმე და წავედი...“უკანასკნელი იმედი, უკანასკნელი ჩემოდანი - ნეტა რა მოხდებოდა ო ჰენრის „უკანასკნელი ფოთოლის“ ნაცვლად უკანასკნელი ჩემოდანი რომ დაეწერა? „ვფიქრობ და ვხვდები, რომ რაღაც რიგზე ვერ არის. ყველაფერი დასრულდა, პატარა ლურჯი ჩანთის ამარა ვტოვებ აეროპორტს, თუმცა გეფიცებით, არ ვდარდობ"... 

 

ისეთი შეგრძნებაა, თითქოს უცაბედად მარსზე აღმოჩნდი, ყველასა და ყველაფრის გარეშე, მაგრამ მთავარი თან გახლავს - იმედი! იწყებ ბრძოლას, (ნაკლებად მგრძნობიარე ადამიანი ამას მოქმედებას დაარქმევდა). ესწრები ლექციებს, თუმცა გერმანული ენის გრამატიკის სავარჯიშოების წერისას შიგადაშიგ ვარდისფერი ჩემოდანი ამოტივტივდება გონებაში, მერე ისევ ჩაიძირება და ასე... საქართველოში ჰგონიათ, რომ ყველაფერი რიგზეა, ანდა რა აზრი აქვს არასასიამოვნო ინფორმაციის გავრცელებას მაშინ, როცა ვერავინ დაგეხმარება. დადიხარ ასე მარტო შენ და შენი ლურჯი ჩანთა და ამ „გაჭირვების ჟამს“ ხვდები, რომ გიყვარს ეს ქალაქი და მასაც უყვარხარ, უყვარხარ ისეთი, როგორიც ხარ, ცარიელი, თუმცა სიყვარულითა და იმედით სავსე. როცა ასეთი ხარ, ყველა მიგიღებს, მათ შორის ისეთი ქალაქიც, სადაც პირველად ხარ.

რამდენიმე დღის შემდეგ ზარი ტელეფონზე... იწერენ მისამართს და საღამოს სარკესთან „selfie“-ს ვიღებ ვარდისფერ ჩემოდანთან - ვიღიმი და ვხვდები, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, შეიძლება გქონდეს იმედი და მაშინ ყველაფერს შეძლებ! 

ვიცვამ კაბას, რომელიც მხოლოდ მიუნსტერის ტბასთან ველოსიპედით სეირნობისას შეიძლება მოუხდეს გოგონას, რომელმაც დაკარგა ჩემოდანი, მაგრამ არ დაკარგა იმედი. გოგონას, რომელმაც შეიყვარა მიუნსტერი იმ გულწრფელი სიყვარულით, რომელსაც შეუძლია სიგიჟეები ჩაგადენინოს, გოგონას, რომელსაც არასდროს ანაღვლებს მიაღწევს თუ არა მისი ჩემოდანი დანიშნულების ადგილს, მთავარია რომ თავად იქნება იქ, სადაც მას უნდა, რომ იყოს!

Herzlich Willkommen ! Das ist Münster!


ანა ბიბილეიშვილი

 

| გააზიარე
მოგწონთ?